იმანდრა (რუს. Имандра) — ტბა რუსეთში, მურმანსკის ოლქში. მდებარეობს კოლის ნახევარკუნძულის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მყინვარულ-ტექტონიკურ ქვაბულში, ზღვის დონიდან 126,7 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 876 კმ², საშუალო სიღრმე 16 მ, მაქსიმალური სიღრმე 67 მ. ბევრია ხმელეთში ღრმად შეჭრილი ყურე, მხოლოდ ჩრდილოეთ ნაწილში არსებული აღმოსავლეთი ნაპირია სწორი. ვრცელდება მონჩეტუნდრას, ჩუნატუნდრასა და ხიბინებს შორის.[1]

იმანდრა
ტბა იმანდრა
ტბა იმანდრა
კოორდინატები: 67°40′00″ ჩ. გ. 33°00′00″ ა. გ. / 67.66667° ჩ. გ. 33.00000° ა. გ. / 67.66667; 33.00000
მდებარეობა რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეული მურმანსკის ოლქი
სიმაღლე ზღვის დონიდან 126,7 
სიგრძე 120 კმ
სიგანე 14 კმ
ფართობი 876 კმ²
მოცულობა 11,2 კმ³
საშუალო სიღრმე 16 
მაქსიმალური სიღრმე 67 
გამჭვირვალობა 11 
აუზის ფართობი 12,342 კმ²
გამომდინარე მდინარე ნივა
იმანდრა — რუსეთი
იმანდრა

უხვადაა კუნძულები, სულ 140-ზე მეტი კუნძულია, რომელთაგან უდიდესია კუნძული ერმი, რომლის ფართობია 26 კმ². იმანდრა შედგება 3 ნაწილისაგან: ჩრდილოეთი ანუ ხიბინსკაია-იმანდრა (ფართობია 328 კმ², სიგრძე დაახლოებით 55 კმ, სიგანე 3-5 კმ); ცენტრალური ანუ ეკოსტროვსკაია-იმანდრა (ფართობი 351 კმ², სიგანე დაახლოებით 12 კმ) და დასავლეთი ანუ ბაბინსკაია-იმანდრა (ფართობი 133 კმ²). ჩრდილოეთი და ცენტრალური იმანდრა დაკავშირებულია 700 მ სიგანის ეკოსტროვსკაიას სრუტით, ხოლო დასავლეთი იმანდრა ცენტრალურთან მოკლე სრუტით შიროკაია-სალმა.[2]

ორივე აღნიშნული სრუტე ავტოგზის მ-18 „კოლა“ აშენების გამო ნაწილობრივ ჯებირებითაა მოყრილი. ამ ღონისძიებამ მნიშვნელოვნად შეამცირა წყალცვლა იმანდრის სამ ნაწილს შორის და ფაქტობრივად ტბა სამ ნაწილად დაიყო. ტბის აღმოსავლეთ ნაწილს ბევრი მდინარე ერთვის, რომლებიც რთულ ტბიურ-მდინარეულ სისტემას ქმნიან. საერთო ჯამში ტბას დაახლოებით 20 მდინარე ერთვის. ცენტრალური იმანდრიდან სათავეს იღებს მდინარე ნივა.[2]

ტბა საზრდოობს თოვლისა და წვიმის წყლით. მაღალი დონეა ივნისის ბოლოს, დაბალი — აპრილში; იყინება ნოემბერში, ყინულისგან თავისუფლდება მაისში. ტბა მშფოთვარეა. იმანდრის წყლები გამოირჩევა მაღალი გამჭვირვალობით (11 მ-მდე). მდიდარია თევზით, მოიპოვება: სიგი, ჰარიუსი, გოჭალა და სხვა. 1952 წელს მდინარე ნივაზე ნივა ჰეს-1-ის შექმნის შედეგად იმანდრა გახდა მრავალწლიანი რეგულირების წყალსაცავი. გამოიყენება აგრეთვე ხე-ტყის დასაცურებლად და წყალმომარაგებისათვის. იმანდრის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზეა ქალაქი მონჩეგორსკი.[2]

იხილეთ აგრეთვერედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება