იმუნოლოგია
იმუნოლოგია (ლათ. immunitas — „განთავისუფლება“, „თავის დახსნა“ და ბერძ. λόγος [logos] — „სიტყვა“, „მოძღვრება“) — მეცნიერება ორგანიზმის დაცვით (უპირატესად სპეციფიკურ) რეაქციათა შესახებ. იმუნოლოგია შეისწავლის იმუნური სისტემის უჯრედული და ჰუმორული კომპონენტების ურთიერთქმედებას ნორმასა და პათოლოგიაში. თანამედროვე სამედიცინო-ბიოლოგიური მეცნიერების ერთ-ერთ უდიდეს მიღწევას იმუნოლოგიის ინტენსიური განვითარება წარმოადგენს. ბოლო ათწლეულების განმავლობაში, მოლეკულურ ბიოლოგიასა და გენეტიკაში გამოყენებული ტექნოლოგიების განვითარების ფონზე, იმუნური სისტემის ფუნქციონირების მრავალი მექანიზმი გაიშიფრა. ბევრმა მათგანმა ძირფესვიანად შეცვალა იმუნური სისტემის შესახებ ადრე არსებული შეხედულებები.
იმუნოლოგია როგორც მეცნიერება, თავდაპირველად ინფექტოლოგიის სფეროში წარმოიშვა. უფრო მოგვიანებით გაირკვა, რომ იმუნური სისტემა, ნერვულ და ენდოკრინულ სისტემასთან ერთად, ფუნქციურად ერთიან, ორგანიზმის ზოგადმარეგულირებელ სისტემას წარმოადგენს. ამიტომ ძნელად თუ მოიძებნება ისეთი დაავადება, რომლის დროსაც იმუნური სისტემის რომელიმე რგოლში პათოლოგიური ძვრები არ ვითარდებოდეს. ეს დარღვევები ზოგჯერ დაავადების აღმოცენების მიზეზს, ზოგჯერ კი მის შედეგს წარმოადგენს. ორგანიზმის ჰომეოსტაზის მუდმივობის შენარჩუნება იმუნური სისტემის მთავარი დანიშნულებაა. იმუნური სისტემა ორგანიზმში შეჭრილ მიკროორგანიზმებს და, ასევე, ორგანიზმში წარმოქმნილ სიმსივნურ უჯრედებს ანადგურებს. წარმატებული იმუნური პასუხის შედეგია ინფექციური აგენტებისადმი მდგრადობა და სიმსივნის განვითარების აღკვეთა. იმუნური სისტემა ერთმანეთისგან განარჩევს „საკუთარ" და „უცხო" უჯრედებს. იმუნური სისტემის გამანადგურებელი ზემოქმედებისაგან საკუთარი ქსოვილების დაცვა ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირების აუცილებელ პირობას წარმოადგენს. საკუთარი ქსოვილების განადგურების თავიდან აცილებას აუტოტოლერანტობა (საკუთარისადმი შეგუება) ეწოდება. მისი დარღვევის შემთხვევაში აუტოიმუნური დაავადებები ვითარდება. ნორმაში იმუნური პასუხი მხოლოდ უცხო, და ამასთანავე, ორგანიზმის დამაზიანებელი აგენტის წინააღმდეგ უნდა აღიძრას. ამდენად, იმუნური სისტემის მთავარი ფუნქცია ორგანიზმისთვის უცხო, საშიში აგენტის განადგურებაა საკუთარი ქსოვილების დაზიანების გარეშე.
იმუნურ სისტემაში განარჩევენ ცენტრალურ და პერიფერიულ ორგანოებს. ძვლის ტვინი და თიმუსი ცენტრალურ (პირველადი) ლიმფური ორგანოებია. ცენტრალურ ლიმფურ ორგანოებში ყოველდღიურად მრავალი ლიმფოციტი წარმოიქმნება და მწიფდება. მომწიფების შემდეგ ისინი მზად არიან თავიანთი ფუნქციის შესასრულებლად. მწიფე ლიმფოციტები ცენტრ. ორგანოებს ტოვებენ და პერიფერიაზე გადადიან. მათი ნაწილი მეორად ლიმფურ ორგანოებსა და ქსოვილებში ცირკულირებს. ლიმფოციტები პერიფერიული სისხლის ლეიკოციტების 20-40% შეადგენს.
პერიფერიული (მეორადი) ლიმფური ორგანოები და ქსოვილებია: ლიმფური კვანძები, ელენთა და ლორწოვან გარსებთან ასოცირებული ლიმფური ქსოვილი. მათი ფუნქციაა ორგანიზმში მოხვედრილი ანტიგენის დაჭერა და ლიმფოციტთან მისი შეხვედრის უზრუნველყოფა, რასაც იმუნური პასუხი მოჰყვება.
იმუნური პასუხი შეიძლება იყოს თანდაყოლილი და ადაპტაციური (შეძენილი), უჯრედული და ჰუმორული. იმუნურ პასუხში მონაწილე უჯრედებია: თ-ლიმფოციტი, B-ლიმფოციტი, NK-უჯრედი, ნეიტროფილი, ეოზინოფილი, ბაზოფილი, პოხიერი უჯრედი, მონოციტი და სხვ. B-ლიმფოციტი ანტიგენის საპასუხოდ ანტისხეულებს წარმოქმნის. ანტისხეული ცილაა, რ-იც ანტიგენს სპეციფიკურად უკავშირდება.
ალერგია, ასთმა, იმუნოდეფიციტები, რევმატული დაავადებები, ვასკულიტები, ენდოკრინული სისტემის, თირკმლის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ნერვული სისტემის, კუნთოვანი სისტემის, სისხლის იმუნური დაავადებები და კიბო – ეს იმ პათოლოგიათა ჩამონათვალია, რომლებიც უშუალოდ კლინიკური იმუნოლოგიის სფეროს მიეკუთვნება.
ვაქცინაცია (იმუნიზაცია), პრაქტიკული იმუნოლოგიის ყველაზე დიდი და მრავალსაუკუნოვანი „პროექტია". საყოველთაო ვაქცინაციის შედეგად XX საუკუნის ბოლოს მთლიანად იყო ლიკვიდირებული ყვავილი და პოლიომიელიტი. მნიშვნელოვნად შემცირდა გრიპის, შავი ჭირის, ქოლერის, ტიფის, ტკიპისმიერი ენცეფალიტის და სხვ. შემთხვევები. სადღეისოდ შექმნილია ვირუსული ჰეპატიტებისა და პაპილომავირუსების, კომბინირებული (უნივერსალური) ანტიგრიპოზული ვაქცინები, მიმდინარეობს აივ-ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნა.
იმუნოდეფიციტები – იმუნოდეფიციტური მდგომარეობა (ხშირად გვხვდება ბავშვებსა და მოხუცებში). ვითარდება ერთიანი იმუნური სისტემის რამდენიმე კომპონენტის დეფიციტის შემთხვევაში. თანდაყოლილ, ანუ პირველად იმუნოდეფიციტს გენეტ. დეფექტი იწვევს, შეძენილი, ანუ მეორადი იმუნოდეფიციტი კი სხვა რაიმე დაავადების ან გარემო ფაქტორების ზემოქმედების შედეგად ვითარდება.
აუტოიმუნური დაავადების დროს იმუნური სისტემა საკუთარ ქსოვილებს აზიანებს (მაგალითად, სისტემური წითელი მგლურა, რევმატოიდული ართრიტი, ჰაშიმოტოს დაავადება და ავთვისებიანი მიასთენია). ამ შემთხვევაში ანტიგენი, რომელიც იმუნურ პასუხს აღძრავს, საკუთარია. ბუნებრივია, რომ მისი განადგურების მცდელობა საკუთარი ქსოვილის დაზიანებით მთავრდება. კლასიკური მაგალითი: ადამიანის ორგანიზმში არის ორგანოები, რომლებიც მთელი სხეულისგან გამიჯნულია ფიზიოლოგიური ბარიერებით (ცენტრალური ნერვული სისტემა, ფარისებრი ჯირკვალი, თვალი, მამაკაცის სასქესო ჯირკვლები, ნაყოფი). ისინი წარმოადგენენ საკუთარი იმუნური სისტემის უცხო სხეულს. ამ ბარიერების დარღვევისას ყალიბდება აუტოიმუნური კონფლიქტი.
