ალაზან-იალოილუთეფეს კულტურა

(გადამისამართდა გვერდიდან იალოილუთეფეს კულტურა)

ალაზან-იალოილუთეფეს კულტურა, იალოილუთეფეს კულტურა, ძვ. წ. I ათასწლეულის დასასრულისა და ახ. წ. I საუკუნის არქეოლოგიური კულტურა. გავრცელებული იყო თანამედროვე აზერბაიჯანის ჩრდილოეთ-დასავლეთ ტერიტორიაზე და საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარეების ალაზნისა და ივრის შუა- და ქვემოწელზე. ამ კულტურის პირველი ძეგლი გათხარა დ. შირიფოვმა 1926 იალოილუთეფეზე (აფთარანის ველი, აზერბაიჯანი). 1937 წელს გ. ნიორაძემ ალაზნის ველზე, სოფ. არხილოსკალოს მიდამოებში შეისწავლა ამ კულტურის სამაროვანი და კულტურას ალაზნის ველის კულტურა უწოდა. არქეოლოგიურმა კვლევამ ცხადყო, რომ ეს კულტურები ერთი მთლიანი მოვლენაა და გენეტიკურად უკავშირდება სამხრეთ აზერბაიჯანს და ჩრდილოეთ ირანის უძველეს კულტურებს, საიდანაც გავრცელდა ჩრდილო-დასავლეთით, თანამედროვე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე და იორ-ალაზნის აუზში.

აღმოსავლეთ საქართველოში აღმოჩენილ არქეოლოგიური მასალა ასახავს ალაზან-იალოილუთეფეს კულტურის გავნითარების ბოლო ეტაპს. რადგანაც იორ-ალაზნის აუზში ჰერები ცხოვრობდნენ, ამიტომ ქართულ არქეოლოგიის ისტორიაში ამ კულტურას ჰერულ კულტურასაც უწოდებენ. ალაზან-იალოილუთეფეს კულტურა შესწავლილია სამარხეული მასალით. სამარხები წარმოადგენს 0,7-1,5 მ სიღრმის ოვალურ ორმოებს, რომლებშიც ესვენა ნივთებშემოწყობილი და ხელფეხმოკეცილი (ან გაშოტილი) მიცვალებული. ალაზნის ველზე გარდა ორსამარხებისა, ნაპოვნია ქვევრსამარხებიც (მუკუზანი, წითელი წყარო და სხვა); მოპოვებულია სხვადასხვა ზომისა და მოყვანილობის ღია-მოწითალო და ლეგამონაცისფრო თიხის ჭურჭელი, რკინის საბრძოლო და სამეურნეო იარაღი (ბარები, ვაზის სასხლავი დანები და სხვა), მინის, ბრინჯაოს, რკინის, ძვლის, სარდიონის, ტოპაზის და სხვა მასალის სამკაული. თიხის ნაკეთობა გამოირჩევა ფორმის მრავალფეროვნებითა და დამზადების მაღალი ხელოვნებით. ალაზან-იალოილუთეფეს კულტურის მატერებელი ტომები, როგორც ჩანს, მისდევდნენ მიწათმოქმედებას, მესაქონლეობას, განსაკუთრებით კი მებაღეობა-მევენახეობას. ახ. წ. I საუკუნიდან ალაზან-იალოილუთეფეს კულტურამ თანდათანობით დაკარგა თავისი სახე და მალე გაქრა. ალაზან-იალოილუთეფეს კულტურის შესწავლა ხელს უწყობს ორი უძველესი კავკასიის სახელმწიფოს - იბერიისა და ალბანეთის ურთიერთობის ისტორიის გაშუქებას.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ნიორაძე გ., ალაზნის ველის გათხრები, თბ., 1940;
  • საქართველოს არქეოლოგია, თბ., 1959;
  • Иессен А. А., Культура Ялойлу-Тапа в Закавказье, Л., 1929 (Гос. академия истирии материальний культуры, сб. 1);
  • Исмизаде О. Ш., Ялойлутепинская культура, Баку, 1956
  • ქსე, ტ. 1, გვ. 262-263, თბ., 1975
  • ლაღიაშვილი გ. იალოილუთეფეს კულტურა ალაზნის ველზე.-თბ.,2020.