თერგვისის ღვთისმშობლის ეკლესია
თერგვისის ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თერგვისის სასაფლაოზე. აგებულია XVI-XVII საუკუნეებში.
ეკლესია დარბაზულია. ნაშენია რიყის ქვით, თლილი ტუფით და ქართული აგურით. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდაა, ცენტრში სარკმელით და გვერდებზე თაღოვანი ნიშებით. კამარა და კონქიც ქართული აგურისაა. ტრიუმფალური თაღი თლილ კაპიტელებს ეყრდნობა. გრძივი კედლების ცენტრებში განიერი პილასტრებია თლილი კაპიტელებით, რომლებსაც აგურის თაღი ეყრდნობა. სამხრეთის კედლის აღმოსავლეთ ნაწილში და დასავლეთის კედლის ცენტრში თითო სარკმელია. სამხრეთის კედლის დასავლეთ ნაწილში თაღოვანი კარებია. აფსიდის იატაკი ერთი საფეხურით მაღალია დარბაზის იატაკზე. ეკლესიაში რუსული კანკელია.
დასავლეთი ფასადის ზედა ნაწილში ჯვრის გამოსახულებიანი კვადრი თავდაყირაა ჩატანებული. ეკლესია შიფერითაა გადახურული. სახურავის დასავლეთ კეხზე სამრეკლოა დადგმული. ეკლესიას სამხრეთით გარსშემოსავლელის კვალი ეტყობა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 5871