ზურაბ ზურაბიშვილი

ქართველი მომღერალი.

ზურაბ ზურაბიშვილი (დ. 1 სექტემბერი, 1973, თბილისი) — ქართველი მომღერალი.

ბიოგრაფია რედაქტირება

ბავშვობაში ფოლკლორს ეუფლებოდა, ქართულ ხალხურ სიმღერაზე დადიოდა თემურ ქევხიშვილთან და კოტე მშვიდობაძესთან. სპორტითაც იყო დაკავებული — საფეხბურთო გუნდში მეკარის ფუნქციას ასრულებდა და ორგზის თბილისის ჩემპიონიც გახდა ჭადრაკში. უკვე მოგვიანებით, 14 წლისა კონსერვატორიასთან არსებულ სამუსიკო ექსპერიმენტულ სკოლაში შევიდა, სადაც მისი პედაგოგი პროფესორი ანი ჩიხრაძე იყო. გარდატეხის ასაკში, ხმა რომ არ გაფუჭებოდა, ცოტა ხნით სიმღერას თავი დაანება. ოთხი წელი სწავლობდა ფიზიკის ფაკულტეტზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მაგრამ როგორც კი მისი ხმა ჩამოყალიბდა, ისევ დაუბრუნდა კლასიკურ მუსიკას. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში (1990-1993) კვლავ ანი ჩიხრაძე იყო მისი ხელმძღვანელი.

1994 წელს, მაშინ, როცა ომის შემდეგ საქართველოში ჯერ კიდევ არეული სიტუაცია იყო, ზურაბ ზურაბიშვილი ავსტრიაში გაემგზავრა, რათა მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან მუსიკალურ სასწავლებელში, ზალცბურგის მოცარტერიუმში გაეგრძელებინა სწავლა. გამოცდები საკმაოდ რთული იყო. 170 მსურველიდან მხოლოდ 9 უნდა აერჩიათ. ზურაბს გაუმართლა და სტუდენტი გახდა.

2002 წელს ზურაბ ზურაბიშვილმა წარჩინებით დაასრულა მოცარტერიუმი ხელოვნების მაგისტრის დიპლომით. პედაგოგი: პროფესორი მარტა შარპი. მას გავლილი აქვს მასტერკლასები — ბერნდ ბეიკლთან, შერილ მილნესთან, ლორენ ნუბართან, პაატა ბურჭულაძესთან და სხვა. 2003 წელს ავსტრიის კულტურის მინისტრმა მომღერალი დააჯილდოვა ღირსების ორდენით, რომელიც მთელი ავსტრიის მასშტაბით წელიწადში მხოლოდ ერთ ხელოვანზე გაიცემა. ამის შემდეგ ჰქონდა მოსმენა აუგსბურგის (გერმანია) ოპერაში, სადაც 83 ტენორს შორის გამოარჩიეს და ასე დაიწყო მისი საოპერო კარიერა.

ზურაბის მიერ აუსბურგში ნამღერი პირველი ოპერა იყო დე ალბერტის „შავი ორქიდეა“. სცენაზე გამოსვლის გარდა, გამოიცა დისკი, რომელიც ამ ოპერის ერთადერთი ჩანაწერია და მსოფლიოს მასშტაბით იყიდება. პერსის პარტიას მოჰყვა დონ ხოსე — „კარმენიდან“, ჰერცოგი — „რიგოლეტოდან“, მაკდუფი „მაკბეტიდან“, იდომენეო მოცარტის ამავე სახელწოდების ოპერიდან და კავარადოსი — „ტოსკადან“.

