მერაბ (ნიკო) კვიტაშვილი (დ. 2 ივლისი, 1902, სოფელი ველევი, რუსეთის იმპერია — გ. იანვარი, 1991) — ქართველი ინჟინერი, ჟურნალისტი, სამხედრო პირი. ქართული ემიგრაციის წარმომადგენელი.

დაიბადა სოფელ ველევში. მამამ, სიმონ მერაბის ძე კვიტაშვილმა XIX საუკინის 80-იანი წლების ბოლოს დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტი და იურისტის დიპლომით დაბრუნდა საქართველოში. დედა მართა (მათიკო) თავად პლატონ მიქელაძის ასული იყო. სიმონს და მართას ოთხი შვილი – ნინო, მერაბი, თამარი და ვახტანგი შეეძინათ.

დაამთავრა ოფიცერთა და სამხედრო სადაზვერვო-საინფორმაციო სკოლა.

1918 წელს მერაბ კვიტაშვილი ახლად დაარსებული ქართული უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. 1919 წელს, მერაბ კვიტაშვილის ოჯახი ლონდონში გადასახლდა და გვარად „კეი“ მიიღო. მერაბი ჯერ ინგლისური ენის შემსწავლელ სკოლაში სწავლობდა, შემდეგ ოქსფორდის ორუელის კოლეჯში ჩაირიცხა. სწავლის ფულს ის ინგლისური ფირმა იხდიდა, რომელშიც მამამისი მუშაობდა. საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, ფირმამ დაფინანსება შეუწყვიტა, ამიტომ მერაბი ბირმინგემის უნივერსიტეტში გადავიდა და სამთამანდო ტექნოლოგიების ფაკულტეტი დაამთავრა.

იმუშავა დიდი ბრიტანეთის იმპერიაში შემავალ მრავალ ქვეყანაში და დიდი ავტორიტეტი მოიპოვა. მეორე მსოფლიო ომის დაწყების დროს ის აფრიკაში, განაში, ოქროს მადნის გადამამუშავებელი ქარხნის დირექტორად მუშაობდა; მაშინვე მიიღო ბრიტანეთის ქვეშევრდომობა და არმიაში ჩაირიცხა.

ორი წლის განმავლობაში ჩრდილოეთ აფრიკაში შტაბში მუშაობდა და საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობდა. დაჭრილი იყო რამდენიმეჯერ, მათ შორის, ერთხელ – თავში და დროებით მხედველობაც დაკარგა; მსახურობდა მაიორის, შემდეგ პოლკოვნიკის ჩინით. წარდგენილი იყო გენერლის ხარისხზეც, თუმცა ომის დამთავრების გამო ჩინის მიღება ვერ მოასწრო.

ომის დროს თავი გამოიჩინა დიპლომატიური გამჭრიახობით და მერაბ კვიტაშვილი უინსტონ ჩერჩილის მრჩეველი გახდა საბჭოთა კავშირის საკითხებში. 1943 წლის ნოემბერში თეირანის კონფერენციაზე შედიოდა ბრიტანეთის დელეგაციაში.

ომის შემდეგ მერაბ კვიტაშვილი ლონდონში დაბრუნდა. 1951 წელს პარიზში დაბადებულ რუს ემიგრანტ ირინა კედროვაზე დაქორწინდა. 1952 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ–იორკში გადასახლდა. ერეკლე ორბელიანმა ის ვაშინგტონში „ამერიკის ხმის“ რედაქციაში სამუშაოდ მიიწვია. მუშაობდა ფსევდინიმით „ნიკო რაჭველი“. იმავდროულად იყო პარიზში დაარსებული ჟურნალის „ბედი ქართლისა“ კორესპონდენტი. 1963 წელს იგი ქართული რედაქციის დირექტორად დანიშნეს. დაძაბული ცხოვრების რიტმის გამო, რამდენჯერმე მოუვიდა გულის შეტევა, ამიტომ 1972 წელს პენსიაში გავიდა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება