კონდოლის ნათლისმცემლის მეორე ეკლესია

კონდოლის ნათლისმცემლის მეორე ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, დგას სოფელ კონდოლის ჩრდილოეთ განაპირას, სწორ ადგილზე, პატარა კორომში.

ეკლესია დარბაზულია. სამხრეთიდან, ფასადის აღმოსავლეთ ნაწილზე, მიდგმული აქვს, ძირითად კორპუსთან შერწყმული, გეგმით სწორკუთხა, ეკლესიაზე ორჯერ უფრო მოკლე და დაბალი სადგომი, რომელიც ეკლესიას კარით უკავშირდება.

ეკლესია ძლიერაა დაზიანებული. ამჟამად მისგან შემორჩენილია სამხრეთ ნახევარი, სამხრეთ კედელი, დასავლეთ კედელი და მინაშენი. დანარჩენი კედლები დანგრეულია იმდენად, რომ ეკლესიის გეგმის დადგენა, გათხრა-გასუფთავების გარეშე შეუძლებელია.

შენობის შემორჩენილ კედლებში შესამჩნევად გამოიყოფა სხვადასხვა პერიოდის, ორი, სამშენებლო ფენა. ორივე რიყის ქვითაა ნაშენი. თომცა, ისინი ერთმანეთისაგან, საშენი მასალის გარდა, წყობის ხასიათითა და დუღაბის ფერითაც განსხვავდება. ქრონოლოგიური თანმიმდევრობის მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ ადრე აქ მდგარი ეკლესიის შემორჩენილი ნაშთები, გოდვიანებით განახლებული ეკლესიის კორპუსში ჩაურთავთ.

თავდაპირველი ნაგებობის კედლები რიყის, მოზრდილი ქვითა და კირის დუღაბითაა ნაგები. განახლებული ნაწილები შედარებით უფრო წვრილი, რიყის ქვისაა, რომელშიც, ალაგ-ალაგ, ნატეხი ქვა და აგურის ნამტვრევებიცაა ჩართული. გარდა ამისა, გამოყენებულია აგურიც, რომლითაც შესასვლელი და ერთ-ერთი შემორჩენილი სარკმელია გამოყვანილი.

აფსიდა ღრმაა, ოდნავ ნალისებრი ფორმის. აფსიდის ცენტრში მაღალი, გარეთკენ მკვეთრად შევიწროებული სარკმელია გაჭრილი, თარაზული გადახურვით და დაქანებული რაფით. ერთი, ოღონთ ოდნავ უფრო დაბალი სარკმელი დასავლეთ კედელშიცაა. იგი ორივე მხრიდან შეისრულთაღოვანია.

ეკლესიის სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილში, აფსიდის მხართან ახლოს, ვიწრო, შეისრულთაღოვანი კარია, რომელიც სამხრეთიდან მიდგმულ სადგომში გადადის. კარის წირთლები რიყის ქვისაა, თაღი კი აგურის. თაღის ირგვლივ, ძველი, ნალისებრი თაღის კვალი შეიმჩნევა, რომლის მიხედვითაც პირვანდელი შესასვლელი ამჟამინდელ შესასვლელზე განიერი ყოფილა. თაღის წყობის ნაწილი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნახევარშიც შეიმჩნევა. სავარაუდოდ, იგი ადრე ამ ადგილას მოწყობილ კარს ეკუთვნოდა. სამხრეთ კედლის შუა ნაწილში, მიწიდან ორიოდე მეტრის სიმაღლეზე. ეკლესიის შემორჩენილი კედლები გარედან სადაა, მოკლებულია ყოველგვარ სამკაულს.

ლიტერატურა რედაქტირება