სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ იოსები (მრავალმნიშვნელოვანი).

მიტროპოლიტი იოსები (ერისკაცობაში — გიორგი ვახტანგის ძე კიკვაძე; დ. 17 სექტემბერი 1959, სოფელი ზემო ფარცხმა, ჩოხატაურის რაიონი) — საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, შემოქმედის ეპარქიის მიტროპოლიტი; ანგელოზის დღე — 15 (28) სექტემბერი (ღირსი აბბა იოსებ ალავერდელის ხსენება); კათედრა შემოქმედსა და ოზურგეთში, რეზიდენცია ოზურგეთში, ლანჩხუთსა და ჩოხატაურში.

მაღალყოვლადუსამღვდელოესობა, მიტროპოლიტი
იოსები (კიკვაძე)
დროშა
დროშა
შემოქმედელი მიტროპოლიტი
ეკლესია: საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია
 
განათლება: თბილისის სამხატვრო აკადემია, თბილისის სასულიერო აკადემია
დაბადების სახელი: გიორგი კიკვაძე
დაბადება: 17 სექტემბერი, 1959 (1959-09-17) (64 წლის)
სოფელი ზემო ფარცხმა
ბერად აღკვეცა: 1991 წლის 16 მაისი
დიაკვნად კურთხევა: 1991 წლის 23 მაისი
მღვდლად კურთხევა: 1991 წლის 3 ნოემბერი
ეპისკოპოსად კურთხევა: 1995 წლის 7 აპრილი
მთავარეპისკოპოსობა ებოძა: 2000 წლის 28 ნოემბერი
მიტროპოლიტობა ებოძა: 2007 წლის 3 ივნისი

ბიოგრაფია რედაქტირება

მიტროპოლიტი იოსები, ერისკაცობაში გიორგი მილენის ძე კიკვაძე, დაიბადა 1959 წლის 17 სექტემბერს ჩოხატაურის რაიონის სოფელ ზედა ფარცხმაში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში, რომელიც დაასრულა 1978 წელს. 1978-1979 წლებში მუშაობდა ჩოხატაურის რაიონის სოფელ ჩაისუბნის საშუალო სკოლაში ხატვა-ხაზვის მასწავლებლად. 1979-1981 იყო წლებში სამხედრო სავალდებულო სამსახურში, დემობილიზაციის შემდეგ 1981-1985 წლებში ასწავლიდა ქანდაკებას, გრაფიკას და ფერწერას ჩოხატაურის სამხატვრო სკოლაში.

1985-1990 წლებში სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში. 1986 წლიდან გიორგი კიკვაძე თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძრის მრევლია, პარალელურად მსახურობდა სტიქაროსნად მცხეთაში, წმიდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში. 1990 წელს წავიდა საფარის მამათა მონასტერში, სადაც აკურთხეს მორჩილად, იმავე წელს უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ჩაირიცხა თბილისის სასულიერო აკადემიაში. 1991 წლის 16 მაისს, ამაღლების დღესასწაულზე, უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ აღკვეცა ბერად სვეტიცხოველში და უწოდა სახელად იოსები. 1991 წლის 23 მაისს პატრიარქმა მამა იოსები დავით-გარეჯის მონასტერში აკურთხა დიაკვნად. 1991 წლის 3 ნოემბერს უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ბერ-დიაკონი იოსები სიონის საპატრიარქო ტაძარში აკურთხა მღვდელ-მონაზვნად და განაწესა სვეტიცხოვლისა და წმიდა ნინოს დედათა მონასტრის მწირველ მღვდლად.

1992-1993 წლებში იგი მარტყოფის მამათა მონასტრის წინამძღვარია. 1993 წელს უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით აღყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში და დაინიშნა სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის წინამძღვრის მოადგილედ.

1995 წლის 7 აპრილს წმიდა სინოდის განჩინებით წმიდა ხარების დღესასწაულზე ეკურთხა შემოქმედელ ეპისკოპოსად. მისი ღვაწლით ეპარქიაში ამოქმედდა 42 ეკლესია, 5 მამათა და 2 დედათა მონასტერი, სადაც ღვთისმსახურებას ეწევა 21 სასულიერო პირი. მოქმედი ეკლესიებია: შემოქმედის მაცხოვრის სახელობის, ჯუმათის მთავარანგელოზის, მაკვანეთის ხარების, ასკანას ამაღლების, აჭის წმიდა გიორგის, ბახმაროს ფერისცვალების, ჭაჭიეთის შალვა ახალციხელის, ცხემლის ხიდის წმიდა ნიკოლოზის, ერკეთის მთავარანგელოზის, გორბეჟოულის სამების, ჯიხეთის ტაძრად მიყვანების, ჯიხეთის იოანე ნათლისმცემლის, ჯიხეთის წმიდა გიორგის სახელობის, ჯუმათის ხარების, ლანჩხუთის ივერიის ღვთისმშობლის, ლანჩხუთის პანტელეიმონ მკურნალის სახელობის, მზიანას წმიდა გიორგის, ნაგომარის წმიდა მარინეს, ნატანების წმიდა პანტელეიმონის, ხევის წმიდა ნიკოლოზის, უდაბნოს წმიდა იოანე ნათლისმცემლის, სუფსის ყოველთა წმიდათა, შუა ამაღლების, მამულარის ფერისცვალების, ბუკნარის ღვთისმშობლის, კვირიკეთის, შუხუთის წმიდა გიორგის, მერიის ღვთისმშობლის, ჩოხატაურის გრიგოლ ხანძთელის, ფარცხმის ხარების, აცნის, ოზურგეთის, ვაკიჯვრის, ჩიბათის, წყალწმიდის, გრიგოლეთის, დვაბზუს, მამათის, ამაღლების, აკეთის, მახვის, საჭაშისერის ეკლესიები. 2000 წლის 28 ნოემბერს მეუფე იოსებს მთავარეპისკოპოსის, ხოლო 2007 წლის 3 ივნისს მიტროპოლიტის პატივი მიებოძა. 2007 წლის 25 დეკემბერს მიტროპოლიტი იოსები დაჯილდოვდა წმიდა გიორგის პირველი ხარისხის ორდენით.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება