ჰელმუტ კოლი

(გადამისამართდა გვერდიდან კოლი, ჰელმუტ)

ჰელმუტ იოზეფ მიხაელ კოლი (გერმ. Helmut Josef Michael Kohl; გერმანულად: [ˈhɛlmuːt ˈjoːzɛf 'mɪçaʔeːl ˈkoːl]; დ. 3 აპრილი 1930, ლუდვიგსჰაფენი, რაინლანდ-პფალცი, გერმანია, — გ. 16 ივნისი 2017, იქვე) — გერმანელი პოლიტიკური მოღვაწე, გერმანიის ბუნდესკანცლერი 1982-1998 წლებში. მისი 16 წლიანი მოღვაწეობა ყველაზე გრძელია გერმანიის კანცლერებს შორის ოტო ფონ ბისმარკის შემდეგ. იგი არის არქიტექტორი გერმანიის გაერთიანების და საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა მიტერანთან ერთად მაასტრიხტის ხელშეკრულების, რითაც შეიქმნა ევროპის კავშირი. 1969-1976 წლებში იყო რაინლანდ-პფალცის მინისტრ-პრეზიდენტი. ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის თავმჯდომარე 1973-1998 წლებში აგრეთვე, გაერთიანებული გერმანიის პირველი კანცლერი.

ჰელმუტ კოლი
Helmut Kohl
ჰელმუტ კოლი Helmut Kohl
გერმანიის კანცლერი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 ოქტომბერი 1982 – 27 ოქტომბერი 1998
პრეზიდენტი  კარლ კარსტენსი
რიხარდ ფონ ვაიცზეკერი
რომან ჰერცოგი
წინამორბედიჰელმუტ შმიდტი
მემკვიდრეგერჰარდ შრედერი

რაინლანდ-პფალცის მინისტრ-პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1969 – 1976

დაბადებული3 აპრილი 1930
ლუდვიგსჰაფენი, რაინლანდ-პფალცი, გერმანია
გარდაცვლილი16 ივნისი, 2017 (87 წლის)
ლუდვიგსჰაფენი, რაინლანდ-პფალცი, გერმანია
პოლიტიკური პარტიაქდკ
მეუღლე1. ჰანელორე კოლი
2. მაიკა რიხტერი
პროფესიაისტორიკოსი
რელიგიაკათოლიკე
ხელმოწერაHelmut Kohl Signature.svg

ადრეული წლები და განათლებარედაქტირება

ჰელმუტ კოლი 1930 წლის 3 აპრილს გერმანიის ქალაქ ლუდვიგსჰაფენში, რომაულ-კათოლიკურ ოჯახში დაიბადა. როგორც ამ თაობის წარმომადგენელთა უმეტესობა, კოლიც იძულებით შეუერთდა ჰიტლერის ახალგაზრდა მხარდამჭერებს, 1945 წელს კი ნაცისტური გერმანიის შეიარაღებულ ძალებს - ვერმახტს თუმცა, განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, ომში უშუალო მონაწილეობა არ მიუღია. ნაცისტურმა რეჟიმმა მასზე, როგორც მოზარდზე, დიდი გავლენა ვერ მოახდინა, რასაცთავადხსნიდა „მოგვიანებით დაბადების ბედნიერებით“. [1]

კოლი იყო ოჯახის პირველი წევრი, რომელმაც საუნივერსიტეტო განათლება მიიღო. [2] 1950 წელს სამართლის შესწავლა დაიწყო ფრანკფურტის უნივერსიტეტში, ხოლო შემდგომ ისტორიისა და პოლიტიკის მეცნიერებების სწავლა ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში განაგრძო [3] ამავე უნივერსიტეტში დაიცვა დოქტორის ხარისხი 1958 წელს. სადოქტორო ნაშრომი მიუძღვნა 1945 წლის შემდგომ გერმანული პოლიტიკური პარტიების აღორძინებას. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ კოლი ალფრედ ვებერის კვლევით ინსტიტუტში კვლევით საქმიანობას შეუდგა. აქტიური პოლიტიკური კარიერის დაწყებამდე იგი ბიზნეს საქმიანობითაც იყო დაკავებული.

ადრეული პოლიტიკური მოღვაწეობარედაქტირება

1946 წელს სკოლის დამამთავრებელ საფეხურზე მყოფი ჰელმუტ კოლი ახალდაფუძნებულ „ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს“შეუერთდა. 1953 წელს გახდა ამავე პარტიის რაინლანდ-პფალცის ფილიალის საბჭოს წევრი, ხოლო 1954 წელს აირჩიეს პარტიის „ახალგაზრდული კავშირის“ თავმჯდომარის მოადგილედ. კოლითავიდანვე აქტიურად ჩაერთო მშობლიური ფედერალური მიწის ადგილობრივ პოლიტიკურ პროცესებში.1959 წელს გახდა რაინლანდ-პფალცის საკანონმდებლო ორგანოს ყველაზე ახალგაზრდა წევრი. ახალგაზრდა პოლიტიკოსი განსაკუთრებით დიდ ყურადღებას უთმობდა როგორც სასკოლო, ისე საუნივერსიტეტო განათლების სისტემის საკითხებს და მისთვის ხელშეწყობას. სწორედ მისი ინიციატივით დაარსდა კაიზერსლაუტერნის ტექნიკური უნივერსიტეტი.

თავისი კარიერის პირველ მნიშვნელოვან ნაბიჯს ჰელმუტ კოლმა 1969 წლის 19 მაისს, 39 წლის ასაკში მიაღწია და გახდა რაინლანდ-პფლაცის მინისტრ-პრეზიდენტი.1970-იან წლებიდან მოყოლებული,განსაკუთრებით გამოირჩეოდა ვილი ბრანდტის მთავრობის მიმართ კრიტიკით [4] . განვლილი გზის გათვალისწინებით, პარტიის შიგნით კოლი ყველაზე პროგრესულ ძალად განიხილებოდა, 1973 წელს იგი აირჩიეს კიდეცქრისტიან-დემოკრატების თავმჯდომარედ, ეს პოსტი მან 1998წლამდე შეინარჩუნა [5]. 1976 წელს გამართულ ფედერალურ არჩევნებში, კოლის პარტიამ დიდი მხარდაჭერა მიიღო, თუმცა შედეგი არასაკმარისი აღმოჩნდა სოციალ-დემოკრატიჰელმუტ შმიდტის დასამარცხებლად. მისმა მოღვაწეობამ მნიშვნელოვნად იმოქმედა როგორც ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის, ისე მთლიანად გერმანული კონსერვატიზმის ფორმაციაზე. კერძოდ, კოლი ყურადღებას ამახვილებდა პარტიის ცენტრალურ საყრდენებსა და მემკვიდრეობაზე, რაც ითვალისწინებდა სოციალური კეთილდღეობის ინტეგრირებას კონსერვატული დღის წესრიგის გათვალისწინებით [6] სწორედ ამიტომ,1980-იან წლებში, საერთაშორისო კონსერვატიზმზე საუბრისას,რონალდ რეიგანისა და მარგარეტ ტეთჩერის გვერდით ხშირად ჰელმუტ კოლის სახელსაც ახსენებდნენ.

გერმანიის ფედერალური კანცლერირედაქტირება

1982 წლის ოქტომბერში გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკაში დასრულდა სოციალ-ლიბერალური კოალიცია, რაც განაპირობა როგორც ადგილობრივ, ისე რეგიონულ არჩევნებში თავისუფალი დემოკრატების სასტიკმა მარცხმა [7]. ამავე წელს, ქრისტიან-დემოკრატებმა „უნდობლობის კონსტრუქციული ვოტუმი“ პრაქტიკაში წარმატებით გამოიყენეს, ჩამოაყალიბეს ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის, ბავარიის ქრისტიან-სოციალური კავშირისა და თავისუფალ-დემოკრატიული პარტიისგან შემდგარი კოალიცია, ხოლო გერმანიის ფედერალური კანცლერის პოსტზეჰელმუტ კოლი აირჩიეს. კოლმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 1983 წლისათვის გამოაცხადა.მარტში გამართულ ფედერალურ არჩევნებში მან დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, ქდკ/ქსკ-მ 48.8%-ის, ხოლო თავისუფალმა დემოკრატებმა 7%-ის მოპოვება შეძლეს. საშინაო პოლიტიკურ ასპარეზზე კოლმა არაერთი მნიშვნელოვანი სოციალური ინიციატივა განახორციელა, მათ შორის, უმუშევრობის ბენეფიტების გაზრდა ასაკოვანთათვის, დაუსაქმებელი ახალგაზრდებისთვის სარგბელის მიღების ასაკის გაზრდა, 21 წლამდე, გარდა ამისა, მოიმატა ბავშვთა აღზრდის შემწეობამ და ა.შ.

ფედერალური კანცლერის პოსტზე დანიშნული კოლი 1960-იანი წლების მიწურულს, ვილი ბრანდტის მიერ წამოწყებული „ოსტპოლიტიკის“ , ფაქტობრივად, გამგრძელებლად იქცა, რის გამოც მას ქრისტიან-დემოკრატები ხშირად აკრიტიკებდნენ კიდეც. სწორედ კოლის ინიციატივით განხორციელდა გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის, ერიხ ჰონეკერის პირველი სახელმწიფო ვიზიტი. შეხვედრაზე მხარეებმა „ორი გერმანიის“ ურთიერთობის პერსპექტივები და თანამშრომლობის სახეები განიხილეს. სწორედ ეს ორი მხარე გახდა 1989 წლის 9 ნოემბერს ბერლინის კედლის დანგრევის მონაწილე [8]

თუმცა, როგორც აღნიშნავენ ხოლმე, გერმანიის „აღმოსავლეთის პოლიტიკას“ ჰელმუტ კოლმა „დასავლური პოლიტიკის“ ელფერიც შესძინა, რაც გამოიხატებოდა ევროპულ თანამეგობრობასთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაღრმავებით [9] კანცლერობის პირველივე ვადის დასაწყისში, კოლმა თამამად დაუჭირა მხარი ამერიკული საბრძოლო რაკეტების დასავლეთ გერმანიის ტერიტორიაზე განლაგებას, რაც ვერ შეძლო მისმა წინამორბედმა, ჰელმუტ შმიდტმა [10]

ევროპული თანამეგობრობა - „მჭიდრო კავშირი“ (“Ever Closer Union”)რედაქტირება

ევროპული პოლიტიკური არქიტექტურის დღევანდელი სახით არსებობაში ჰელმუტ კოლს დიდი წვლილი მიუძღვის. გარდა იმისა, რომ კოლი აქტიურად მონაწილეობდა ევროპული ინტეგრაციის გაღრმავების პროცესში,მან საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა მიტერანთან ერთად,ხელი შეუწყო გერმანიისა და საფრანგეთის მჭიდრო თანამშრომლობას. 1984 წელს ვერდენში, მიტერანისა და კოლის მიერ განხორციელებული ვიზიტი, სადაც 1916 წელს მნიშვნელოვანი ბრძოლა გაიმართა, ორი ქვეყნის შერიგების სიმბოლოდ იქცა. სწორედ ომში დაღუპულ ჯარისკაცებს მიაგეს პატივი ქვეყნის პირველმა პირებმა.გარდა ამისა, გერმანულ-ფრანგული კავშირისა და კულტურის გაზიარების მიზნით, მათივე ინიციატივით შეიქმნა ფრანგულ-გერმანული ტელეკომპანია „ARTE” [11]

ერთიანი ევროპისადმი კოლის ხედვებსა და ინტეგრაციულ იმპულსებზე გავლენა მეორე მსოფლიო ომის დროს განვითარებულმა მოვლენებმა მოახდინა. მშობლიური ქალაქის, ლუდვიგსჰაფენის დაბომბვის ხილვამ, ახალგაზრდა კოლი მიახვედრა, რომ მხოლოდ ინტეგრაცია მიიყვანდა ევროპას საბოლოო მშვიდობამდე [12] მიუხედავად მრავალი წინააღმდეგობისა, ჰელმუტ კოლმა თავი მიუძღვნა ევროინტეგრაციის მასშტაბების გაზრდას და „მჭიდრო კავშირის“ იდეას (“Ever Closer Union”), რომელშიც გერმანია როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური საყრდენის ფუნქციას შეასრულებდა. კოლის სახელს უკავშირდება ინტეგრაციის ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური პროექტი, 1986 წელს გაფორმებული- „ერთიანი ევროპული აქტი“, საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა მიტერანთან ერთად მოგვარებული ბრიტანეთისთვის პრობლემური საბიუჯეტო საკითხი დაერთიანი მონეტარული კავშირისკენ გადადგმული ნაბიჯები [13] გარდა ამისა,საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდგომ, გერმანიის კანცლერი მხურვალედ უჭერდა მხარს ევროპის კავშირის პოსტ-საბჭოთა ქვეყნების ევროპეიზაციის პროცესსა და ევროპის კავშირის ამ მიმართულებით გაფართოებას.

გაერთიანებული გერმანიის პირველი კანცლერირედაქტირება

„ცივი ომის“ დროს მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, გერმანიის გაერთიანების საკითხი საკმაოდ შორეულ პერსპექტივად აღიქმებოდა. საბჭოთა კავშირიც თავის პოზიციებში მტკიცედ იდგა, არ დაეშვა გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ევროპულ გაერთიანებასა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში ინტეგრაცია [14] კოლის კანცლერად მოღვაწეობის პერიოდში „ორ გერმანიას“ შორის ურთიერთობა სხვა სტადიაში შევიდა.

დასავლეთის ქვეყნებიდან გდრ-ის ყველზე დიდი კრედიტორი თავად გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა იყო. მხოლოდ 1983-1985 წლებში გფრ-ის ბანკებმა გდრ-ს ორი მილიარდის კრედიტი გამოუყვეს, რასაც ორი მხარის შემდგარი თანამშრომლობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად მოიხსენიებს საბჭოთა კავშირის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ედუარდ შევარდნაძე თავის მემუარებში [15]

მართალია ბერლინის კედლის ნგრევა 1989 წელს დაიწყო, თუმცაამ დროისთვის, დასავლეთ და აღმოსავლეთ გერმანიის გაერთიანებასთან დაკავშირებით შეკითხვები კვლავ ისმოდა. გდრ-ის ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, მოსალოდნელი იყო ნეგატიური ეფექტები. მაშინ როდესაც გერმანიის ბუნდესტაგი 1989 წლის 9 ნოემბერს განიხილავდა პროექტს - „გაერთიანების აქტი“,დამსწრე საზოგადოებას კოლი შემდეგს დაპირდა:„არავინ იგრძნობს თავს უარესად, და უკეთესად - ბევრი“. [16]

გაერთიანების ერთ-ერთი გადამწყვეტი ეპიზოდი ჰელმუტ კოლის რუსეთში ვიზიტს უკავშირდება. 1990 წლის 14-16 ივლისს კანცლერი მიხეილ გორბაჩოვს ეწვია, მოლაპარაკების შედეგად, მხარეები შეთანხმდნენ გაერთიანებული, სუვერენული გერმანიის უფლებაზე, შეუერთდეს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას, სსრკ-ს ჯარებს კი მიეცათ ქვეყნის დატოვების ვადა. [17]

შემდეგი შეხვედრა 1990 წლის 12 სექტებერს, მოსკოვში გაიმართა. მხარეების მიერ ხელი მოეწერა ხელშეკრულებას „ორი პლუს ოთხი“ (ბონი, ბერლინი, პარიზი და მოსკოვი), ხოლო მეორე დღეს კოლმა და გორბაჩოვმა ხელი მოაწერეს „კეთილმეზობლობის, პარტნიორობისა და თანამშრომლობის“ შესახებ ხელშეკრულებას, რომლითაც გერმანიისა და საბჭოთა კავშირის ურთიერთობების პრინციპულად ახალი პერსპექტივები წარმოჩნდა. [18]

ორი თვის შემდეგ მხარეებს შორის ხელი მოეწერა „დიდ ხელშეკრულებას“, რომლის მიხედვით გერმანია უარს აცხადებდა ბირთვული, ქიმიური და ბაქტერიოლოგიური იარაღის წარმოებაზე, მათ განლაგებასა და შენახვაზე.მოსკოვში გამართულ შეხვედრას ჯამში 10-მუხლიანი შეთანხმების გაფორმება მოჰყვა, სადაც ზემოთჩამოთვლილი საკითხების გარდა, გაჟღერდა: გერმანიასადა პოლონეთს შორის საზღვრის დადგენა საერთაშორისო ხელშეკრულების თანახმად, გაერთიანებული გერმანია იმოქმედებდა მხოლოდ და მხოლოდ კონსტიტუციის გათვალისწინებით, გარდა ამისა,ქვეყანა საბრძოლო ძალებს შეამცირებდა 370 000 კაცამდე. სსრკ-ს მხრიდან აღნიშნული იყო, რომ შეიარაღებული ძალები 1994 წლამდე დატოვებდნენ გერმანიის ტერიტორიას, რისთვისაც გერმანიამ 15 მილიარდი დოლარი გამოყო, რომელსაც დაემატა მანამდე აღებული 5-მილიარდიანი სესხი, რომელიც შევარდნაძემ პირადად სთხოვა ჰელმუტ კოლს.

აღსანიშნავია, რომ შეთანხმება „ორი პლუს ოთხი“ ძალაში 1991 წლის მარტში შევიდა, თუმცა რუსეთის ჯარების გერმანიიდან გამოყვანა 1994 წლამდე ვერ მოხერხდა.

1998 წლის არჩევნების შედეგად, კოლის მთავრობა გერჰარდ შროდერის მთავრობამ ჩაანაცვლა. 16-წლიანი მოღვაწეობით, ჰელმუტ კოლი გახდა ბისმარკის შემდეგ პირველი, რომელმაც ასე ხანგრძლივი დრო დაჰყო კანცლერის პოსტზე.

პირადი ცხოვრება და სიცოცხლის დასასრულირედაქტირება

ჰელმუტ კოლი სიცოცხლის მანძილზე ორჯერ იყო დაქორწინებული. პირველად, 1960 წელს იქორწინა ჰანელორ რენერზე. თანაცხოვრებისას წყვილს ორი ვაჟი, უოლტერ და პიტერ კოლები შეეძინათ. პირველი მეუღლე კოლმა სკოლის ასაკში გაიცნო და მასთან ერთად 2001 წლამდე, მის გარდაცვალებამდე იცხოვრა. 2008 წელს, 78 წლის ასაკში მყოფმა პოლიტიკოსმა მეორედ იქორწინა. მისი მეუღლე 44 წლის მაიკ რიხტერი გახლდათ. ამ უკანასკნელთანქორწინებას საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. კოლის ვაჟის, პიტერ კოლის განცხადებით, ხელმეორედ დაქორწინება მამას არ სურდა და ეს ნაბიჯი 2008 წელს მიყენებულ თავის სერიოზულ ტრამვას დაუკავშირა.

87 წლის კოლი 2017 წლის 16 ივნისს, ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა. გამომშვიდობების ცერემონია ბერლინის გარდა სტრასბურგში, ევროპარლამენტის შენობაში გაიმართა.ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ევროპარლამენტმა მსგავსი ცერემონიით გააცილა პოლიტიკური მოღვაწე.[19] ცერემონიას მნიშვნელოვანი რანგის სხვადასხვა პოლიტიკური ფიგურა დაესწრო. „გაერთიანების კანცლერი“ - ამ სიტყვებით გამოემშვიდობა ანგელა მერკელი ყოფილ კანცლერს. ჯორჯ ბუშმა კი მას “ომისშემდგომი ევროპის ერთ-ერთი უდიდესი ლიდერი“ უწოდა.

ლიტერატურარედაქტირება

  • Lentz. Harris M. Heads of States and Governments. New York: Routledge, 2013.
  • Casey, S., and Wright, J. (Eds.). Mental Maps in the Era of Détente and the End of the Cold War 1968-91. Palgrave Macmillan: 2015.
  • Ray, Michael (Ed.) Germany. New York: Britannica Educational Publishing, 2014.
  • Stankiewicz, Damien. Europe Un-Imagined. University of Toronto Press, 2017.
  • Huelshoff, Michael G. Andrei S. Markovits, and Simon Reich (Eds.) From Bundesrepublik to Deutschland German Politics after Unification. The Universality of Michigan Press, 1993.
  • შევარდნაძე, ედუარდ. ფიქრი წარსულსა და მომავალზე. თბილისი: პალიტრა L, 2006.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. Berman, Russell A. “A German Chancellor like No Other.” POLITICO. POLITICO, June 16, 2017.
  2. Pletter, Roman “Helmut Kohl, German Statesman Who United His Country after Cold War, Dies at 87.” The Washington Post. WP Company, June 16, 2017.
  3. “Helmut Kohl” Encyclopedia Britannica. Encyclopedia Britannica, Inc., March 30, 2020.
  4. Harris M. Lentz. Heads of States and Governments. (New York: Routledge, 2013), 315.
  5. Casey, S., and Wright, J. (Eds.). Mental Maps in the Era of Détente and the End of the Cold War 1968-91(Palgrave Macmillan: 2015), 177.
  6. Berman, Russell A. “A German Chancellor like No Other.” POLITICO. POLITICO, June 16, 2017.
  7. Michael Ray (Ed.) Germany. (New York: Britannica Educational Publishing, 2014), 310.
  8. Berman, Russell A. “A German Chancellor like No Other.” POLITICO. POLITICO, June 16, 2017.
  9. Gordon A. Crag. “Did Ostpolitik Work?” Foreign Affairs, January 28, 2009.
  10. Livingston, Robert Gerald. “Life after Kohl? We'll Always Have Germany.” Foreign Affairs, January 28, 2009
  11. Damien Stankiewicz. Europe Un-Imagined. (University of Toronto Press, 2017), 49.
  12. Simon Shuster. “Helmut Kohl.” Time. Time, June 22, 2017
  13. “Helmut Kohl and François Mitterrand: leaders in reconciliation”. European Commission. Accessed April 20, 2020.
  14. Casey, S., & Wright, J. (Eds.) Mental Maps in the Era of Détente and the End of the Cold War 1968-91. (Palgrave Macmillan: 2015), 181.
  15. ედუარდ შევარდნაძე. ფიქრი წარსულსა და მომავალზე. (თბილისი: პალიტრა L, 2006), 210.
  16. Michael G. Huelshoff, Andrei S. Markovits, and Simon Reich (Eds.) From Bundesrepublik to Deutschland German Politics after Unification. (The Universality of Michigan Press, 1993), 106.
  17. [1]
  18. შევარდნაძე, ფიქრი წარსულსა და მომავალზე. გვ. 19.
  19. Agence France-Presse in Speyer, Germany. “'Architect of German Unity': World Leaders Pay Tribute to Helmut Kohl” The Guardian. Guardian News and Media, July 1, 2017.