მაკალათიების ოდა-სახლი
მაკალათიების ოდა-სახლი — არქიტექტურული ძეგლი, აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთის ტერიტორიაზე, ცენტრალური გზის სიახლოვეს, მოვაკებულ ადგილას.
ერთსართულიანი ოდა-სახლი აგებულია ხის მასალისგან (წაბლი, მუხა) და დაბურულია კრამიტის სახურავით. შედგება ოთხი ოთახისგან. ინტერიერში, მთავარი ოთახის ცენტრალურ ნაწილში ბუხარია გამართული, რომელიც სხვადასხვა ოთახებში ნაწილდება. აივანზე გამავალი ფიცრული კედელი დანაწევრებულია პროფილირებული ჩარჩოთი შემოზღუდული თაღოვანი კარ-სარკმლის ღიობებით, სადაც ჩართულია ხის კარები, მართკუთხა მოყვანილობის ხის დარაბებიანი შემინული ფანჯრები და მათ თავზე მოქცეული ასევე შემინული, დეკორატიულად დანაწევრებული ნახევარწრიული მონაკვეთები. სახლის ხის აივანი შედგება სვეტებს შორის მოქცეული რიკულებიანი მოაჯირისგან და წაგრძელებული სწორკუთხედის მოყვანილობის, ჭვირულგამოსახულებიანი ფარდებისგან. აივნის ერთ კიდეში მოწყობილია ფიცრის კარები სადაც ეზოდან შევდივართ მასიური, ექვსსაფეხურიანი კიბით. აივნის ქვეშ მიუყვება აგურით ამოშენებული საძირკველი, რომელშიც დატანებულია თაღოვანი ღიობები (საძირკველი გამოცვლილია ახალი ნაშენი აგურით და ცემენტით). ღირებული მახასიათებლები: ერთსართულიანი კოლხური ოდა-სახლის ტიპი, ხის რიკულებიანი მოაჯირით და ჭვირულგამოსახულებიანი ფარდებით გაფორმებული აივანი, კრამიტის სახურავი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 26686