თავადაზნაურობის დეპუტატთა საკრებულო

თავადაზნაურობის დეპუტატთა საკრებულოსაქართველოში, ქართველ თავად-აზნაურთა პირველი წოდებრივი ორგანიზაცია. შეიქმნა 1803 წელს საქართველოს მთავარმართებლის პ. ციციანოვის ხელმძღვანელობით. დებულებაში განმარტებული იყო ამ ორგანიზაციის დაარსების მიზანი, საარჩევნო ცენზი და არჩევნების ჩატარების წესი. თავადაზნაურობის დეპუტატთა საკრებულოს არჩევნები ტარდებოდა 3 წელიწადში ერთხელ. ირჩევდნენ როგორც „საქართველოს გუბერნიის“ (ქართლ-კახეთის) თავად-აზნაურთა წინამძღოლს — მარშალს, ისე ცალკეული მაზრების თავად-აზნაურთა წინამძღოლებს (მარშლებს). მაზრებისა და გუბერნიის მარშლებს უფლება ჰქონდათ თავადაზნაურობის საჭიროებისათვის ეშუამდგომლათ საქართველოს უმაღლეს მთავრობაში ან რუსეთის მთავრობის უმაღლეს ორგანოებში. თავადაზნაურობის დეპუტატთა საკრებულო მოწყობილი იყო რუსეთის შიდა გუბერნიების თავადაზნაურული ორგანიზაციების მსგავსად. ცარიზმის სოციალურ-პოლიტიკური და საადგილმამულო გეგმები ზოგჯერ ქართველ თავად-აზნაურების ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა, ამიტომ ცარიზმი ანგარიშს უწევდა ქართველ თავადაზნაურთა მხოლოდ იმ მოთხოვნებს, რომლებიც რუსეთის პოლიტიკას შეესაბამებოდა. თავადაზნაურობის დეპუტატთა საკრებულოს ძირითადი საქმიანობა საქართველოში საგუბერნიო და სამაზრო მარშლების არჩევით და თავად-აზნაურების წოდებრივი დოკუმენტების განხილვით იფარგლებოდა. თავადაზნაურობის დეპუტატთა საკრებულოს დაარსებით ცარიზმს სურდა ქართველი თავადაზნაურობა ერთიან, კონსოლიდირებულ წოდებად ჩამოეყალიბებინა, სოციალურ-პოლიტიკურად რუს მემამულე — „პომეშჩიკებთან“ გაეთანაბრებინა და თავის სოციალურ და პოლიტიკურ დასაყრდენად ექცია. დასავლეთ საქართველოში თავადაზნაურთა ასეთი ორგანიზაცია შეიქმნა 1851 წელს, ქუთაისში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გოგოლაძე დ., საქართველოს სოციალურ-ეკონომიური განვითარება გვიანფეოდალურ ხანაში (საადგილმამულო ურთიერთობა). 1800-1864 წწ., თბ., 1971;
  • კიკვიძე ა., საქართველოს ისტორია (XIX ს.), თბ., 1954;