იყალთოს იოანე მახარებლის ეკლესია

არქიტექტურული ძეგლი, დგას სოფელ იყალთოს სამხრეთ განაპირას. სასაფლაოს ტერიტორიაზე. თარიღდება გ

იყალთოს იოანე მახარებლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, დგას სოფელ იყალთოს სამხრეთ განაპირას. სასაფლაოს ტერიტორიაზე. თარიღდება გვიანი შუა საუკუნეებით.

ეკლესია დარბაზულია, გეგმით ოდნავ დეფორმირებული სწორკუთხედის ფორმის. შედგება ქრონოლოგიურად განსხვავებული ორი სამშენებლო ფენისგან, რომლებიც ერთმანეთისაგან, როგორც საშენი მასალით ისე, ბათქაშის ფერითაც გაირჩევა. შენობის თავდაპირველი, ძირითადი ნაწილი რიყის ქვისაა და კედლების სიმაღლის თითქმის 3/4-ს მოიცავს. გვიანდელი ნაწილი კი, კვადრატული აგურის და ნატეხი ქვის შერეული წყობითა ნაგები. შიგნით ეკლესია შელესილი და შეთეთრებულია, რის გამოც კედლის თავდაპირველ და გვიანდელ ნაწილებს შორის საზღვარი არ ჩანს. ფასადებზე გვიანდელი წყობა თავდაპირველისგან განსხვავებით დაუდევრადაა შესრულებული და კედლის ზედაპირიც არასწორია. შენობა XIX საუკუნეშიც გაურემონტებიათ — სახურავის ფერდებზე აგურის ფენა დაუშენებით, რომლის სიმაღლე, ფერდობის დახრილობის შესაბამისად, კიდეებისკენ თანდათანობით მატულობს. ამის გამო განახლებული სახურავის ფერდების დახრილობა, თავდაპირველთან შედარებით ბევრად ნაკლებია. ამავე რემონტის დროს, ეკლესიის დასავლეთ კედელზე აგურის, პატარა სამრეკლო დააშენეს.

შესასვლელი დასავლეთითაა, კარი შიგნიდანაა, ფიცრით, თარაზულადაა გადახურული, გარედან კი შეისრულთაღიანი. აღმოსავლეთით გაბრტყელებული ნახვარწრის ფორმის აფსიდია, რომლის ღერძზე სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი. სარკმლის ქვემოთ, კედელზე, მიდგმულია აგურით ნაშენი,ოთხწახნაგა ტრაპეზი. აფსიდში სამი ნიშაა. მათგან ერთი სარკმლის სამხრეთითაა, ორი, ერთი მეორის ზემოთ ჩრდილოეთით, სამხრეთით მდებარე ნიშა სწორკუთხაა, ჩრდილოთით მდებარე ნიშებიდან ზედა — სწორკუთხაა, ხოლო ქვედა — შეისრულთაღოვანი. იგი ეკლესიის თავდაპირველ ფენაშია მოქცეული და დანარჩენებს თავისი სიდიდით ბევრად აღემატება. საკურთხეველი გადახურულია დადაბლებული პროპორციების, ამორფული ფორმის მქონე კონქით. რომლის თაღს ბოლოებგაშლილი ნახევარ წრის ფორმა აქვს. მსგავსი ფორმისაა კამარაც, ეკლესიის იატაკი მოგებულია კვადრატული აგურით. იატაკზე, აფსიდის მხრების ხაზზე, დაახლოებით 10 სმ სიმაღლის ზღუდეა, რომელიც როგორც ჩანს, ხის კანკელის დასაყრდნობად იყო განკუთვნილი. შენობის ფასადების მნიშვნელოვანი ფასადები შელესილია. აღმოსავლეთ ფასადზე ფრონტონის არეში აგურის წყობის შეღრმავებით, გამოსახულია საფეხუროვან ბაზისზე დაყრდნობილი ჯვარი. მსგავსი ჯვარია გამოსახული დასავლეთ ფასადზე, შესასვლელის გასწვრივ. ოღონდ, იგი წყობის შეღრმავებით კი არ არის გამოყვანილი, არამედ კედლის სიბრტყიდან ოდნავ გამოშვერილია. ეკლესიის კედლები დასრულებული იყო აგურის ორსაფეხურიანი ლავგარდნით,რომლის კვალი მხოლოდ განივ ფასადებზე იკითხება. გვიანდელ XIX საუკუნეში განახლებული ლავგარდანიც აგურისაა. მისგან მხოლოდ ფრაგმენტიღაა შემორჩენილი. სამრეკლო ოთხწახნაგაა, დგას გეგმით კვადრატულ საფუძველზე და ოთხივე მხარეს ვიწრო, თაღოვანი ღიობებითაა გახსნილი. შიგნით სამრეკლო გუმბათოვანი კამარითაა გადახურული, გარედან კი აგურისავე პირამიდული სახურავი აქვს.

ლიტერატურა

რედაქტირება