ლავროსი კალანდაძე
ლავროსი გიგილოს ძე კალანდაძე (დ. 23 დეკემბერი, 1903, ხიდისთავი — გ. 1 მაისი, 1977, თბილისი) — ქართველი კრიტიკოსი, მწერალი.
ბიოგრაფია
რედაქტირებაპირველდაწყებითი განათლება სოფლის სკოლაში მიიღო, სადაც 1915 წლამდე სწავლობდა. შემდეგ მუშაობდა დაქირავებულ მუშად სიღნაღსა და თბილისში. 1918 წლიდან სწავლობდა ჩოხატაურის გიმნაზიაში, სადაც ლიტერატურას ასწავლიდა ია ეკალაძე. 1920 წელს გადავიდა თბილისში. 1921 წლიდან ასწავლიდა ხიდისთავის სკოლაში. 1922-1924 წლებში ოზურგეთის მაზრის ხიდისთავის რაიკომის მდივანი იყო. 1925-1928 წლებში მსახურობდა არმიაში. 1929-1930 წლებში მუშაობდა გაზეთის რედაქტორად. 1930-1933 წლებში სწავლობდა მოსკოვში წითელი პროფესურის ენის, ლიტერატურისა და ხელოვნების ინსტიტუტში. 1934-1937 წლებში მუშაობდა სამტრედიაში. 1940 წლიდან მუშაობდა სახელგამში.
1923 წელს გამოაქვეყნა პირველი ნაწარმოები, ხოლო პირველი წიგნი „წერილები ლიტერატურაზე“ გამოაქვეყნა 1955 წელს. 1958 წელს რუსულ ენაზე გამოაქყვენა მონოგრაფია კონსტანტინე ლორთქიფანიძის შემოქმედებაზე, 1972 წელს „ლიტერატურული წერილები“, 1974 წელს „ლიტერატურული შენიშვნები“ რუსულ ენაზე, 1976 წელს „ლიტერატურული ნაფიქრები“.
კვლევის ინტერესები მოიცავდა, როგორც კლასიკოსთა, ასევე უახლესი ლიტერატურული ცხოვრების უმნიშვნელოვანეს მოვლენებს, თანამედროვე ახალგაზრდების შემოქმედებას. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ლიტერატურულ-კრიტიკული წერილები კ. ლორთქიფანიძის, ა. აბშელის, გ. ქუჩიშვილის, ს. ჩიქოვანის, გ. ტაბიძის, ა. მირცხულავას და სხვათა შემოქმედებაზე. მისი ნარკვევი . ბარათაშვილის შესახებგამოიცა რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ და სხვა ენებზე. კრიტიკოსის კალამს ეკუთვნის აგრეთვე ლიტერატურის თეორიისა და ესთეტიკური პრობლემებისადმი მიძღვნილი ვრცელი და ღრმაშინაარსიანი გამოკვლევები. დაჯილდოვებული იყო შრომის წითელი დროშის ორდენით და მედლებით. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 327.
- ლავროსი კალანდაძე // მწერალთა ავტობიოგრაფიები, ტ. II, თბილისი: ლიტერატურის მუზეუმი, 2013. — გვ. 169-174, ISBN 978-99940-28-85-6.
- ბაბუნაშვილი ზ., ნოზაძე თ., „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 200, თბ., 1994