მამია ალასანია (დ. 6 მაისი, 1943, ანაკლია — გ. 27 სექტემბერი, 1993, სოხუმი) — ქართველი საქართველოს უშიშროების პოლკოვნიკი, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის განყოფილების უფროსი (30 სექტემბერი, 1986 – 1 ნოემბერი, 1988 წ.). საქართველოს ეროვნული გმირი.

მამია ალასანია

ბიოგრაფია რედაქტირება

1943 წლის 6 მაისს ზუგდიდის რაიონის სოფელ ანაკლიაში, გიორგობის დღეს დაიბადა მამია ალასანია. იმავე წელს ალასანიების ოჯახი ზუგდიდში გადასახლდა. მამია ალასანიამ 1961 წელს ზუგდიდის №1 საშუალო სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა.

მან სწავლა განაგრძო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე, რომლის დამთავრების შემდეგ ისევ ზუგდიდში დაბრუნდა. იგი ექვსი თვის განმავლობაში მუშაობდა ზუგდიდის ენგურქაღალდკომბინატში ინჟინრად, ვიდრე არ გაემგზავრა მოსკოვში 1967 წელს, რათა მოსკოვის უშიშროების კომიტეტის უმაღლესი სკოლის სტუდენტი გამხდარიყო. 1970 წელს, სკოლის დამთავრების შემდეგ, მამია ალასანია მუშაობას შეუდგა ბათუმში აჭარის უშიშროების კომიტეტის სისტემაში. ბათუმში მუშაობის პერიოდში მამია ალასანია დაოჯახდა.

მამია ალასანია 1974 წლიდან სამუშაოდ თბილისში უშიშროების კომიტეტის ცენტრალურ აპარატში გადავიდა და სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობდა, მოგვიანებით კი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის უშიშროების კომიტეტის უფროსი გახდა.

1980-81 წლებში ორჯერ, 6 და 9 თვით, ოპერატიული დავალებით მივლინებულ იქნა ავღანეთში.

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ხდება ეროვნული უშიშროების სამსახურის ჩამოყალიბება საინფორმაციო სადაზვერვო ბიუროდ, რომლის შექმნისთანავე მამია ალასანია ბიუროს უფროსის მოადგილედ დაინიშნა. 1992-93 წლებში იგი სპეციალური დავალებით, კონკრეტულად კი სამოქალაქო დაპირისპირების აღმოფხვრის მიზნით, გაგზავნეს სამეგრელოს რეგიონში.

შემდეგ იყო ომი აფხაზეთში. 1993 წლის 27 სექტემბერს, ქალაქ სოხუმში სეპარატისტებმა ორმოცდაათი წლის მამია ალასანია მოკლეს.

2017 წლის ოქტომბერში მამია ალასანიას ნეშტი იდენტიფიცირებულ იქნა და სამხედრო პატივით დაიკრძალა თბილისში.[1][2][3].

ჯილდოები, პრემიები და პრიზები რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება