კოქსქიმია — ქიმიისა და ქიმიური მრეწველობის დარგი, რომელიც შეისწავლის ბუნებრივი სათბობის (უმთავრესად ქვანახშირის) გარდაქმნას - კოქსვის საშუალებით კოქსად და სხვა ძვირფას პროდუქტებად. ძირითადი კოქსქიმიური წარმოების პროდუქტებია: კოქსის აირი, ნედლი ბენზოლის, ქვანახშირის ფისის და ამიაკის წყლის გადამუშავების პროდუქტები.

კოქსვას ატარებენ მაღალი წარმადობის საკოქსავ ღუმლებში. კოქსვისათვის საჭირო ნედლეულია ქვანახშირის სპეციალური სახეობანი, რითაც შეცხობის უნარი აქვთ. ვინაიდან, ასეთი სახეობანი დეფიციტურია, კოქსვის წინ ამზადებენ სხვადასხვა სახის ნახშირის ნარევს (კაზმს). კაზმს შეიძლება შეერიოს ისეთი ნახშირიც, რომელიც, თავისთავად კოქსვას არ განიცდის. კაზმის ძირითადი თვისებაა - გახურებისას წარმოქმნას საჭირო სისქის, სიბლანტის და თერმული მახასიათებლების მქონე პლასტმასური ფენა, ეს თვისებები განსაზღვრავს კაზმის კოქსვის უნარს.

კოქსვის დროს წარმოქმნილი ნედლი აირი შეიცავს გ/მ³-ში: 250-450 წყლის ორთქლს, 100-120 ფისის ორთქლს, 30-40 ბენზოლის რიგის ნახშირწყალბადებს, 8-13 ამიაკს, 5-30 გოგირდწყალბადს. გახურებულ (800 °C) აირს გააცივებენ, ხოლო კონდენსატს დაყოფენ ქვანახშირის ფისად და ამიაკურ წყლად. გაცივებული აირი შეიწოვება დამჭერ და გამწმენდ სისტემაში, სადაც იჭერენ ნედლი ბენზოლის ორთქლს, ამიაკის დიდ ნაწილს, გოგირდყალბადსა და ციანნაერთებს. ნედლ ბენზოლს, ქვანახშირის ფისსა და ამიაკურ წყალს გადაამუშავებენ საჭირო პროდუქტებად. გაწმენდილ კოქსის აირს იყენებენ როგორც საწვას და ძირითად ნედლეულს ამიაკის სინთეზისათვის, გოგირდწყალბადს - გოგირდს ან გოგირდმჟავას მისაღებად, ციანნაერთებს - როდანიდწყალბადმჟავას მარილების ან სხვა პროდუქტების მისაღებად, ამიაკს კი - აზოტიანი სასუქების მისაღებად.

ნედლი ბენზოლი წარმოადგენს მაღალ-მდუღარე (180°C-მდე) არომატული ნახშირწყალბადების ნარევს, რომლის დამუშავებითაც ღებულობენ სუფთა პროდუქტებს, რომელთაგან მნიშვნელოვანია: ბენზოლი, ტოლუოლი და ქსილოლები. ნედლ ბენზოლში შესული უჯერი ნახშირწყალბადიდან მიიღება კუმარონის ფისები, რომლებსაც ლაქების, საღებავების, ლინოლეუმისა და რეზინის წარმოებაში იყენებენ.

ქვანახშირის ფისი — ნაფთალინისა და სხვა ინდივიდუალური ნახშირწყალბადების, სპეციალური დანიშნულების ზეთებისა და სქელფისების მისაღები ნედლეული.

კოქსქიმიის პროდუქტებიდან მნიშვნელოვანია აგრეთვე ციკლოპენტადიენი, პირიდინული ფუძეები და ფენოლები. პირიდიმნული ფუძეები, ძირითადად პირიდინისა და მისი ჰომოლოგებისაგან შედგება. მათ ძირითადად ორგ. სინთეზებისა და ფარმაცევტულ წარმოებაში იყენებენ, ფენოლებს კი — ფენოლ-ფორმალდეჰიდური ფისებისა და სხვა პოლიმერების მისაღებად. მათ საფუძველზე ამზადებენ საღებრებს, სამკურნალო და საპარფიუმერიო პრეპარატებს, პესტიციდებს და სხვა.

კოქსქიმიური მრეწველობა რედაქტირება

მძიმე მრეწველობის დარგი, რომელიც ახორციელებს ქვანახშირის გადამუშავებას დაკოქსვის მეთოდით, აწარმოებს კოქსს (დარგის მთელი პროდუქციის 76 - 77%) საკოქსე არის (14 - 15%) და ქიმიური პროდუქტების (5-6%)

თუჯის კოქსით ჩამოსხმა, ხის ნახშირის დამატების გარეშე პირველად განხორციელდა დიდ ბრიტანეთში, 1735 წელს. კოქსის წარმოება დიდხანს მეტალურგიული მრეწველობის დანამატი იყო. კოქსქიმიური მრეწველობა, როგორც დამოუკიდებელი დარგი, მხოლოდ XIX საუკუნის ბოლოს შეიქმნა. რევოლუციამდელ რუსეთში კოქსის სამრეწველო მასშტაბით წარმოება დონბასში დაიწყო (XIX საუკუნის 80-იან წლებში). რუსეთში კი - ჩამორჩენილი იყო. 1913 წელს, კოქსის წარმოება 4,5 მლნ. ტონაზე ნაკლები იყო. წლიურად დაახლოებით 1 მლნ. ტონა კოქსი (ქვეყნის მოთხოვნილების 20 %) შემოჰქონდათ უცხოეთიდან. კოქსის აირს არაეფექტიანად იყენებდნენ. პირველი მსოფლიო ომისა და სამოქალაქო ომის პერიოდში, კოქსის წარმოება კიდევ უფრო შემცირდა. სსრკ-ში კოქსის წარმოების დონეს, მხოლოდ 1928-1929 წლებში მიაღწიეს. საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში აშენდა მსხვილი კოქსიმიური ქარხნები. აითვისეს ქვანახშირის მთელი რიგი ახალი საბადოები (კუზნეცკი, ყარაღანდა, პეჩორა, ტყვარჩელი, ტყიბული და სხვა), სადაც საკოქსე ნახშირს მოიპოვებენ. სწორედ ამან განაპირობა მაგნიტოგორსკის, კუზნეცკის, ნიჟნიტაგლის, ჩელიაბინსკის, ყარაღადანის, ორსკ-ხალილოვსკისა და რუსთავის კოქსქიმიური ქარხნების შექმნა.

1971 წელს, კოქსის წარმოებითა და კოქსქიმიური მრეწველობის განვითარების დონით, სსრკ-ს მსოფლიოში პირველი ადგილი ეჭირა. შეიქმნა თანამედროვე საკოქსე ღუმლები, ძირითადი საწარმოო პროცესები კი (ნახშირის ჩამოტვირთვა, საკოქსე ღუმლების დატვირთვა, განტვირთვა, კოქსის ჩაქრობა და ა.შ) მთლიანად მექანიზებული იყო.

კოქსქიმიური მრეწველობის შემდგომი განვითარების ძირითადი მიმართულებებია: საწარმოო პროცესების კომპლექტების მექანიზაციისა და ავტომატიზაციის დამთავრება, კოქსვის ახალი პროცესების დანერგვა, არსებულის ინტენსიფიკაცია, საკოქსე მანქანების დისტანციური და პროგრამული მართვის დანერგვა და სხვა. კოქსქიმიური მრეწველობა წარმატებით ვითარდებოდა სხვა სოციალურ ქვეყნებშიც, განსაკუთრებით პოლონეთსა და ჩეხოსლოვაკიაში.

ლიტერატურა რედაქტირება