კლარჯულიქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი სასუფრე ვაზის ჯიში აჭარიდან.

როგორც სახელწოდებიდან ჩანს, გურია-აჭარის რაიონებში იგი ოდესღაც კლარჯეთიდან უნდა იყოს შეტანილი. კლარჯული მასობრივად იყო გავრცელებული მაღლარების სახით გურიისა და ქვემო აჭარის რეგიონებში. მოსახლეობა მას სასუფრე ყურძნად იყენებდა და ზამთრამდე ვაზზე დაუკრეფავს ტოვებდა. მისგან ღვინოსაც ამზადებდნენ, რომელიც გამოირჩეოდა ჩალისფერი შე-ფერილობით და სასიამოვნო გემოთი. კლარჯულის მაღლარები ძირითადად დასავლეთ გურიისა და ქვემო აჭარის მთისპირა სოფლებში გვხვდება.

ბოტანიკური აღწერა რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომის და თითქმის ოვალური ფორმისაა, სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე თითქმის შიშველია, მხოლოდ ძარღვების გასწვრივ გასდევს უმნიშვნელო შებუსვა. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალოზე დიდი ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური, ზოგჯერ ცილინდრული ფორმის, თხელი. გვხვდება საშუალო სიკუმსის მტევნებიც. მარცვალი მსხვილია, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური, მოყვითალო-მწვანე, მზის მხარეზე ქარვისფერი. კანი სქელი აქვს, ცვილისებრი ფიფქით დაფარული. მარცვალი მომეტებულრბილობიანი და ნაკლებ წვნიანია. გემოთი სასიამოვნოა, მომჟავო-მოტკბო.

კლარჯული ძლიერი ზრდითა და საშუალო ან საშუალოზე მაღალი მოსავლიანობით გამოირჩევა. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე დაახლოებით 204 დღეა. სრულ სიმწიფეში ოქტომბრიდან შედის. მტევნის წონა საშუალოდ 155-353 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა — 10.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18.2-19.5%-ს, ხოლო მჟავიანობა — 9.2 გ/ლ-ს.

კლარჯული სასუფრე ყურძნის მომცემი ჯიშია. ახასიათებს მტევნისა და მარცვლის გარეგნული სილამაზე, კარგად ინახება და უძლებს ტრანსპორტირებას. ასევე გამოიყენება ხარისხიანი სუფრის ღვინის დასამზადებლად.

ლიტერატურა რედაქტირება

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 189
  • რამიშვილი რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 545.
  • რამიშვილი, მ. „გურიის, სამეგრელოს და აჭარის ვაზის ჯიშები“, 1948

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება