ქლუხორის ტბა

(გადამისამართდა გვერდიდან კლუხორის ტბა)

ქლუხორის ტბა (რუს. Клухорское озеро) — კარული ტბა რუსეთში, ყარაჩაი-ჩერქეზეთში. მდებარეობს დასავლეთ კავკასიონზე, ზღვის დონიდან 2676 მ სიმაღლეზე,[1] ქლუხორის უღელტეხილის ჩრდილოეთით. ზედაპირის ფართობი 0.17 კმ². დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ გადაჭიმულია 670 მ-ზე, ხოლო ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ 400 მ-ზე. საშუალო სიღრმე 10.8 მ, მაქსიმალური სიღრმე 30 მ. დამახასიათებელია მაღალი და ციცაბო ნაპირები.[2]

ქლუხორის ტბა
კოორდინატები: 43°15′07″ ჩ. გ. 41°51′04″ ა. გ. / 43.252111° ჩ. გ. 41.85111° ა. გ. / 43.252111; 41.85111
მდებარეობა რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეული ყარაჩაი-ჩერქეზეთი
სიმაღლე ზღვის დონიდან 2676 
სიგრძე 0.67 კმ
სიგანე 0.4 კმ
ფართობი 0.17 კმ²
საშუალო სიღრმე 10.8 
მაქსიმალური სიღრმე 30 
ქლუხორის ტბა — რუსეთი
ქლუხორის ტბა
ქლუხორის ტბა — ყარაჩაი-ჩერქეზეთი
ქლუხორის ტბა

ფსკერი უსწორმასწოროა. წყალი მომწვანო ფერისაა. გამდინარეა. ტბის დასავლეთი ნაპირიდან სათავეს იღებს მდინარე ჩრდილოეთი ქლუხორი.[2] ზაფხულის ბოლოს წყლის ზედაპირის ტემპერატურა 10 °C-მდეა, სიღრმეში 4–5 °C. სექტემბრის ბოლოდან იყინება. ყინულძვრა ივლისშია. ცოცხალ ორგანიზმებს მოკლებულია. ბევრია შეტივტივებული ნაწილაკი.[3][4]

ქლუხორის ტბა მსხლისებრი მოყვანილობისაა. მისი ჩრდილო და დასავლეთი კალთები ძლიერ მაღალია და ციცაბო, სადაც გვხვდება გამკვრივებული თოვლი, რომელიც ტბისკენ ეშვება და თითქმის ეხება ტბის ზედაპირს. აგრეთვე მაღალია დასავლეთი კალთაც, მაგრამ იგი უშუალოდ ტბას არ აწყდება. ტბის გარშემო არსებული ტერიტორია მყინვარებითა და მუდმივი თოვლითაა დაფარული, რომელთაგან მრავალრიცხოვანი ჩანჩქერები და ნაკადები გამოედინება.[5]

ქლუხორის ტბის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს უბისმაგვარი პატარა ტბა, რომელიც ქლუხორის ტბიდან მოგლუვებული წყალქვეშა მაღლობითაა გამოყოფილი. ეს პატარა ტბა-უბე, რომლის ფართობი 0.03 კმ²-ია, უფრო თხელია, რომლის ფსკერი კარგად ჩანს.[5]

ქლუხორის ტბის სამხრეთ-დასავლეთი ნაპირი შედარებით დაბალია, ტბის გარშემო ლანდშაფტი კლდეებით, ქედებით, ნაზვავებით, მყინვარებითა და მუდმივი თოვლითაა წარმოდგენილი.[5]

ქლუხორის ტბასთან აღმართულია საბჭოთა ჯარისკაცების ძეგლები და ობელისკები, რომლებიც მეორე მსოფლიო ომში ქლუხორის უღელტეხილის დამცველებად გვევლინებოდნენ.[3]

ტბა მოქცეულია თებერდის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე.[6] ტურისტული ობიექტია.[7]

სქოლიო რედაქტირება

  1. Гвоздецкий Н. А., Спиридонов А. И., В сборнике: Рельеф и ландшафты, М., 1977.
  2. 2.0 2.1 Новое в жизни, науке, технике: Серия Наука о Земле, 1970
  3. 3.0 3.1 Побежденные вершины. Ежегодник советского альпинизма. 1952
  4. Известия Русского географического общества, Том 137. 2005
  5. 5.0 5.1 5.2 ვახუშტის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის შრომები, ტ. IV, 1950
  6. Большая Советская Энциклопедия: Второе издание, т. 42, г. 1956
  7. Тебердинский национальный парк | Карачаево-Черкесия