კარლ ლიბკნეხტი

(გადამისამართდა გვერდიდან ლიბკნეხტი, კარლ)

კარლ ლიბკნეხტი ( გერმ. Karl Liebknecht დ. 13 აგვისტო, 1871, ლაიფციგი — გ. 15 იანვარი, 1919, ბერლინი) — გერმანელი პოლიტიკოსი, გერმანიისა და საერთაშორისო მუშათა მოძრაობის მოღვაწე. კარლ პოლ ავგუსტ ფრიდრიხ ლიბკნეხტი იყო გერმანელი სოციალისტი, რომელიც თავიდან გახლდათ სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი (SPD) მოგვიანებით კი „სპარტაკის ლიგის“ თანადამფუძნებელთა შორის აღმოჩნდა. „სპარტაკის ლიგის“ კიდევ ერთი ცნობილი წარმომადგენელი როზა ლუქსემბურგი იყო. „სპარტაკის ლიგა“ მომავალში გერმანიის კომუნისტურ პარტიად გარდაიქმნა და შესაბამისად, კარლ ლიბკნეხტმაც გაწყვიტა კავშირი სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობასთან. მისი როლი ვაიმერის რესპუბლიკის ულტრამემარცხენე ძალების კონსოლიდაციის საქმეში დიდია. იგი გარდაცვალებამდე კომუნისტური პარტიის რამდენიმე სამხედრო-შეიარაღებულ გამოსვლას ხელმძღვანელობა. თუმცა, კარლმა სახელი რაიხსტაგში თავისი მოღვაწეობით გაითქვა, სადაც იგი კატეგორიულად უპირისპირდებოდა პირველი მსოფლიო ომის დაწყებას. 1918-1919 წლებში კარლ ლიბკნეხტმა რამდენჯერმე სცადა გერმანიის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის გამოცხადების მიზნით აჯანყების ორგანიზება. ერთ-ერთი შეტაკებისა და პატიმრობის შემდეგ „თავისუფალი კორპუსის“ დანაყოფებმა, (პირველი მსოფლიო ომის ვეტერანების მიერ ჩამოყალიბებულმა პარამილიტარულმა დანაყოფებმა) როზა ლუქსემბურგი და კარლ ლიბკნეხტი სიკვდილით დასაჯეს.

კარლ ლიბკნეხტი
გერმ. Karl Liebknecht
Karl Liebknecht.jpg
KLiebknecht.jpg
დაბ. თარიღი 13 აგვისტო 1871(1871-08-13)[1] [2] , 1871[3] ან 13 ნოემბერი 1871(1871-11-13)[4]
დაბ. ადგილი ლაიფციგი[5]
გარდ. თარიღი 15 იანვარი 1919(1919-01-15)[5] [1] [6] [7] [8] [4]
გარდ. ადგილი ბერლინი[5] [4]
მოქალაქეობა Flag of the German Empire.svg გერმანიის იმპერია
Flag of Germany.svg გერმანია[4]
განათლება ლაიფციგის უნივერსიტეტი, ფრიდრიხ ვილჰელმის უნივერსიტეტი, ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი და ვიურცბურგის უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი დოქტორის ხარისხი
მამა ვილჰელმ ლიბკნეხტი
მეუღლე/ები Sophie Liebknecht
შვილ(ებ)ი Robert Liebknecht

ბიოგრაფიარედაქტირება

1900 წლიდან იყო გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი. ებრძოდა გერმანულ კაპიტალიზმსა და მილიტარიზმს. მხარს უჭერდა რუსეთის 1905-1907 წლების რევოლუციას. 1907 წელს დააარსა ახალგაზრდობის ინტერნაციონალური მოძრაობა. 1912 წლიდან იყო რაიხსტაგის წევრი. პირველი მსოფლიო ომის დროს გამოდიოდა ომის წინააღმდეგ. 1917 წლის ოქტომბერში მხარს უჭერდა ბოლშევიკურ გადატრიალებას. 1919 წლიდან როზა ლუქსემბურგთან ერთად იყო გერმანიაში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისთვის ბრძოლის ერთ-ერთი ხელმძღვანელი.

ადრეული ცხოვრებარედაქტირება

კარლ ლიბკნეხტი დაიბადა გერმანიის ქალაქ ლაიფციგში, ვილჰელმ მარტინ ფილიპ კრისტიან ლუდვიგ ლიბკნეხტისა და მისი მეორე მეუღლის ნატალის ოჯახში, რომელიც ასევე მკაფიო პოლიტიკური პოზიციების მქონე ოჯახიდან იყო. ნატალის მამა - თეოდორი გახლდათ 1848 წლის ფრანკფურტის პარლამენტის წევრი.

კარლის მამა ცნობილი პოლიტიკოსი გახლდათ. იგი აუგუსტ ბებელთან ერთად ირიცხებოდა გერმანიის მარქსისტული სოციალურ-დემოკრატიული პარტიის თანადამფუძნებელთა შორის. კარლ ლიბკნეხტი სამართლისა და პოლიტიკური ეკონომიკის შესწავლის დროს ლაიფციგისა და ბერლინის უნივერსიტეტებში მარქსისტულ წრეებსა და საპროტესტო აქტივობებს ხელმძღვანელობა. 1893-1894 წლებში მომავალმა კომუნისტმა ლიდერმა პოსტდამის საიმპერატორო გვარდიის სამსახური გაიარა. 1894-1898 წლებში კი მოიპოვა დოქტორის ხარისხი ვურცბურგის უმაღლეს სასწავლებელში. 1899 წელს კი სამუშაოდ ბერლინში გადაბარგდა, სადაც ძმასთან, თეოდორ ლიბკნეხტთან და იურისტ ოსკარ კოინთან ერთად კერძო საადვოკატო ბიურო დააფუძნა. კარლ ლიბკნეხტი 1900 წლის 8 მაისს დაქორწინდა იულია პარადისზე, წყვილს ორი ვაჟი და ქალიშვილი ეყოლათ. ჯულია გარდაიცვალა 1911 წელს.

პოლიტიკური კარიერარედაქტირება

კარლი, როგორც იურისტი, ხშირად იცავდა მემარცხენე სოციალისტებს. სოციალისტებს ძირითადად სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობისთვის სჯიდნენ და ანტისახელმწიფოებრივ პროპაგანდაში ადანაშაულებდნენ. ლიბკნეხტი თანაუგრძნობდა მისი დაცვის ქვეშ მყოფი აქტივისტების ბრძოლას, ამიტომ ახალგაზრდა ადვოკატი 1900 წელს გერმანიის სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში გაწევრიანდა. 1907-1910 წლებში ლიბკნეხტმა პირველად მოიპოვა საერთაშორისო აღიარება, როდესაც იგი ახალგაზრდა სოციალისტთა საერთაშორისო საზოგადოების პრეზიდენტად აირჩიეს. მეოცე საუკუნის დასაწყისში იურისტი აქტიურად მოღვაწეობდა პუბლიცისტურ ასპარეზზეც. ის საკმაოდ ინტენსიურად აქვეყნებდა სტატიებს მილიტარიზმისა და ევროპული სახელმწიფოების მიერ შეიარაღებაზე დახარჯული თანხების განუხრელი ზრდის წინააღმდეგ.1904 წლის გამოსვლაში, რომელიც ბრემენის პარტიის კონფერენციაზე შედგა, მან დაჟინებით მიმართა თავის აუდიტორიას:

 
„მილიტარიზმი არის ჩვენი ყველაზე მომაკვდინებელი მტერი და მის წინააღმდეგ საბრძოლველად აუცილებელია ჯარისკაცთა შორის სოციალ-დემოკრატების რაოდენობის გაზრდა.“

მისი ერთ-ერთი ნაშრომის „Militarismus und Antimilitarismus“ გამო, ლიბკნეხტი 1907 წელს, ქალაქ გლატცში (პრუსია, სილეზია) დააკავეს და 18-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. იგი კიდევ მრავალი თვე იჯდებოდა საპყრობილეში, ერთ უცნაურ შემთხვევას რომ არ შეეცვალა მისი ცხოვრება. დაკავებიდან ერთი წელიც არ იყო გასული, როდესაც იგი ოპოზიციურმა პარტიებმა პრუსიის რეგიონალურ პარლამენტში დეპუტატობის კანდიდატად წარადგინეს. პატიმარმა პაციფისტმა არჩევნები საპყრობილიდან მოიგო. რეგიონის მოსახლეობამ თავისი ბედი ანდო ხელისუფლების მიერ დამნაშავედ გამოცხადებულ ადამიანს, რომელიც ევროპულ ერებს შორის მშვიდობისა და სოციალური საკითხების აქტუალიზების მოთხოვნით გამოდიოდა.

ლიბკნეხტი იყო სოციალისტთა მეორე საერთაშორისო ორგანიზაციის აქტიური წევრი და სოციალისტური ახალგაზრდული - ინტერნაციონალის დამაარსებელი. 1912 წელს ლიბკნეხტი აირჩიეს რაიხსტაგში, სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიიდან. იგი ეწინააღმდეგებოდა გერმანიის მონაწილეობას პირველ მსოფლიო ომში. პირველ მსოფლიო ომში გერმანიის მონაწილეობასთან დაკავშირებით კარლ ლიბკნეხტის მიერ გამოხატული პოზიციის შესახებ გერმანული პოლიტიკის ერთ-ერთი მკვლევარი წერს: „ლიბკნეხტის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი 1914 წელს დადგა. ომის დაწყებამდე მთელ კონტინენტზე მდგომარეობა უაღრესად დაიძაბა. პაციფისტების უდიდესმა უმრავლესობამ უარი თქვა მშვიდობის დაცვის ღირებულებაზე. ოპოზიციონერებმა დაივიწყეს თავიანთი თავდაპირველი ხედვები იმპერიალიზმისა და ომის თაობაზე. კარლ ლიბკნეხტი კი ძველებურად ამტკიცებდა, რომ ევროპელ ჯარისკაცებს ერთმანეთთან არაფერი ჰქონდათ საომარი. მისი აზრით, მოქალაქეებს ბრძოლა თავიანთი ქვეყნების შიგნით ავტორიტარული რეჟიმების წინააღმდეგ უნდა ეწარმოებინათ და უშედეგო საერთაშორისო სისხლისღვრაზე კატაგორიული უარი განეცხადებინათ. 2 დეკემბერს რაიხსტაგმა კენჭი უყარა ომის კრედიტს, ომის კანონს. რაიხსტაგის 397 დეპუტატიდან მხოლოდ ერთი ასაბუთებდა იმას, რომ მასებს ომი სასიკეთოს ვერაფერს მოუტანდა. იმპერიალიზმის ერთადერთი ერთგული მოწინააღმდეგე, ომის კრედიტის წინააღმდეგ მიცემული ერთადერთი ხმის ავტორი კარლ ლიბკნეხტი აღმოჩნდა.

იმავე წლის ოქტომბერში, იგი დაქორწინდა მეორე მეუღლეზე, ხელოვნების ისტორიკოს სოფი რისზე. 1914 წლის ბოლოს, ლიბკნეხტმა, როზა ლუქსემბურგთან, ლეო ჯოგიჩესთან, პოლ ლევისთან, ერნესტ მეირთან, ფრანც მერინინგთან და კლარა ცეტკინთან ერთად, ჩამოაყალიბა ე. წ. „სპარტაკის ლიგა“ (სპარტაკუსბუნდი). „სპარტაკის ლიგამ“ გამოაქვეყნა თავისი შეხედულებები გაზეთში - Spartakusbriefe, რომელიც მალევე უკანონოდ გამოცხადდა. ლიბკნეხტი დააპატიმრეს და პირველი მსოფლიო ომის დროს პარლამენტარის იმუნიტეტის მიუხედავად აღმოსავლეთ ფრონტზე გაგზავნეს. მან უარი თქვა ბრძოლაზე,

იგი გარდაცვლილებს კრძალავდა და მისი ჯანმრთელობის სწრაფად გაუარესების გამო, 1915 წლის ოქტომბერში, იძულებულნი გახდნენ დაებრუნებინათ გერმანიაში.

ლიბკნეხტი 1916 წლის 1 მაისს ბერლინში გამართული ომის წინააღმდეგ მოწყობილი მიტინგის შემდეგ კვლავ დააპატიმრეს. „სპარტაკის ლიგის“ მიერ დაგეგმილ გამოსვლაში მონაწილეობის გამო დეპუტატს ორი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიესაჯა. სასამართლომ მას ღალატში დასდო ბრალი. მისი სასჯელი მოგვიანებით გაიზარდა და ოთხი წლითა და ერთი თვით პატიმრობის ვადით განისაზღვრა.

კონფლიქტი რევოლუციურ ძალებთანრედაქტირება

პირველ მსოფლიო ომში დამარცხების შემდეგ გერმანიაში რევოლუციური გამოსვლები დაიწყო. მასობრივი გაფიცვებით, საპროტესტო აქციებითა და სახელისუფლებო ძალებთან შეტაკებებით მოსახლეობა ჰოჰენცოლერთა დინასტიის დამხობას ითხოვდა. ნოემბერში რევოლუცია წარმატებით დასრულდა და სამეფო ოჯახმა უარი თქვა ტახტის მემკვიდრეობაზე. დემოკრატიული ძალების ლიდერებმა გერმანიის რესპუბლიკის შექმნა გამოაცხადეს. კარლ ლიბკნეხტი არ დაემორჩილა დემოკრატიულ ძალთა კოალიციას და რაიხსტაგის წინ გამართულ მიტინგზე ხალხს გერმანიის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის დაარსების შესახებ ამცნო, რითაც რევოლუციურ მოძრაობაზე ლიდერობის მოპოვება სცადა. მან უარი თქვა ახალ მთავრობაში შესვლაზე. ლიბკნეხტის წინადადება და განაცხადი პოლიტიკურმა კლასმა უარყო. აქედან გამომდინარე, იგი შეეცადა ხელახლა დაერაზმა რევოლუციური ძალები. ამჟამად საპროტესტო მოძრაობის სამიზნე კაიზერის დამხობის შემდეგ ჩამოყალიბებული დროებითი მთავრობა უნდა ყოფილიყო. ლიბკნეხტის მცდელობები უშედეგო აღმოჩნდა. დეკემბრის ბოლოს და იანვრის დასაწყისში დრობითი მთავრობის მიღმა დარჩენილმა მემარცხენე რადიკალებმა ოფიციალურად დააარსეს გერმანიის კომუნისტური პარტია.

რევოლუცია და სიკვდილირედაქტირება

გერმანიის რევოლუციის დაწყების შემდეგ, ლიბნეხტმა თავისი საქმიანობა განაგრძო „სპარტაკელთა ლიგასა“ და კომუნისტურ პარტიაში. მან განაახლა ჯგუფის ხელმძღვანელობა როზა ლუქსემბურგთან ერთად და დაიწყო მისი პარტიული ორგანოს, Die Rote Fahne (წითელი დროშა), გამოცემა. ლუქსემბურგთან, იოგიჩესა და ცეტკინთან ერთად, ლიბკნეხტიც მნიშვნელოვანი ფიგურა იყო 1919 წლის სპარტაკის ლიგის აჯანყებისას. თავდაპირველად ლიბკნეხტი და ლუქსემბურგი ეწინააღმდეგებოდნენ აჯანყებას, მაგრამ დროებით. მოგვიანებით ისინიც ჩაერთნენ მასში. აჯანყებას სასტიკად დაუპირისპირდა გერმანიის ახალი მთავრობა. კომუნისტთა აჯანყების წინააღმდეგ განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდნენ პრეზიდენტ ფრიდრიხ ებერტის მმართველობის პირველ თვეებში დაარსებული „თავისუფალი კორპუსის“ წარმომადგენლები, რომლებსაც ძირითადად ძალიან დიდი საომარი, საბრძოლო გამოცდილება ჰქონდათ.

13 იანვარს აჯანყება დასრულდა. ლიბკნეხტი და ლუქსემბურგი დაიჭირეს „თავისუფალი კორპუსის“ შენაერთებმა. 1919 წლის 15 იანვარს ჯარისკაცებმა ლიდერები მიიყვანეს ბერლინში მდებარე სასტუმრო „ედემში“, სადაც მათ მრავალი საათის განმავლობაში აწამებდნენ და ჰკითხავდნენ. ლუქსემბურგი ჯერ იარაღის ტარით სცემეს, შემდეგ სხეული დაუხვრიტეს და მისი გვამი ლენდვერის არხში გადააგდეს, ხოლო კარლ ლიბკნეხტი აიძულეს მანქანიდან გადასულიყო, როცა იგი გადაყავდათ სხვაგან და მას ზურგში ესროლეს. ოფიციალურ განცხადებებში ნათქვამია, რომ ის დახვრიტეს გაქცევის მცდელობისას. მიუხედავად ბევრი ვერსიისა „თავისუფალი კორპუსის“ კაპიტანი ვალდემარ პაბსტი5 ირწმუნებოდა, რომ: „მან ისინი სიკვდილით დასაჯა“.

დიდებარედაქტირება

კლარა ცეტკინმა გამოაქვეყნა ნეკლოროგი კარლ ლიბკნეხტისა და როზა ლუქსემბურგისთვის, სადაც ისინი მოიხსენია, როგორც გერმანიისთვის წამებულები. მხატვარმა ქეთე კოლვიტცმაც პატივი მიაგო კარლ ლიბკნეხტს და დახატა ის, რითაც უკვდავჰყო მისი სახელი. კარლის საპატივსაცემოდ სახელი შეეცვალა კურსკის მახლობლად მდებარე სოფელს ცენტრალურ რუსეთში. 1919 წლიდან ბერლინში ყოველწლიურად ტარდება ლიბკნეხტ-ლუქსემბურგის აქცია, ცნობილი, როგორც - მსოფლიოს უდიდესი დაკრძალვის აღლუმი და გერმანიის მემარცხენეების უდიდესი შეხვედრა. დღემდე ტარდება ლიბკნეხტ-ლუქსემბურგის დემონსტრაცია (ე. წ. L-L Demo) ყოველი იანვრის მეორე კვირას, რასაც 2016 წელს 14 000 ადამიანი დაესწრო მათ პატივსაცემად. არაერთი ძეგლი და მონუმენტი აღმართულა მათი ხსოვნისათვის. ქუჩებს, სკოლებს და საჯარო დაწესებულებებსაც კი მათ სახელს არქმევდნენ, კარლი მოხსენიებულია ლიტერატურის მრავალ ნაწარმოებებშიც. კარლ ლიბკნეხტის სახელს ატარებდა ქალაქ ბათუმის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩა.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიორედაქტირება

  1. 1.0 1.1 BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა, ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა და სხვ. Record #11857275X // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  3. Autoritats UB
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 WeChangEd
  5. 5.0 5.1 5.2 Либкнехт Карл // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  6. SNAC — 2010.
  7. filmportal.de — 2005.
  8. ბროკჰაუზის ენციკლოპედია