კონსტანტინე კუბლაშვილი

კონსტანტინე (კოტე) კუბლაშვილი (დ. 30 მარტი, 1973, ტყიბული — გ. 15 აგვისტო, 2023) — ქართველი სამართალმცოდნე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე 2005–2015 წლებში. პავლე კუბლაშვილის ძმა.[1]

კონსტანტინე კუბლაშვილი
კონსტანტინე კუბლაშვილი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
23 თებერვალი, 2005 – 23 თებერვალი, 2015
პრეზიდენტი  მიხეილ სააკაშვილი
გიორგი მარგველაშვილი
წინამორბედიკონსტანტინე კემულარია
მემკვიდრენინო გვენეტაძე

დაბადებული30 მარტი, 1973
ტყიბული, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვლილი15 აგვისტო, 2023 (50 წლის)
მოქალაქეობა საქართველო
ეროვნებაქართველი
ჯილდოებიწმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი

ბიოგრაფია რედაქტირება

კონსტანტინე კუბლაშვილი დაიბადა 1973 წლის 30 მარტს ქ. ტყიბულში. 1995 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი საერთაშორისო სამართლის სპეციალობით.

1995 წლის აპრილიდან — სექტემბრამდე იყო ზაარლანდის უნივერსიტეტის (გერმანია) იურიდიული ფაკულტეტის მსმენელი, სადაც მოამზადა სადიპლომო ნაშრომი „გერმანიის ფედერალიზმის პრინციპები“.

1995 წლის სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით მუშაობდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში იურისტად. 1996–1997 წლებში მუშაობდა საქართველოს პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის კანონშემოქმედებითი საქმიანობის კოორდინაციის ჯგუფის მთავარ სპეციალისტად, ხოლო 1997-98 წლებში ამავე დეპარტამენტის კანონპროექტთა სამართლებრივი ექსპერტიზისა და ვიზირების განყოფილების გამგედ.

1998–2000 წლებში იყო ჰანოვერის უნივერსიტეტის (გერმანია) დოქტორანტი, სადაც დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა სამართლის დოქტორის (Dr.jur) სამეცნიერო ხარისხი.

2000 წელს დაინიშნა საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრად.

2000–2002 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე, სამინისტროს საპარლამენტო მდივანი.

2002–2004 წლებში მუშაობდა იურიდიულ ფირმაში „ქართველი ადვოკატები სამართლიანობისათვის“ იურისტად.

2004–2005 წლებში მუშაობდა საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის განვითარებისა და რეფორმების ფონდის ჯერ მეურვეთა საბჭოს წევრად, ხოლო შემდეგ ფონდის დირექტორად.

2005 წლის 23 თებერვლიდან იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. 2015 წლის 23 თებერვალს უფლებამოსილება შეუწყდა ვადის გასვლის გამო.

იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი საჯარო სამართლის მიმართულებით.[2]

გარდაიცვალა 2023 წლის 15 აგვისტოს, 50 წლის ასაკში.[3] ბოლო წლებში ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა.[1]

იგი არის არაერთი სამეცნიერო შრომის, პუბლიკაციის, სახელმძღვანელოს ავტორი სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობისა და ადამიანის ძირითადი უფლებების საკითხებზე.

ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

კარგად ფლობდა გერმანულ და რუსულ ენებს, საუბრობდა ინგლისურ და ესპანურ ენებზე.

2013 წელს დაჯილდოვდა წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით.[4]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 „უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი გარდაიცვალა“. რადიო თავისუფლება. 15 აგვისტო, 2023. ციტირების თარიღი: 15 აგვისტო, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  2. კონსტანტინე კუბლაშვილი ka-GE. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა. ციტირების თარიღი: 15 აგვისტო, 2023
  3. „უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი გარდაიცვალა“. მთავარი არხი. 15 აგვისტო, 2023. ციტირების თარიღი: 15 აგვისტო, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  4. 2003-2015 წლებში საქართველოს პრეზიდენტების მიერ გაცემული სახელმწიფო ჯილდოები. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (10 მაისი, 2016). ციტირების თარიღი: 15 აგვისტო, 2023