თაგვისებრი მღრღნელები[1]მღრღნელთა გარკვეული ჯგუფების (თაგვისებრთა, ზაზუნასებრთა, მექვიშიების წარმომადგენლების) კრებითი სახელწოდება. ტერმინი გამოიყენება აგრონომიაში, ნადირობათმცოდნეობაში, ეპიდემიოლოგიაში, იშვიათად — ეკოლოგიაში. მათ შორის არიან თაგვები, ვირთაგვები, მემინდვრიები, ზაზუნები, ლემინგები. ბინადრობენ ყველა ბუნებრივ ზონასა და სარტყელში. ხელსაყრელ პირობებში გამოირჩევიან მაღალი ნაყოფიერებითა და სწრაფი მომწიფებით (1,5–2 თვე), სიცოცხლის ხანგრძლივობა 3–4 თვიდან 2 წლამდეა. ბუნებრივ ბიოცენოზებში თაგვისებრი მღრღნელები მტაცებელი ცხოველების, მათ შორის სანადირო-სარეწაო ცხოველების (ყარყუმი, სიასამური, კვერნა, ყარსაღი) ძირითად საკვებს წარმოადგენს, უზრუნველყოფენ მათი პოპულაციების სიმტკიცეს. აგროცენოზებში გვხვდებიან ყველგან, პრაქტიკულად ყველა სასოფლო-სამეურნეო კულტურისა და სავარგულის მავნებლები არიან. ტყის მემინდვრიებს მუდმივად მაღალი რიცხოვნობის დროს შეუძლიათ ტყის განახლების პროცესების დარღვევა. თაგვისებრი მღრღნელები იკვებებიან მცენარეთა ნაწილებით, თესლებით, კენკრით, ნაყოფებით, ქერქით, აგრეთვე ლიქენებით, სოკოებით, იშვიათად — უხერხემლოებითა და მცირე ზომის ხერხემლიანი ცხოველებით.[2]

ადამიანების გვერდით (ნაგებობებში, საცავებში) ცხოვრებისას ჭამენ და აფუჭებენ შენახულ პროდუქტს, ანადგურებენ პლასტიკურ და ხის ტარას, ზიან აყენებენ ელექტროგაყვანილობას, კაბელებს, ავეჯს და თვითონ ნაგებობებსაც. მრავალი თაგვისებრი მღრღნელი საშიში ინფექციის (ზოონოზის) წყაროა, მათ შორის ჰემორაგიული ცხელების თირკმლის სინდრომით, ფსევდოტუბერკულოზის, ტულარემიის, ჭირის და სხვ. მათთან ბრძოლის ღონისძიებებს დერატიზაცია ეწოდება.[2]

სქოლიორედაქტირება

  1. ჭელიძე ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 473–474.
  2. 2.0 2.1 Васильев А. Г. Мышевидные грызуны // Большая российская энциклопедия. т. 21. — М., 2013. — стр. 554.