„ტოსკას“ შემდეგ მომღერალმა უკვე ძალიან ბევრი წინადადება და შემოთავაზება მიიღო. მოწვევები ჰქონდა გერმანიის, ავსტრიისა და იტალიის ოპერებიდან, რომელთა სცენებზეც წარმატებით იმღერა. 2006 წლიდან კი გადავიდა დარმშტადტის სახელმწიფო თეატრში, სადაც შეასრულა ისეთი პარტიები, როგორებიცაა: მანრიკო — „ტრუბადურში“, რადამესი — „აიდაში“, კალაფი — „ტურანდოტში“ და მაურიციო „ადრიანა ლეკუვერში“. 2005 წელს ზურაბმა ორმაგი ჯილდო აიღო ავსტრიაში, გრაცში, ტალიავინის სახელობის საერთაშორისო კონკურსზე (Ferruccio Tagliavini), სადაც 400 მონაწილე იყო, კონკურსის ჟიურიში იყვნენ ისეთი ცნობილი ადამიანები საოპერო ხელოვნებაში, როგორებიც არიან — კატია რიჩარელი, ვიტორია ტერანოვა და სხვები.

2010 წლიდან ზურაბ ზურაბიშვილი ესენის ოპერის თეატრის მთავარი ტენორია. ესენის ოპერის თეატრის ორკესტრს დირიჟორობს სტეფან სოლტეზი, რომელიც მსოფლიოს წამყვან საოპერო თეატრებში მოღვაწეობს. სწორედ მისგან მიიღო მომღერალმა ესენის თეატრთან კონტრაქტის დადების შეთავაზება. აღსანიშნავია, რომ მან ეს პირდაპირ სცენაზე გააკეთა, მას შემდეგ რაც მოისმინა ზურაბის მიერ შესრულებული კალაფის პარტია „ტურანდოტში“. ესენში მისი პირველი სპექტაკლი იყო — პუჩინის „ბოჰემა“. სპექტაკლის შემდეგ გამოვიდა ინტერნაციონალური საოპერო ჟურნალი, რომელიც ვენაშიც გამოიცემა, სადაც მომღერლის შესრულებას უმაღლესი შეფასება მისცეს.

ზურაბ ზურაბიშვილის მეუღლე ავსტრიელია. ერთმანეთი ზალცბურგში სწავლის დროს გაიცნეს. სანდრა პროფესიით ხელოვნების ისტორიკოსია. ჰყავთ ქალიშვილი — ლია. სხვათა შორის, ქორწილისთვის წყვილი საგანგებოდ ჩამოვიდა საქართველოში ზაფხულის არდადეგებზე. სანდრა და ლია მართლმადიდებლურად მოინათლნენ, ჯვარი კი მცხეთის ჯვრის მონასტერში დაიწერეს. ქორწილში ძალიან ბევრი სტუმარი ჰყავდათ გერმანიიდან და ავსტრიიდან, რომლებიც მოხიბლულები დარჩნენ საქართველოთი და თბილისით. მათი ოჯახი, ძირითადად, ესენში ცხოვრობს, მაგრამ მომღერალი ბევრს მოგზაურობს, მონაწილეობს სპექტაკლებში გერმანიის, ავსტრიისა და სამხრეთ ამერიკის თეატრებში. მის რეპერტუარშია ოპერები: „ლუიზა მილერი“, „ანდრე შენიე“, „ბოჰემა“, „აიდა“, „ტოსკა“, „მადამ ბატერფლაი“, „ ოტელო“, „ნორმა“, „ტრავიატა“, „ნაბუკო“, „რიგოლეტო“, ანა კარენინა“.

ქართულის გარდა, ზურაბ ზურაბიშვილი ფლობს რუსულ, ინგლისურ, იტალიურ, გერმანულ და ფრანგულ ენებს. ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობასაც, გერმანული მუსიკის კურსი მიჰყავს პეზაროს საერთაშორისო საოპერო აკადემიაში, რომელსაც ქართველი სოპრანო ნინო ლეჟავა ხელმძღვანელობს.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ავსტრიის უმაღლესი ჯილდო, რომელიც წელიწადში ერთხელ გაიცემა კულტურის მინისტრის მიერ, ქართველმა ტენორმა ზურაბ ზურაბიშვილმა მიიღო: ინტერვიუ, ესაუბრა სალომე გველესიანი, თბილისელები, 2010, 15-21 ნოემბერი, №46 (516), გვ. 19

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება