ისააკ თუმანიშვილი

ქართველი სამხედრო პირი.

ისააკ თუმანიშვილი (დ. 1803, თბილისი — გ. 23 აპრილი, 1880) — ქართველი სამხედრო პირი.

ბიოგრაფია რედაქტირება

რუსეთის იმპერიის არმიის ოფიცერი და საზოგადო მოღვაწე, „კოლეჟსკი ასესორის“ (კოლეჯის შემფასებელი, მე-8 კლასის სამოქალაქო წოდება რუსეთის იმპერიაში) შიოშბეკ სულხანის ძე თუმანოვის ოჯახში. მისი ძმა, ნიკოლოზ შიოშის ძე თუმანიშვილი, ასევე საჯარო პირი იყო, სახელმწიფო მრჩეველი და ამიერკავკასიის სახაზინო პალატის თავმჯდომარე.

ისააკ შიოს ძემ სამხედრო სამსახური დაიწყო 1826 წლის 27 ივლისს პრაპორშჩიკის წოდებით.

იგი მონაწილეობდა რუსეთ-ირანის (1826-1828), რუსეთ-ოსმალეთისა (1828-1929) და ყირიმის (1853-1856) ომებში.

1851 წელს, პოდპოლკოვნიკის ჩინით, იყო კავკასიის არმიის მთავარი შტაბის საველე აუდიტორიატის (სამხედრო სასამართლო) წევრი. 1852-1854 წლებში უკვე პოლკოვნოკის ჩინით იყო კავკასიის არმიის კორპუსის მთავარი შტაბის საველე აუდიტორიატის ქვეითი ჯარის ოფიცერი.

1860 წელს მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება. 1863 წლიდან მეთაურობდა ნავაგინის 78-ე ქვეით პოლკს, ირიცხებოდა კავკასიის არმიაში. 1868-1869 წლებში თავმჯდომარეობდა კავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების მთავარი შტაბის საველე აუდიტორიატს. ამავე დროს იყო ტფილისის გუბერნიის ციხეების სამეურვეო კომიტეტის დირექტორი, ხოლო, 1871-1879 წლებში — კავკასიის არმიის გენერალურ შტაბთან არსებული დამხმარე კომიტეტის წევრი. 1869 წლიდან რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-ლეიტენანტია. ისააკ თუმანიშვილი აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოებრივ საქმიანობაშიც: იგი მონაწილეობდა თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის დაარსებაში. 1871-1879 წლებში იყო ტფილისის ამიერკავკასიის საიმპერატორო ქალთა ინსტიტუტის სამეურვეო საბჭოსა და რუსეთის საიმპერატორო გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილების წევრი.

სამხედრო კარიერის მანძილზე ისააკ შიოს ძე დაჯილდოებული იყო თეთრი არწივის, წმ. ანას, წმ. გიორგის, წმ. სტანისლავისა და წმ. ვლადიმირის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით.

ორჯერ აქვს მიღებული ოქროს იარაღი 25 და 30-წლიანი სამსახურისთვის (1853, 1856). 1850 წელს წმ. ანას მე-2 ხარისხის ორდენზე დაუმატეს საიმპერატორო გვირგვინი. 1859 წელს კი ჯილდოდ მიიღო ბეჭედი მისი უდიდებულესობის გამოსახულებით.

მეგობრობდა გრიგოლ ორბელიანთან და ნიკოლოზ ბარათაშვილთან.

მისი მეუღლე იყო ნატალია დავითის ასული თამამშევი. მათ სამი ქალიშვილი ჰყავდათ — მარია, ნადეჟდა და მართა.

დაკრძალულია თბილისში, ვერის სასაფლაოზე.

ლიტერატურა რედაქტირება

  • საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV, თბ., 2018, გვ. 123

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება