ლიგუსტიკუმი
ლიგუსტიკუმი, არაფის ლიგუსტიკუმი (Ligusticum arafoe Albov) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე ქოლგოსანთა ოჯახიდან (Umbelliferae). კავკასიის იშვიათი ენდემური რელიქტური სახეობაა. საქართველოში მხოლოდ ჩრდილოეთ აფხაზეთში (ბზიფის ქედი) გვხვდება, საქართველოს გარეთ – ჩრდილო-დასავლეთ კავკასიაში. იზრდება ზ. დ. 1600-2100 მეტრ სიმაღლეზე ტყის ზედა და სუბალპურ სარტყლებში –კირქვიანებზე, ტყის პირას, მდელოებსა და მაღალბალახეულში. გვხვდება პატარ-პატარა ჯგუფებად. მრავლდება თესლით. აფხაზეთში ამ მცენარის სურნელოვან ფესვურებს ადგილობრივი მოსახლეობა იყენებს თამბაქოს არომატიზაციისათვის. შეტანილია საქართველოს წითელ ნუსხაში.