ალერგია, ისევე როგორც აუტოიმუნური დაავადება, იმუნური პასუხის რეგულაციის დარღვევის შედეგია. ალერგიის შემთხვევაში იმუნური პასუხი გარემოს უსაფრთხო ანტიგენების (ყვავილისა და ოთახის მტვერი, საკვები პროდუქტები და სხვ.) საწინააღმდეგოდ აღიძვრება. ასეთი იმუნური პასუხი საკუთარ უჯრედებსა და ქსოვილებს აზიანებს.
სიმსივნის იმუნოლოგია – იმუნური სისტემა სიმსივნურ უჯრედებს გამოიცნობს და ანადგურებს. გადარჩება მხოლოდ ის სიმსივნური უჯრედი, რომელიც იმუნური სისტემის ზედამხედველობას თავიდან აიცილებს. სიმსივნეებზე იმუნური ზედამხედველობის იდეა ფ. ბერნეტს ეკუთვნის. თანამედროვე შეხედულებით გასათვალისწინებელია არა მხოლოდ ის ფაქტი, რომ იმუნურ სისტემას სიმსივნური უჯრედის აღმოჩენისა და განადგურების უნარი აქვს, არამედ ისიც, რომ სიმსივნე თავად ზემოქმედებს იმუნურ სისტემაზე, რითაც თავის საწინააღმდეგო იმუნურ პასუხს აქვეითებს.
ტრანსპლანტაციური იმუნოლოგია – კლინიკური მედიცინის კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი სფეროა. იმუნოლოგიური მიდგომის გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა ტრანსპლანტოლოგიის მიღწევები.
კვლევის იმუნოლოგიური მეთოდები დიდი სპეციფიკურობითა და მგრძნობელობით გამოირჩევა. იმუნოფლუორესცენციული, იმუნოფერმენტული, რადიოიმუნური და სხვა მეთოდები მედიცინის ყველა დარგში გამოიყენება. ნანოტექნოლოგიების დახმარებით შექმნილი „ექსპერ-ტესტები" რამდენიმე წუთში არა მარტო სხვადასხვა ინფექციების დიაგნოსტირების, არამედ ონკომარკერების, სომატური და გენეტიკური დარღვევების პრედიქტორების, წამალდამოკიდებულების, ორსულობის და სხვ. გამოვლენის საშუალებას იძლევა. იგივე ითქმის პროფილაქტიკისა და მკურნალობის იმუნურ მეთოდებზეც. იმუნური სისტემის კომპონენტების გამოყენება დაავადებათა სამკურნალოდ იმუნოთერაპიის სახელითაა ცნობილი. მას, ქიმიოთერაპიასთან და რადიოთერაპიასთან ერთად, ხშირად იყენებენ სიმსივნეების სამკურნალოდ. იმუნოთერაპია ფართოდ გამოიყენება ასევე იმუნოდეფიციტების, აუტოიმუნური პათოლოგიების, ალერგიის და სხვა დაავადებების დროს.
საქართველოში ამ პრობლემატიკაზე მუშაობს თსსუ, თსუ, „დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი", სს "ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინ. იმუნოლოგიის სამეცნ.პრაქტიკული ცენტრი", თსსუ-ის ვ. ბახუტაშვილის სახ. სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტი, საქართვ. იმუნოლოგთა და ალერგოლოგთა ასოციაცია და სხვ. მედიცინის ამ სფეროს ღირსეული წარმომადგენლები არიან: ნ. გოგებაშვილი, ვ. ბახუტაშვილი, ი. მალაშხია, ვ. მეუნარგია, ბ. კორსანტია, ი. გიორგაძე, ა. გამყრელიძე, ა. თელია, მ. გოთუა და სხვ.
ლიტერატურა
რედაქტირება- კორსანტია ბ., ჩიქოვანი თ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 263-264.
- გიორგაძე ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 125.