ვერტაში
ვერტაში, სამერცხლე კლდე, თავკვეთულის მონასტერი — უდაბნო, კლდეში ნაკვეთი ქართული ხუროთმოძღვრული კომპლექსი ასპინძის მუნიციპალიტეტში, ასპინძიდან 35 კმ-ზე, სოფლებს მირაშხანსა და ვარძიას შორის, მდ. მტკვრის ხეობის ზემოწელში.
ვერტაში | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 41°21′21″ ჩ. გ. 43°15′27″ ა. გ. / 41.356000° ჩ. გ. 43.257500° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | საქართველო |
მუნიციპალიტეტი | ასპინძის მუნიციპალიტეტი |
დეტალები
|
შედგება კლდეში გამოკვეთილი ეკლესიისა („თავკვეთულა“) და ეკლესიის სარკმლის დონეზე განლაგებული მონაზონთა სამყოფი თითო ჩამოშლილი ქვაბებისაგან, სადაც მხოლოდ მთამსვლელური ტექნიკის დახმარებით შეიძლება შეღწევა. ქვაბები მეუდაბნოეობების ეპოქის VI–VIII საუკუნეების ძეგლებს მიეკუთვნება, ხოლო ეკლესია VIII საუკუნით თარიღდება.
ეკლესია გრძელი, ვიწრო და მაღალი პროპორციების დარბაზული ნაგებობაა, აღმოსავლეთით ნალისებრი ფორმის საკურთხევლის აფსიდი აქვს. შიგნით საკურთხევლის ჩრდილოეთის და სამხრეთის კედლებში თითო ნახევარწრიული ნიშია გამოკვეთილი: დასავლეთ კედელში გაჭრილი სარკმელი მტკვრის ხეობას გადაჰყურებს. ინტერიერში საბჯენი შეისრული თაღები მარტივ კრონშტაინებზეა დაყრდნობილი. დეკორატიული ელემენტებია: კარიბჭის ცენტრში წრეში ჩასმული რელიეფური ჯვარი და ჩაჭრილსაპირიანი თაღები.
ეკლესია სამალავის დანიშნულებასაც ასრულებდა. მისი კარიბჭიდან გამოკვეთილია ჰორიზონტალური დაბალი გვირაბი, რომელიც ეკლესიის დასავლეთ ნაწილის იატაკში ამოდის. გვირაბი კარიბჭეში ქუსლიანი ქვის კარით იხურებოდა, ხოლო ეკლესიაში — კლდის 2 დიდი ლოდით, რომლებიც ეკლესიის გამოკვეთის პროცესშივეა დამზადებული.
ამჟამად თავკვეთულის ეკლესიასთან მოხვედრა მტკვარზე გადებული ხიდითაა შესაძლებელი. მორწმუნეები აქ 11 სექტემბერს, იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან იკრიბებიან.
ლიტერატურა
რედაქტირება- გაფრინდაშვილი გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 8272