თეისტური ალბათობის სპექტრი

თეისტური ალბათობის სპექტი — ინდივიდუალური რწმენის კატეგორიზაცია ღმერთის (ღვთაების) არსებობის ალბათობის მიხედვით. პოპულარიზაცია გაუწია რიჩარდ დოკინზმა წიგნში „ღმერთი, როგორც დელუზია“.

რიჩარდ დოკინზი არასამთავრობო ორგანიზაცია „ამერიკელი ათეისტების“ 35-ე ყრილობაზე.

ათეიზმი, თეიზმი და აგნოსტიციზმი

რედაქტირება

ჯონ სმარტი ამტკიცებს, რომ განსხვავება ათეიზმსა და აგნოსტიციზმს შორის ბუნდოვანია და ბევრი, ვინც საკუთარ თავს დაჟინებით უწოდებს აგნოსტიკს, სინამდვილეში, ათეისტია. იგი წერს, რომ არასწორი დახასათების მიზეზი უსაფუძვლო ფილოსოფიური სკეპტიციზმია, რომელიც საშუალებას არ გვაძლევს, სამყაროს შესახებ ცოდნაზე პრეტენზია გვქონდეს.[1] სანაცვლოდ, იგი შემდეგი სახის ანალიზს გვთავაზობს:

მოდით, განვიხილოთ, რამდენად სწორი იქნება ვინმეს (დავარქვათ „ფილო“, Philo) მხრიდან, საკუთარი თავი დაახასიათოს, როგორც თეისტი, ათეისტი ან აგნოსტიკი. ჩემი აზრით, თუ „ფილო“ ჩათვლის, რომ მის წინაშე არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, თეიზმის ალბათობა ერთთან ახლოს დგას, იგი საკუთარ თავს თეისტს უწოდებს, თუ აღნიშნული ალბათობა ნულს უახლოვდება, მან თავს ათეისტი უნდა დაუძახოს, ხოლო თუ იგი სადღაც შუაშია – აგნოსტიკი. მკაცრი წესები არ არსებობს, რადგან საზღვრები ბუნდოვანია. თუ საჭიროა, შუახნის კაცივით, რომელიც დარწმუნებული არაა, თავს მელოტი უწოდოს თუ არა, აღნიშნულმა ინდივიდმა თავისი პოზიცია უფრო დაწვრილებით უნდა ახსნას.[1]

დოკინზის ფორმულირება

რედაქტირება

წიგნში „ღმერთი, როგორც დელუზია“ რიჩარდ დოკინზი ამტკიცებს, რომ „ღმერთის არსებობა ისეთივე სამეცნიერო ჰიპოთეზაა, როგორც ნებისმიერი სხვა“. შემდეგ, იგი გვთავაზობს ალბათობათა უწყვეტ სპექტრს ორ უკიდურეს წერტილს შორის, რომელიც წარმოდგენილია შვიდი ეტაპის („საგზაო ნიშნის“, ინგლ. milestone) სახით. დოკინზი, აგრეთვე, აყალიბებს აღნიშნული ეტაპების განსაზღვრებებს, რომელიც მოკლედ აღწერს ინდივიდის მდგომარეობას სპექტრის ფარგლებში.[2]

  1. ძლიერი თეისტი – ღმერთის არსებობის 100%-იანი ალბათობა. კარლ იუნგის სიტყვებით: „მე არ მწამს, მე ვიცი“.
  2. დე ფაქტო თეისტი – ძალიან მაღალი ალბათობა, თუმცა, არა 100%. „არ ვიცი ზუსტად, მაგრამ ძლიერად მწამს ღმერთის არსებობის და ვცხოვრობ იმ დაშვებით, რომ იგი არსებობს.“
  3. გადახრილი თეიზმისკენ – 50%-ზე მეტი, მაგრამ არა ძალიან მაღალი ალბათობა. „დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ ვიხრები ღმერთის რწმენისკენ.“
  4. სრულებით ნეიტრალური – ზუსტად 50%. „ღმერთის არსებობა და არარსებობს ზუსტად ერთნაირად სავარაუდოა.“
  5. გადახრილი ათეიზმისკენ – 50%-ზე ნაკლები, მაგრამ არა ძალიან დაბალი ალბათობა. „არ ვიცი, არსებობს თუ არა ღმერთი, მაგრამ ვიხრები სკეპტიციზმისკენ.“
  6. დე ფაქტო ათეისტი – ძალიან მაღალი ალბათობა, თუმცა, არა 0. „არ ვიცი ზუსტად, მაგრამ ღმერთის არსებობა ძლიერ საეჭვოდ მიმაჩნია და ვცხოვრობ იმ დაშვებით, რომ იგი არ არსებობს.“
  7. ძლიერი ათეისტი – „მე ვიცი, რომ ღმერთი არ არსებობს, იმავე დარწმუნებით, როგორც იუნგმა იცის, რომ იგი არსებობს.“

დოკინზი ამტკიცებს, რომ ბევრი ადამიანი საკუთარ თავს პირველ კატეგორიას მიაკუთვნებს. ამის მიზეზად ის რელიგიური ინდოქტრინაციის სიმკაცრეს და ყოველგვარი ეჭვის მიუღებლობას ასახელებს. ამავე დროს, ათეისტების დიდი ნაწილი თავის თავს მე-7 კატეგორიაში არ თვლის, რადგან ათეიზმის საფუძველი მტკიცებულებების არარსებობაა და თუ მსგავსი მტკიცებულება გამოჩნდება, ამას იოლად შეუძლია მოაზროვნე ადამიანის აზრის შეცვლა. ბეჭდურ გამოცემებში დოკინზი საკუთარ თავს მე-6 კატეგორიაში თვლის, თუმცა, ბილ მაერთან ინტერვიუში,[3] მოგვიანებით კი, ენტონი კენისთან საუბარშიც,[4] მან განაცხადა, რომ მის მდგომარეობას 6.9 უფრო ზუსტად ასახავს.

  1. 1.0 1.1 Smart, Jack (2004). „Atheism and Agnosticism“. Stanford Encyclopedia of Philosophy. ციტირების თარიღი: 2007-04-28.
  2. Dawkins, Richard (2006). The God Delusion. Bantam Books, გვ. 50. ISBN 0-618-68000-4. 
  3. Richard Dawkins on Bill Maher. YouTube (2008-04-11). ციტირების თარიღი: 2012-06-15.
  4. Bingham, John (February 24, 2012). „Richard Dawkins: I can't be sure God does not exist“. The Telegraph. ციტირების თარიღი: February 24, 2012.