კატრანიდე II
კატრანიდე II — სომხეთის დედოფალი 990-1020 წლებში, ბაგრატუნების დინასტიის მეფე გაგიკ I-ის მეუღლე. ანისის საკათედრო ტაძრის ამშენებელი.
დედოფალი კატრანიდე იყო სიუნიქის მეფის ვასაკის (990-1040 წწ.) ერთადერთი ქალიშვილი, სმბატ I საჰაკიანის შვილიშვილი[1][2]. ზოგიერთი დასავლელი ისტორიკოსის მიხედვით იგი იყო ქართველი პრინცესა.
გაგიკ I-სა და დედოფალ კატრანიდეს ჰყავდათ ოთხი შვილი: ხუშუში (ცოლად გაჰყვა სენექერიმ არწრუნს და გახდა ვასპურაკანის სამეფოს უკანასკნელი დედოფალი); ოვანეს-სმბატი (ანისის სამეფოს მეფე 1022-1040 წლებში); აშოტ IV ცბიერი (სომხეთის მეფე 1022-1039 წწ.) და აბასი.
გარდაცვალების შემდეგ დედოფალი კატრანიდე დაკრძალეს ანისის საკათედრო ტაძარში. XX საუკუნის დასაწყისში, როდესაც არქეოლოგთა ჯგუფმა გათხარა კატრანიდეს საფლავი (ხელმძღვანელი იოსებ ორბელი) აღმოჩნდა, რომ დედოფალს ფეხები გადაჯვარედინებული ჰქონდა, ისევე როგორც ჯვარცმულ ქრისტეს. ეს მისი ბოლო სურვილი ყოფილა[3].
დედოფალ კატრანიდეს პატრონაჟით, მისი მამისეული ხაზინისა და სამეფო ხაზინის ხარჯით, აშენდა ანისის ტაძარი. მისი არქიტექტორი იყო თრდატი. ეკლესიის მშენებლობას 20 წელი დასჭირდა და 1001 წელს დასრულდა. მშენებლობის დასრულების შემდეგ ტაძარში განთავსდა კათოლიკოს სარქის I-ის (992-1019 წწ.) რეზიდენცია.
1124 წელს დავით აღმაშენებელმა ანისის მიზგითად ქცეული ტაძარი გაათავისუფლა. ტაძრის აღმშენებელი დედოფალი კატრანიდე იქვე იყო დაკრძალული. დავითმა კათალიკოსთან და ეპისკოპოსებთან ერთად მიცვალებულს წესი აუგო და საფლავს სამგზის ჩასძახა „გიხაროდეს შენ წმინდაო დედოფალო რამეთუ იხსნა ღმერთმა საყდარი შენი უსჯულოთა ხელთაგან.“
კატრონიკეს შვილიშვილი (ხუშუშისა და სენექერიმ ჰოვანეს არწრუნი შვილი), მარიამი იყო საქართველოს მეფის გიორგი I-ის მეუღლე.
ლიტერატურა
რედაქტირება- მეტრეველი, როინ (2011). წმინდა დავით აღმაშენებელი. თბილისი. ISBN 978-9941-425-50-9.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Հայ կանանց դերը միջնադարյան ճարտարապետության հուշարձանների կառուցման գործում. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-11-28. ციტირების თარიღი: 2020-11-20.
- ↑ Historical Dictionary of Armenia
- ↑ anunner.com, Կատրանիդե