ლევან კიკნაძე (დ. 17 იანვარი, 1906, სოფ. კვალითი, ზესტაფონის რაიონი — გ. 1988) — ქართველი ინჟინერი. საქართველოს სსრ დამსახურებული ინჟინერი. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს III–IV მოწვევის დეპუტატი.

1932 წელს დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა მშენებლობის სპეციალობით.

1923 წელს დაიწყო შრომითი საქმიანობა სამთო მომპოვებელ ტრესტ „ჭიათურმანგანუმში“. 1932–1946 წლებში უმაღლესი განათლების მიღების შემდგომ მუშაობდა სამშენებლო ტრესტ „კოლხეთმშენში“ სამშენებლო უბნის უფროსის მოადგილედ, საპროექტო ჯგუფის ინჟინრად, სამშენებლო უბნისა და კოლხეთის სასისტემო სამმართველოს უფროსად; 1946–1949 წლებში იყო საქართველოს სსრ წყალთა მეურნეობის სამინისტროს კაპმშენებლობის სამმართველოს უფროსი. 1949–1962 წლებში — სამშენებლო ტრესტ „კოლხეთმშენის“ მმართველი. 1962–1965 წლებში იყო საქართველოს სახალხო მეურნეობის საბჭოს კაპმშენებლობის სამმართველოში მთავარი ინჟინერი. 1965–1982 წლებში საქართველოს სსრ კვების მრეწველობის სამინისტროს მშენებარე ობიექტების დირექციის დირექტორი. ხელმძღვანელობდა მრავალი მელიორაციული სისტემისა და ჰიდროტექნიკური ნაგებობის მშენებლობას, წლების განმავლობაში ემსახურებოდა კოლხეთის დაჭაობებული მიწების დაშრობა-ათვისებას. მისი ხელმძღვანელობით სამშენებლო ტრესტ „კოლხეთმშენის“ სახელოვანმა და მაღალკვალიფიციურმა საინჟინრო-ტექნიკურმა პერსონალმა არაერთი გამარჯვება და აღიარება მოიპოვა საბჭოთა კავშირის მასშტაბით. დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენით.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება