ლათინთა სამონეტო კავშირი

ლათინთა სამონეტო კავშირი — საერთაშორისო ეკონომიკური გაერთიანება. დაიდო საფრანგეთს, ბელგიას, იტალიას და შვეიცარიას შორის 1865 წელს. 1868 წელს შეუერთდა საბერძნეთი. კავშირი დაიდო ოქროს და ვერცხლის მონეტების მოჭრის უნიფიკაციის და ბიმეტალიზმის ბაზაზე, მყარი ფულადი მიმოქცევის შენარჩუნების მიზნით. სამონეტო კავშირის ტერიტორიაზე ნებადართული იყო ოქროს და ვერცხლის მონეტების თავისუფალი მოჭრა 15,5:1 შეფარდებისას. თითოეული წევრი ქვეყნის სალაროები იღებდნენ სხვა წევრი ქვეყნის მონეტებს გადასახადების ამოღებისას. XIX საუკუნის 70-იან წლებში ვერცხლის გაუფასურებამ და ევროპის მრავალ ქვეყანაში ოქროს მონომეტალიზმზე გადასვლამ გამოიწვია კავშირის წევრ ქვეყნებში ვერცხლის 5-ფრანკიანების სიუხვე და ამ ქვეყნებოდან ოქროს გატანის საშიშროება. ამან აიძულა კავშირის ქვეყნები ჯერ შეეზღუდათ, ხოლო შემდეგ შეეწყვიტათ ვერცხლის მონეტების მოჭრა. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ქაღალდის ფულის მიმოქცევის დაწყებამ აზრი დაუკარგა სამონეტო კავშირს და მან არსებობა შეწყვიტა 1927 წელს.

ლიტერატურა რედაქტირება