მელი-ღელე — არქეოლოგიური ძეგლი სოფელ მელაანის სამხრეთით დაახლოებით 7 კმ-ზე, მელი-ღელეს მარჯვენას ნაპირას (გურჯაანის მუნიცპალიტეტი). გათხრილია სხვადასხვა დროის 2 სამლოცველო.

მელი-ღელე I თარიღდება ძვ. წ. XIV-XIII საუკუნეებით. იგი წარმოადგენს 60 მ დიამეტრის შემაღლებულ მოედანს, რომელსაც რიყის ქვები აქვს შემოვლებული და გამოყოფილია 2 მ სიგანის და 0,60 მ სიღრმის თხრილით. სამლოცველო მოედანზე აღმოჩნდა 2 დიდი ორმო, რომელშიც იყო ხის წმინდა ნაცარი და მასში შერეული სხვადასხვა ნივთი. ორმოების ცენტრში, ფსკერზე ნაცრით სავსე თიხის დიდი ჭურჭლები იდგა. მელი-ღელე I-ზე ნაპოვნია მრავალი ნივთი. თიხის ჭურჭლის ნაწილი შემკულია ნადირობის სცენებით. აღმოჩენილია ობსიდიანის ისრისპირები (მათ შორის იმიტაციებიც), სამკაული, რამდენიმე მახვილის იმიტაცია, თიხის საბეჭდავები (მათზე გამოსახულია მნათობით სიმბოლოები: სვასტიკა, ჯვარი, სპირალი და სხვა), თიხისა და ბრინჯაოს შიშველი ქალის ქანდაკებები, რომელთაგან ზოგს ნიღაბი უკეთია. ძეგლის შემაღლებული მოედნის ცენტრალურ ნაწილში ცხოველთა სტილიზებული გამოსახულებები გამოვლინდა, რომლებიც ნაცარითა და დამწვარი ძვლით იყო ინკრუსტირებული.

მელი-ღელე II უშუალოდ ებჯინება მელი-ღელე I-ს ჩრდილო-აღმოსავლეთიდან და ერთგან ფარავს მას. მელი-ღელე II თარიღდება ძვ. წ. I ათასწლეულის I ნახევრით. სამლოცველოს დიამეტრი 80 მ-ია, რომელიც შემოზღუდულია 1 მ სიმაღლისა და 10 მ სიგანის კედლით. ზღუდე შედგება ტერასებად სამრიგად განლაგებული რიყის ქვებისაგან. წრეებს შორის ასეთივე კონსტრუქციის ტიხრებია. ქვებს შორის ჯგუფებად განლაგებულია რკინის ნივთები (იარაღი და სამკაული). აქვე გამოვლინდა ობსიდიანის ანატკეცების რამდენიმე ჯგუფი. მსგავსი კონსტრუქციისა არაშენდასთან აღმოჩენილი ამავე დროის სამლოცველოს ზღუდე. მელი-ღელეს ცენტრალურ ნაწილში აღმოჩნდა რამდენიმე ბრტყელძირა ქვევრის ფსკერი, მამაკაცისა და ცხენის მცირე ზომის ბრინჯაოს ქანდაკება. ერთ ადგილას გამოვლინდა რიყის ქვების წრე, რომლის ცენტრალური ნაწილი შევსებული იყო წმინდა ნაცრით. მელი-ღელე II-ზე მოპოვებული მასალის მსგავსი მრავლადაა აღმოჩენილი ამიერკავკასიის ტერიტორიაზე.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ფიცხელაური კ., აღმოსავლეთ საქართველოს ტომთა ისტორიის ძირითადი პრობლემები (ძვ. წ. XV-VII სს.), თბ., 1973;