ლილოს გორასამარხები

ლილოს გორასამარხები — ბრინჯაოს ხანის გორასამარხები თბილისის აღმოსავლეთ ნაწილში, სადგურ ლილოსთან. გათხარეს 1962–1963 წლებში (საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ექსპედიცია, ხელმძღ. ე. გოგაძე).

შესწავლილია შუა ბრინჯაოს ხანის (დაახლ. ძვ. წ. XVII–XVI სს.) დიდი ქვა-მიწაყრილიანი გორასამარხი დასაკრძალავი ორმოთი (ორმოს ძირი 3 x 3 მ), სადაც აღმოჩნდა ე. წ. თრიალეთური ტიპის კერამიკა, ბრინჯაოს იარაღი (მ. შ. ეგეოსური ტიპის ბრინჯაოს საძგერებელი გრძელი მახვილი), ოქროსა და სხვა მასალის სამკაული, მსხვილფეხა რქოსანი საქონლის ძვლები. ადამიანის ძვლები არ აღმოჩენილა, რაც შესაძლოა დაკრძალვის კრემაციულ წესზე მიუთითებდეს.

აქვე გათხარეს აგრეთვე შუა ბრინჯაოს ხანიდან გვიანდელზე გარდამავალი ხანის (დაახლ. ძვ. წ. XVI ს. დასასრული – XIV ს.) მომცრო ზომის ქვაყრილიანი (10 x 12 მ) 8 გორასამარხი დასაკრძალავი ორმოებით, სადაც აღმოჩნდა ადამიანის ძვლები. სამარხთა ნაწილი უინვენტარო იყო, ნაწილში ნაპოვნია თიხის (შავპრიალა, ჰორიზონტალურხაზებიანი მოყავისფრო) ჭურჭელი, ბრინჯაოს სადა სატევრები, ოქროს, ქვისა და პასტის მძივები, წვრილფეხა საქონლის ძვლები.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ფიცხელაური კ., აღმოსავლეთ საქართველოს ტომთა ისტორიის ძირითადი პრობლემები (ძვ. წ. XV—VII სს.), თბ., 1973.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება