თაქ-ქილისარკინის ხანის (ძვ. წ. X-VI სს.) არქეოლოგიური ძეგლი თრიალეთში, წალკის ზეგანზე, მდ. ხრამის მარჯვენა ნაპირას. 1937 და 1948 წლებში გაითხარა (ბ. კუფტინი) 67 სამარხი, რომლებიც წარმოადგენდა 6-8 ფილაქვისაგან აგებულ, ზემოდან 2 ან მეტი მასიური ბრტყელი ქვით გადახურულ ყუთებს. მათი ძირი გრუნტზე იდო. სამარხები ძირითადად ინდივიდუალურია. თითო ყუთში იშვიათად იყო დაკრძალული 2-3 მიცვალებული გვერდზე ხელფეხმოკეცილი ან მჯდომარე. არდინდელ სამარხებში (ძვ. წ. X-IX სს.) გვხვდება მეთუნის მორგვზე დამზადებული რუხი ფერის თიხის ჭურჭელი (უმეტესად სახეებით შემკული დოქები, ქვაბ-ქოთნები, კოჭბები და სხვა), ლითონის ნაწარმი (ბრინჯაოს შუბები, გრძელყუნწიანი ისრისპირები, ორთითა, ბუნიკები, სარტყლის ფრაგმენტები, სამაჯურები, რკინის შუბები და სხვა), სარდიონის მძივები. გვიანდელი (ძვ. წ. IX-VI სს.) სამარხებში აღმოჩნდა ჩარხზე დამზადებული ჭდეული და ნაპრალები ზოლებით შემკული თიხის ჭურჭელი, ბრინჯაოს ლაგმები, ვარდულები, სამაჯურები; რკინის გრძელმასრიანი შუბები, სამაჯურის ფრაგმენტები; სარდიონის, თეთრი პასტისა და სხვადასხვა ფერის მინის მძივები.[1][2]

ხეობაში ზედაპირულად აკრეფილია პალეოლითის ხანის მასალა (ობსიდიანის 1000-ზე მეტი ნაწარმი). გვხვდება ამოღარული და ლევალუაზური ანატკეცები, ბრტყელი და ამორფული ნუკლეუსები, საჭრისები, ლამელები, საფხეკები, რომელთაგან დიდი ნაწილი მცირე ზომის ანატკეცებისაგანაა დამზადებული. აგრეთვე მიკროსეგმენტი და მიკროტრაპეცია, მუტიჟური წვეტანები და მცოცავი რეტუშით დამუშავებული ისრისწვერი. მოპოვებულია აგრეთვე ნუშისებური მოყვანილობის გვიანდელი აშელური ხელნაჯახი.

თაქ-ქილისა — სხვადასხვა დროის პეტროგლიფები, აღმოჩენილი სოფლის ტერიტორიაზე, წალკის სამხრეთ-დასავლეთით 10 კმ-ზე, ხეობის მარჯვენა ნაპირზე, კლდის გაშიშვლებულ ზედაპირზე. აღმოჩენილია 1976 წელს (მ. გაბუნია) კლდეზე ამოკაწრულია ცხენის, ირმის, ჯიხვის, მელიის, შვლის, ორკუზიანი აქლემის, ლომისა და სხვა ცხოველთა გამოსახულებანი. გვხვდება ფანტასტიკური ცხოველებიც (ორკუზიანი ცხენი, ფრინველისფეხებიანი კუ). აგრეთვე კომპოზიციებიც - შველის ნუკრი, რომელიც დედის ძუძუს წოვს. არის ადამიანთა გამოსახულებანიც - კაცები ჯოხით ხელში და მშვილდისრით გვერდზე. გვხვდება მზისა და ჯვრის გამოსახულებაც და გაურკვეველი დანიშნულების გეომეტრიული ფიგურები.
თაქ-ქილისის პეტროგლიფებში შეიმჩნევა ზურტაკეტის ბრინჯაოს ხანის გორასამარხების მშენებლობაში გამოყენებული ნიშნიანი ქვებისა და სვანეთში მიცვალებულის კულტთან დაკავშირებული გრაფიკული ხელოვნების ტრადიციები.[3][4][5][6]

  1. Куфтин Б. А., Археологические раскопки в Триалети, кн. 1, Тб., 1941;
  2. მენაბდე მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 592.
  3. გაბუნია მ., უნიკალური ძეგლი, «კომუნისტი», 1976, 22 ოქტომბერი
  4. ჯაფარიძე ო., არქეოლოგიური გათხრები თრიალეთში, თბ., 1969
  5. Бардавелидзе В. В., Древнейшие религиозные верования и обрядовое графиыеское искусство грузинских племён, Тб., 1957
  6. გაბუნია მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 592.