კონსტანტინე ბაგრატიონ-იმერეტინსკი

კონსტანტინე ბაგრატიონ-იმერეტინსკი (დ. 1789 — გ. 3 მაისი, 1844) ქართველი სამეფო ოჯახის წევრი, სამხედრო პირი.

კონსტანტინე ბაგრატიონ-იმერეტინსკი
საქმიანობა სამხედრო პირი

ბიოგრაფიარედაქტირება

კონსტანტინე ბაგრატიონ-იმერეტინსკი იმერეთის სამეფო ტახტიდან 1789 წელს ჩამოგდებული მეფის დავით გიორგის ძისა და ანა მამუკას ასულ ორბელიანის ვაჟი იყო. მამის ტახტიდან ჩამოგდებისა და გარდაცვალების შემდეგ მცირეწლოვანი კონსტანტინე ცხრა წლის მანძილზე მუხურის ციხეში იყო გამომწყვდეული. მხოლოდ 1803 წელს, მთავარმართლების ზეწოლის შემდეგ, გაანთავისუფლა იგი სოლომონ II.

1804 წლის 12 დეკემბერს დაწერილი წერილით რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე I დედოფალ ანას და კონსტანტინეს მოსკოვში გადასახლკებას, ბატონიშვილისთვის სათანადო განათლების მიღებას და პენსიის გაორმაგებას სთავაზობდა. თავად კონსტანტინე გადასახლების სასტიკი წინააღმდეგი იყო. მაგრამ 1809 წელს, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, იგი თბილისში გამოცხადდა მთავარმართებელთან და რუსეთისადმი ერთგულების ფიცი მიიღო.

1810 წლის ნოემბერში რუსეთში ჩასული ანა და კონსტანტინე მოსკოვში დიდი პატივით მიიღეს და ჩასვლისთანავე 10000 მანეთი პენსია დაუნიშნეს. მოსკოვში დედოფალი ანა საკმაოდ მდიდრულად ცხოვრობდა. თავად კონსტანტინეს იმპერატორის მონაწილეობით გამართულ ზეიმებსა და ცერემონიალებზე ხელმწიფე იმპერატორის კორტეჟში ჰქონდა ადგილი, ოლდენბურგის პრინცების გვერდით. იგი თითქმის სახელმწიფოს სრულ კმაყოფაზე იმყოფებოდა. მისი სამხედრო სამსახურიც განსაკუთრებული პრივილეგიებით დაიწყო: კაზაკთა ლეიბგვარდიულ პოლკში ჩაირიცხა პირდაპირ როტმისტრად, დაინიშნა ფლიგელ-ადიუდანტად და როგორც ყველა ქართველმა ბატონიშვილმა, მანაც ანას პირველი ხარისხის ორდენი მიიღო.

კონსტანტინე აქტიურ მონაწილეობას იღებდა ნაპოლეონის წინააღმდეგ წარმოებულ სამამაულო ომში. მან თავი გამოიჩინა ვიტებსკისთან ბრძოლაში. ბოროდინოსთან გამართულ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში გმირული მოქმედებისთვის კონსტანტინე დავითის ძეს ვლადიმერის ორდები ებოძა ბაფთით. ნაპოლეონის ჯარების დამარცხების შემდეგ , იგი კვლავ არმიაში მსახურობდა. ოციანი წლების ბოლოს კი, გენერალ-მაიორის ჩინით დატოვა სამხედრო სამსახური და ლიტერატურუოლ მოღვაწეობას მიჰყო ხელი, უყვარდა ლექსების წერა.

კონსტანტინე ბაგრატიონი, სოლომონ II მითითებით, პირველად 12 წლის ასაკში დაქორწინდა ანასტასია აბაშიძეზე. წყვილს შვილები არ ჰყოლია. მეორედ მოსკოვში იქორწინა პორტუგალიის გენერალური კონსულის შვილზე ანა დენისის ასეულ ლოპეს-დე-სილვაზე. ამ ქორწინებიდან ჰყავდა ორი ვაჟი: კონსტანტინე და ნიკოლოზი. მესამედ ეკატერინე სერგის ასულ სტრახოვაზე იქორწინა, რომელთანაც შეეძინა ვაჟი, შემდეგში ცნობილი გენერალი და სახელმწიფო მოღვაწე - ალექსანდრე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-იმერეტინსკი. კონსტანტინე დავითის ძის შვილები იყვნენ რუსეთში პირველი თავადები - იმერეტინსკები. კონსტანტინე დავითის ძე 1844 წლის 3 მაისს მოსკოვში გარდაიცვალა. დასაფლავებულია დონის მონასტერში.

ლიტერატურარედაქტირება

  • კონსტანტინე დავითის ძე ბაგრატიონ-იმერეტინსკი // ბაგრატიონთა დასახლება და მოღვაწეობა რუსეთში / გონიკაშვილი მ., თბ., 1986 გვ. 129-140.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება