ინფრაწითელი გამოსხივება

ინფრაწითელი გამოსხივება — ელექტრომაგნიტური გამოსხივება, რომელიც მოიცავს სპექტრულ ინტერვალს ხილული არის წითელ ზღვარსა და რადიოგამოსხივებას შორის. პირობითად ამ სპექტრულ ინტერვალს ყოფენ ახლო, საშუალო და შორ ინფრაწითელ უბნებად. ინფრაწითელი გამოსხივება აღმოაჩინა ინგლისელმა მეცნიერმა უილიამ ჰერშელმა 1800 წელს.

ინფრაწითელ დიაპაზონში მიღებული ადამიანის გამოსახულება
ინფრაწითელი გამოსახულება

XIX საუკუნეში დაამტკიცეს, რომ ინფრაწითელი გამოსხივება ემორჩილება ოპტიკურ კანონებს და ისეთივე ბუნება აქვს, როგორიც ხილულ სინათლეს. ინფრაწითელი გამოსხივების სპექტრი ხაზოვანი, ზოლოვანი ან უწყვეტია. ხაზოვან, ზოლოვან სპექტრებს გამოასხივებს ორთქლი ან აირი, უწყვეტს კი — გახურებული მყარი და თხევადი სხეულები. შედარებით დაბალი ტემპერატურის (5000°C-ზე დაბალი) მქონე სხეულების გამოსხივება მთლიანად ინფრაწითელ არეაშია მოთავსებული, ხოლო უფრო მაღალი ტემპერატურის სხეულებისა — როგორც ინფრაწითელ, ისე ხილულ არეებში; მაგალითად, 6000 K-ის ტემპერატურის აბსოლუტურად შავი სხეულის გამოსხივების მხოლოდ 50%-ია ინფრაწითელ არეში. ინფრაწითელი გამოსხივების საუკეთესო წყაროა გავარვარებული სხეული, რომელსაც ფართოდ იყენებენ ტექნიკაში. ამჟამად იყენებენ აგრეთვე ინფრაწითელი გამოსხივების შედარებით ახალი ტიპის წყაროს — კვანტურ ოპტიკურ გენერატორებს (ლაზერებს). ინფრაწითელი გამოსხივების რეგისტრაციის პრინციპი დაფუძნებულია მის სითბურ ან ფოტოელექტრულ მოქმედებაზე.

ინფრაწითელ გამოსხივებას დიდი გამოყენება აქვს მეცნიერებასა და ტექნიკაში. ინფრაწითელი არის შთანთქმისა და გამოსხივების სპექტრებს იყენებენ მოლეკულების სტრუქტურისა და რთული მოლეკულური შედგენილობის მქონე ნივთიერებების ნარევის თვისებრივი და რაოდენობრივი ანალიზისათვის. ინფრაწითელ ფოტოგრაფიას დიდი უპირატესობა აქვს ხილული სხივებით ფოტოგადაღებასთან შედარებით. მისი საშუალებით 5000 კმ-ით დაშორებული საგნების მკაფიო ფოტოსურათები მიიღება. მასზე შეიძლება გამომჟღავნდეს საგნის ისეთი დეტალები, რომლებიც არ შეიმჩნევა ჩვეულებრივ ფოტოსურათებზე. ამ თვისებებს იყენებენ მედიცინასა და ბოტანიკაში (სხვადასხვა დაავადებათა დადგენისათვის), კრიმინალისტიკაში, აეროფოტოგადაღებებსა და ასტრონომიაში. ინფრაწითელი სხივებით ფოტოგადაღება შეიძლება სრულ სიბნელეშიც. სპეციალურ ელექტრონულ-ოპტიკური გარდამქმნელები თვალით უხილავ ინფრაწითელ გამოსახულებას გარდაქმნიან ხილულ გამოსახულებად.

ლიტერატურა რედაქტირება