კავკასიის ნაკრძალი

კავკასიის ნარკძალი (რუს. Кавказский заповедник) — ნაკრძალი ქალაქებს სოჭსა და მაიკოპს შორის (კრასნოდარის მხარე), ძირითადად კავკასიონის მთავარი ქედის ჩრდილოეთ (მდინარეების დიდი ლაბის და ბელაიის ზემო დინება) და სამხრეთ კალთებზე (მდინარეების მზიმთის, სოჭის და შახეს ზემო დინება). ფართობი 263,5 ათასი ჰა (1977). დაარსდა 1924 წელს ჩრდილოეთ-დასავლეთ კავკასიის ბუნებრივი კომპლექსების დაცვის მიზნით.

კავკასიის ნაკრძალის ერთ-ერთი მონაკვეთი

კავკასიის ნაკრძალში 300-მდე ენდემური სახეობაა. ზღვის დონიდან 900-1200 მ-ზე ფართოდ არის გავრცელებული წიფლნარი, სამხრეთი კალთები 900 მ-მდე დაფარულია მუხნარით, რომელშიც შერეულია რცხილა, პანტა, მაჟალო, ტყემალი, ლეკა, ცაცხვი და სხვა. 1000-1900 მ-ზე ჭარბობს სოჭნარი. ტყის სარტყლის ზედა საზღვარზე სუბალპური ტანბრეცილი ტყეებია, შერეულია არყის, ცირცელის, მაღალმთის ბოკვის, მუხისა და წიფლის ხეები. 1900-2500 მ-ზე სუბალპური და ალპური მდელოებია. სუბნივალურ სარტყელში (2800-2900 მ-ზე ზემოთ) შიშველ კლდეებზე თითო-ოროლა ბალახოვანი მცენარეა, უფრო მაღლა კი ნივალური სარტყელია. ნაკრძალის დასავლეთ ნაწილში კოლხური ტიპის ქვეტყეა, სადაც ხარობს წყავი, შქერი, ბზა, ბაძგი, ივლი და თავგისარა.

ნააკრძალში ძუძუმწოვრებიდან გავრცელებულია დასავლეთკავკასიური ჯიხვი, კავკასიური არჩვი, გარეული ღორი, მურა დათვი, კავკასიური ირემი, ტყისა და თეთრყელა კვერნა, წავი, წაულა, პრომეთესეული მემინდვრია და სხვა. ცდილობენ ადრე განადგურებული კავკასიური დომბის მოსენებას. წინათ აქ ჯიქიც ყოფილა.

ნაკრძალში შედის აგრეთვე დიდი ახუნის მთის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთებზე განლაგებული ხოსტის რელიქტური ბზიანუთხოვრიანი კორომი (ფართობი 300 ჰა).

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება