ლუდოვიკო სავოიელი

ლუდოვიკო სავოიელი (იტალ. Ludovico di Savoia; დ. 24 თებერვალი, 1413, ჟენევა — გ. 29 იანვარი, 1465, ლიონი) — სავოიის მეორე ჰერცოგი 1440-1465 წლებში. სავოიის ჰერცოგ ამადეო VIII-ისა და მარი ბურგუნდიელის ვაჟი.

ლუდოვიკო სავოიელი
სავოიის ჰერცოგი
მმართ. დასაწყისი: 6 იანვარი, 1440
მმართ. დასასრული: 29 იანვარი, 1465
წინამორბედი: ამადეო VIII
მემკვიდრე: ამადეო IX
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 24 თებერვალი, 1413
დაბ. ადგილი: ჟენევა
გარდ. თარიღი: 29 იანვარი, 1465, (51 წლის)
გარდ. ადგილი: ლიონი
მეუღლე: ანა კვიპროსელი
შვილები: ამადეო IX, სავოიის ჰერცოგი
ფილიპო II, სავოიის ჰერცოგი
შარლოტა, საფრანგეთის დედოფალი
ბონა, მილანის ჰერცოგინია
დინასტია: სავოიელები
მამა: ამადეო VIII, სავოიის ჰერცოგი
დედა: მარი ბურგუნდიელი
რელიგია: კათოლიციზმი

ბიოგრაფია რედაქტირება

ლუდოვიკო დაიბადა 1413 წლის 24 თებერვალს ჟენევაში. იგი იყო სავოიის ჰერცოგ ამადეო VIII-ისა და მისი მეუღლის, მარი ბურგუნდიელის უფროსი ვაჟი. როგორც მათი ტახტის მემკვიდრე, იგი პიემონტის პრინცის წოდებას ატარებდა. 1433 წლის 1 ნოემბერს, ქალაქ შამბერში ლუდოვიკო დაქორწინდა ანა კვიპროსელზე, კვიპროსის, კილიკიის სომხეთისა და იერუსალიმის მეფე იანუსის ქალიშვილზე. ქორწინების პირველი წლები წყვილი ალამანის სასახლეში ცხოვრობდა (დღევანდელი შვეიცარია), თუმცა 1440 წელს ამადეო VIII ტახტიდან გადადგა, რის შემდეგაც ლუდოვიკო სავოიის ჰერცოგი გახდა და სამეფო რეზიდენციაში გადასვლა მოუწიათ.

1447-50 წლებში, მილანში ჩამოყალიბებული ამბროსიანელთა რესპუბლიკის დროს, ლუდოვიკომ მილანის შემოერთება სცადა, თუმცა დამარცხდა. სწორედ ამიტომ, იგი აქტიურ პოლიტიკას აწარმოებდა მილანის აღდგენილ ჰერცოგ გალეაცო მარიასთან, რომელსაც შემდეგში თავისი ქალიშვილიც მიათხოვა ალიანსის შესაქმნელად.

1452 წელს მან იყიდა ქრისტეს სუდარა, რომელიც შემდეგში ტურინის სუდარის სახელით იყო ცნობილი, რადგან ტურინში ინახებოდა. აღნიშნული სუდარა 1946 წლამდე იყო სავოიელთა საგვარეულოს საკუთრება, რის შემდეგაც მან იტალიის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიიღო და მუზეუმში გადაინაცვლა.

ლუდოვიკო გარდაიცვალა 1465 წლის 29 იანვარს ლიონში, საფრანგეთში, სადაც იგი თავის ქალიშვილს, დედოფალ შარლოტას სტუმრობდა. მის შემდეგ ტახტი მისმა ვაჟმა ამადეო IX-მ დაიკავა.

შვილები რედაქტირება

  1. ამადეო IX (1435-1472), სავოიის ჰერცოგი 1465-1472 წლებში. ცოლად შეირთო საფრანგეთის მეფე შარლ VII-ის ასული იოლანდა ვალუა, რომელთანაც შეეძინა ათი შვილი, მათ შორის მომავალი ჰერცოგი ფილიბერტო I;
  2. ლუდოვიკო (1436-1482), ცოლად შეირთო კვიპროსის დედოფალი შარლოტა, რომელთან ერთადაც 1458-1464 წლებში მართავდა კვიპროსს;
  3. მარია (1437), გარდაიცვალა ჩვილი;
  4. ჯოვანა (1437-1440), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  5. ფილიპო II (1438-1497), სავოიის ჰერცოგი 1496-1497 წლებში. პირველად იქორწინა მარგარიტა დე ბურბონზე, რომელთანაც შეეძინა სამი შვილი, მათ შორის მომავალი ჰერცოგი ფილიბერტო II. დაქვრივების შემდეგ მან ცოლად შეირთო ბრეტონელი დიდებული კლაუდინა დე ბროსი, რომელთანაც შეეძინა ექვსი შვილი, მათ შორის მომავალი ჰერცოგი კარლო III;
  6. მარგერიტა (1439-1485), პირველად იქორწინა მონფერატის მარკიზ ჯოვანი IV პალეოლოგოსზე, მისი დაღუპვის შემდეგ კი ცოლად გაჰყვა სუასონისა და ბრიენის გრაფ პიერ II ლუქსემბურგელს;
  7. პიერო (1440-1458), ტარენტასიის არქიეპისკოპოსი;
  8. ჯანო (1440-1491), ჟენევას გრაფი, ცოლად შეირთო ელენა ლუქსემბურგელი, მაგრამ შვილები არ ჰყოლია;
  9. შარლოტა (1441-1483), ცოლად გაჰყვა საფრანგეთის მეფე ლუი XI-ს, რომელთანაც შეეძინა მომავალი მეფე შარლ VIII;
  10. აიმონი (1442-1443), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  11. ჯაკომო (1444-1445), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  12. აგნესა (1445-1509), ცოლად გაჰყვა ლუნევილის ჰერცოგ ფრანსუა ორლეანელს;
  13. ჯოვანი (1447-1482), ჟენევის ეპისკოპოსი;
  14. მარია (1448-1475), ცოლად გაჰყვა საფრანგეთის კონეტაბლ ლუი ლუქსემბურგელს;
  15. ბონა (1449-1503), ცოლად გაჰყვა მილანის ჰერცოგ გალეაცო მარია სფორცას, რომელთანაც შეეძინა მომავალი ჰერცოგი ჯან გალეაცო და ასევე საღვთო რომის იმპერატრიცა ბიანკა მარია სფორცა;
  16. ჯაკომო (1450-1486), რომონტის გრაფი;
  17. ანა (1452), გარდაიცვალა ჩვილი;
  18. ფრანჩესკო (1454-1490), ჟენევის ეპისკოპოსი;
  19. ჯოვანა (1455), გარდაიცვალა ჩვილი;

ლიტერატურა რედაქტირება

  • Fletcher, Stella (2000). The Longman Companion to Renaissance Europe, 1390-1530. Pearson Education Limited.
  • Grendler, Paul F. (2017). The Jesuits and Italian Universities, 1548-1773. The Catholic University of America Press.
  • Ward, A.W.; Prothero, G.W.; Leathes, Stanley, eds. (1911). The Cambridge Modern History. The Macmillan Company.