კაბენის მონასტერი (ახალგორის მუნიციპალიტეტი)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კაბენის მონასტერი (მრავალმნიშვნელოვანი).

კაბენის მონასტერი — IX საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, მონასტერი ახალგორის მუნიციპალიტეტში სოფელ ყანჩავეთის მახლობლად. XIII საუკუნეში საფუძვლიანად გადაუკეთებიათ. განირჩევა რამდენიმე სამშენებლო ფენა. თავდაპირველად „თავისუფალი ჯვრის“ ტიპის გუმბათოვანი ნაგებობა ყოფილა, უძველეს ფენას მიეკუთვნება რვაწახნაგა ყელზე აღმართული გუმბათი, ნალისებრი ფორმის აფსიდი, 4 გუმბათქვეშა თაღი და საყრდენების ნაწილი. საშენ მასალად გამოყენებულია თეთრი, ნასვრეტებიანი ტუფი (კონსტრუქციულ ელემენტებში) და რიყის ქვა. კვადრატიდან წრეზე გადასვლა ხდება ტრომპებით. გუმბათსა და გუმბათის ყელზე შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები, რომლებიც, საღებავებით შესრულებული სამხრეთ ფასადის წარწერაში მოხსენებულ პირთა მიხედვით, IX საუკუნის დასაწყისს მიეკუთვნება. 1908 წლისთვის მონასტერი დანგრეული იყო. მონასტერში ინახებოდა ყანჩავეთის ტყავის სახარება.[1]

კაბენის მონასტერი
კაბენის მონასტერი

2006 წლის 7 ნოემბერს მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[2].

ლიტერატურა რედაქტირება

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 293.
  • Меписашвили Р. С., Цинцадзе В. Г., Архитектура нагорной части исторической провинции Грузии - Шида-Картли, Тб., 1975;
  • Чубинашвили Г. Н., Архитектурные памятники VIII и IX веков в Ксанском ущелье, «ქართული ხელოვნება», 1942, ტ. 1;

სქოლიო რედაქტირება