მელაანის პირველი სამლოცველო
მელაანის პირველი სამლოცველო — არქეოლოგიური ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაანის სამხრეთ განაპირას, ზ. ბიძინაშვილის კარ-მიდამოში. განეკუთვნება ძველი წელთაღრიცხვით II ათასწლეულის დასასრულს და I ათასწლეულის საწყის საუკუნეებს.
მიწის სამუშაოების დროს შემთხვევით აღმოჩენილ სამლოცველოზე 1995 წელს არქეოლოგიური გათხრები ჩატარდა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის, კახეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი კ. ფიცხელაური). ძეგლის უმეტესი ნაწილი განადგურებულია. დანარჩენ ნაწილებში სტრატიგრაფიულად დასტურდა ჰუმუსოვანი ფენა, (სისქე 0,25 მეტრი) და მის ქვეშ კულტურული ფენა, რომლის ზედაც ჰორიზონტი წარმოადგენდა ცეცხლისგან წვრილად დახეთქილი რიყის ქვის ყრილს (სისქე 0,2 მეტრი) გათხრილ ფართობზე მასალის ძირითადი ნაწილი შეჯგუფებული იყო ორგანგრუნტში სანახევროდ ჩადგმულ თიხის ჭურჭელში და მათ გარშემო. ორგან ნაცრითა და ნახშირით სავსე ორმოებში და მათ ირგვლივ. ერთგან რიყის მთლიანი ქვების გროვის ქვეშ აღმოჩნდა, თიხის ჭურჭლის ათასამდე ერთეულის ფრაგმენტი. ლითონის ნივთებიდან 234 საომარი იარაღი და ცხენის აკაზმულობის ფრაგმენტი. დანარჩენი 70 ნივთი საკულტო და სამეურნეო დანიშნულებისაა.
ძეგლის კულტურული ფენის აღნაგობა, ფენაში ნივთების განლაგება, მათი დანიშნულება, რაოდენობა და მისი განცალკევებული მდებარეობა მიუთითებს, რომ ეს იყო სამოსახლოსგან გამოყოფილი საკულტო ძეგლი-სამლოცველო, სავარაუდოდ ნაყოფიერებისა და ომის ღმერთის. აღმოჩენილი ნივთების რაოდენობის მიხედვით სამლოცველო ერთ სამოსახლოს კუთვნილი არ უნდა იყოს. იგი შესაძლოა ტომობრივი ან სხვა გაერთიანების საკულტო ძეგლს წარმოადგენდა. სამლოცველოს რამდენიმე საუკუნის განმავლობაში უარსებია. მომხვდურ მტერს, იგი დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვით VII საუკუნეში გაუნადგურებია.
მასალა ინახება საქართველოს ეროვნული მუზეუმის, გურჯაანის ისტორიულ ეთნოგრაფიულ მუზეუმში.
ლიტერატურა
რედაქტირება- მაისურაძე, ბ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 216.