კაზრეთის მონასტერი

კაზრეთის მონასტერი — სამონასტრო კომპლექსი. მდებარეობს საქართველოში, ქვემო ქართლში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, დაბა კაზრეთის აღმოსავლეთით, მადნეულის სიახლოვეს. კაზრეთის სამების მონასტერი აგებულია მეფე ლაშა გიორგის მიერ XIII საუკუნეში.

1956 წელს კაზრეთის კომპლექსი კულტურის სამინისტროს კულტურის ძეგლთა დაცვისა და რესტავრაციის საქმეთა სამმართველოს მიერ გაიწმინდა გარედანაც და შიგნიდანაც (მანამდე ეკლესია ცოკოლიდან ერთი მეტრის სიღრმეზე იყო მიწით დაფარული).

ეკლესიას 2006 წელს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

არქიტექტურული აღწერა რედაქტირება

კაზრეთის სამების ეკლესია, გეგმით წაგრძელებული სწორკუთხედის ფორმის დარბაზული ეკლესიაა, რომელსაც სხვადასხვა დროის მინაშენები აქვს ჩრდილო-აღმოსავლეთ და სამხრეთ-დასავლეთით. ნაგებია კარგად გათლილი მოყვითალო კვადრებით, რომელსაც ქვედა რიგში ბაცი მომწვანო წყობა მიუყვება, რაც საკმაოდ ცხოველხატულ ელფერს სძენს ფასადებს. ფასადებს ასევე აცხოველებს მდიდრული დეკორი, რომელსაც ქმნის სარკმლის მოჩარჩოება, მოჩუქურთმებული კარნიზი, საფასადე ჯვარი და სხვ. ეკლესია აღმოსავლეთით ნახევარწრიული ღრმა აფსიდით ბოლოვდება. აქვს პორტალებით შემკული ორი შესასვლელი ჩრდილოეთით და დასავლეთით. მთავარი შესასვლელი ჩრდილოეთისაა.

გეგმის მეორე თავისებურება ისაა, რომ აქ ახლებურად არის გადაწყვეტილი აღმოსავლეთის ნაწილი – აფსიდის კედელში ორი გვერდითი სადგომის ნაცვლად მოწყობილია – ერთი, ჩრდილოეთის მხარეს. სამხრეთით კი აფსიდის კედელში ცრუ კამარაა.

შენობის ინტერიერი ჩვენამდე თავდაპირველი სახით არ მოღწეულა. ჩანგრეული ჰქონდა კამარა და სამხრეთის კედელი. დასავლეთის კედელი დამატებითი კედლის წყობით არის გამაგრებული.

ტაძარი მოხატული ყოფილა, საკურთხეველში შემორჩენილია ეკლესიის მამათა რიგი და მოციქულთა ფიგურები. ასევე ფრაგმენტულად ჩანს ქრისტოლოგიური ციკლი და ცალკეული წმინდანები (ჯვარცმა, კოზმა და დამიანე და სხვ.).

ამჟამად კაზრეთის სამების ეკლესია რესტავრირებულია და შიგნით მიმდინარეობს მოხატვა. კაზრეთის სამების ეკლესია ბოლნისის ეპარქიის დაქვემდებარებაშია და მოქმედია.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • „ვახტანგ დოლიძე, კაზრეთის ხეობის ორი ხუროთმოძღვრული ძეგლი“, // ჟურ. ძეგლის მეგობარი, №. 20 თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1970 წელი. — გვ. 4-18

სქოლიო რედაქტირება