კარბის წმინდა სამების ეკლესია
კარბის წმინდა სამების ეკლესია — ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარბის განაპირას, სამხრეთით. თარიღდება XVI-XVII საუკუნეებით.
ეკლესია დარბაზულია (8 X 11 მ). ფასადები შემოსილია წითელი ტუფის თლილი კვადრებით, აქა-იქ ჩართულია უფრო მუქი, მოყავისფრო კვადრები და რამდენიმე თეთრი ფერის ძალზე პატარა, თავისი ზომით სხვებთან შეუსაბამო, თუმცა ფერით ინტენსიური ქვა. ჩრდილოეთის ფასადის ქვები ნაკლებადაა დამუშავებული. ეკლესიაში შესასვლელი სამხრეთიდანაა - სადა ტიმპანიანი, თაღოვანი კარი მის დასავლეთ ნაწილში, უშუალოდ პილასტრის გვერდითაა გაჭრილი. ტაძრის შიდა სივრცე სამი თაღოვანი სარკმლით ნათდება: მათგან ერთი საკურთხევლის აფსიდშია, ორი - სამხრეთი კედლის ზედა მონაკვეთზე. აფსიდი საკმაოდ ღრმაა. მაღალი დარბაზის გრძივი კედლები წყვილი პილასტრით გამოყოფილია ორ ნაწილად. ეკლესიის შიდა კედლები მოგვიანებით შეულესავთ. აღმოსავლეთის ფასადზე, სარკმლის თავსართის ზემოთ, წრეში ჩასმულ ჯვარს ირგვლივ შემოვლებული აქვს გრეხილი. სამხრეთის ფასადზე, მარცხენა სარკმლის თავზე, ამოკვეთილია ჯვარი. დასავლეთით, მაღლა ქვაზე კტიტორის რელიეფური გამოსახულებაა. რელიეფის ზემოთ - ასომთავრული წარწერაა. რელიეფიც და წარწერაც გამოფიტულია და ცუდად იკითხება. შენობას მარტივპროფილიანი ლავგარდანი აქვს. სახურავი ორფერდაა, გადახურულია თუნუქით (თავდაპირველად ჰქონია კრამიტის სახურავი).
XX საუკუნის დასაწყისში, 1911 წელს ტაძრისათვის გალავანი მიუშენებიათ. ამჟამად მისგან მხოლოდ ნაშთებიღა შემორჩა. გალავნის განახლებაზე მოგვითხრობს ნაცრისფერი ტუფის ქვაზე შესრულებული მხედრული წარწერიდან, რომელიც ტაძრის გარეთ, მის კართან დაუდვიათ:
„ეს წმიდის სამების გალავანი ავაშენეთ სოფლის შემწეობით მზრუნველებმა ლადო ბიძინაშვილმა, იგორ გნოლიძემ და სანდრო ძიმაკურიძემ 1911 წ. მაისისა.“
|
სავარაუდოდ, ამავე პერიოდში ეკლესიის დასავლეთ კეხზე დაუდგამთ ოთხსვეტიანი სამრეკლო.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 75.