კალანდაძეების სახლი

კალანდაძეების სახლი — კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი საქართველოში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში.

კალანდაძეების ოდა-სახლი

ოდა აგებულია დარისპან გიგოს ძე კალანდაძის (1870-1955) მიერ 1912-1914 წლებში. სახლის მოსაწყობად მისმა ძმამ სერგომ ევროპული ავეჯი გაუგზავნა მოსკოვიდან. 1914 წელს დარისპანმა ცოლად მოიყვანა ევპრაქსია კანდელაკი. დარისპან კალანდაძე იყო ვაჭარი და ჰქონდა რამდენიმე დუქანი სხვადასხვა ადგილას. 1913 წლიდან იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხიდისთავის განყოფილების წევრი. 1930-იან წლებში განკულაკების შიშით, დარისპან კალანდაძემ საკუთარი ძმებს გაუფორმა სახლის ნაწილი, 1990-იან წლებში გარდაიცვალა დარისპანის შვილი პატკულას. მას შემდეგ სახლი გაიძარცვა და გაპარტახდა.

არქიტექტურა

რედაქტირება

სახლი ოდაა და აშენებულია XX საუკუნის დასაწყისის ხის სახლების სამშენებლო ტექნიკითა. დგას ქვის ხიმინჯებზე. ერთ მხარეს, პირველი სართული აგურით და ქვით არის ნაშენი. სახლის წინა ფასადი ხის აჟურული აივნითაა გახსნილი, რომელზეც გვერდიდანაა შესასვლელი. კარი ხისაა. დანარჩენი ფასადები მხოლოდ სარკმლებითა და ერთი კარითაა დანაწევრებული. სარკმლები ფრონტონისებური თავსართითაა გაფორმებული. სახლში რამდენიმე სხვადასხვა ზომის ოთახია, რომლებიც ერთმანეთთან ხის ტიხრებითა და კარებითაა დაკავშირებული. თითოეულ ოთახში აგურით ნაგები ბუხარია. ბუხრები საუკუნეთა მიჯნაზე გავრცელებული ტექნიკითაა ნაგები. ისინი ერთ საბუხრე ხვრელთანაა დაკავშირებული და ამგვარად ორ ჯგუფს ქმნიან. ბუხრები ორნამენტირებული და მოხატულია. ერთი მათგანი ოჯახის წევრთა დიდი ფოტოთია დამშვენებული. იატაკი და ჭერი ასევე ხისაა. ოთახების ხის კედლები, ტიხრები და ჭერი მოხატულია მცენარეული და დეკორატიული ორნამენტებითა და პეიზაჟებით. ერთ-ერთ ნახატზე გამოსახულია ნატურმორტი, რომელზეც სარაჯიშვილის კონიაკის ბოთლია გამოსახული შესაბამისი წარწერით „Кавказский натуральный коньякь Сараджевь“. სახლის სახურავი ოთხფერდაა. გადახურულია მარსელის კრამიტით. ეზოში შემორჩენილია ქვით ნაგები ჭა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 28837