თავადი ბეღლისანგელოზის ჯვარი
თავადი ბეღლისანგელოზის ჯვარი — საკულტო ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხახაბოს ჩრდილო-აღმოსავლეთით. მაღალი კლდის თავზე. ხატის კომპლექსში შედის ბეღელი, საქვაბე და საზარე. ბეღელი ფიქლის მშრალი წყობით ნაშენი, გეგმით ოთხკუთხა ნაგებობაა. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. კარის გვერდით მცირე ზომის თახჩაა დატანებული. აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებში თითო სარკმელია. შენობა გადახურულია ორფერდა, ოთხსაფეხურიანი სახურავით. საქვაბე გეგმით ოთხკუთხაა და ბეღელზე დასავლეთიდანაა მიშენებული. ნაგებია ფიქლის მშრალი წყობით. შესასვლელი აღმოსავლეთიდან აქვს. სამხრეთ კედელში ორი სარკმელია. ჩრდილოეთ კედელთან კერაა. სათავსის შუაში გადახურვის გასამაგრებლად ორი ბოძია აღმართული. გადახურვა ბრტყელია, ბანური. საზარე საქვაბიდან დასავლეთით, ათიოდე მეტრზეა, შემაღლებულ ადგილას. ფიქლის მშრალი წყობით ნაშენი კოშკისებრი ყრუ ნაგებობაა. ზედა ნაწილში გამოყვანილია თაღი, რომელშიც ზარი კიდია. სახურავი ორფერდაა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯინჭარაძე დ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 355.