კაჭრეთის პირველი გორასამარხი

კაჭრეთის პირველი გორასამარხი — არქეოლოგიური ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში გურჯაანი-თბილისის საავტომობილო გზის სამხრეთით 200 მეტრზე ხევში, განეკუთვნება ძვ. წ. III ათასწლეულის პირველ ნახევარს.

სამარხი დაფარული იყო ხევის მიერ ჩამოტანილი ღორღნარევი თიხნარით. აღმოჩნდა სარწყავი არხის გაყვანის დროს. გორასამრხის ყრილი შედგებოდა საშუალო ზომის ქვებისგან. ყრილის ქვეშ, ცენტრალურ ნაწილში აღმოჩნდა წრიული ორმო, რითაც იატაკს წრიულადვე შემოსდევდა ქვითა და მიწით ამოვსებული არხი. სამარის ორმოს აღმოსავლეთით 15-20 სანტიმეტრით შემაღლებულ ადგილზე აღმოჩნდა წვრილფეხა საქონლის 5 თავის ქალა. 12 ადამიანის ძვლები მიმოფანტული იყო სამარხის მთელ იატაკზე. ცენტრალურ ნაწილში დაკრძალული იყო ერთი მიცვალებული. რომელიც კიდურებმოხრილი იწვა მარცხენა გვერდზე, თავით ჩრდილოეთისკენ. სამარხში აღმოჩნდა ოცამდე ხელით ნაძერწი, კარგად გამომწვარი თიხის ჭურჭელი. უმეტესობა ცილინდრულყელიანი თუნგულებია. არის ერთი კონუსურკოპიანი ჯამი და ერთი ჰორიზონტალურშვერილიანი ბადია. ჭურჭლის კეცში შერეულია სილა, სუსტადაა ნაპრიალები, ფერი მოყვითალო, მონაცრისფრო ან მოწაბლისფროა, ზოგან მუქი ლაქებით.

ლიტერატურა რედაქტირება