ზოლტან ფაბრი (უნგრ. Fábri Zoltán; დ. 15 ოქტომბერი, 1917 — გ. 23 აგვისტო, 1994) — უნგრელი კინორეჟისორი და სცენარისტი. 1941 წელს დაამთავრა ბუდაპეშტის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1941–1944 წლებში გამოდიოდა ეროვნულ თეატრში, იქვე განახორციელა თავისი პირველი დადგმები (გრილპარცერის „ბატონის ერთგული მსახური“, „ფალსტაფი“, შექსპირის „ჰენრიხ IV“-ის მიხედვით). 1949 წელს ხელმძღვანელობდა ბუდაპეშტის მოზარდ მაყურებელთა თეატრს. მისი როგორც კინორეჟისორის დებიუტი შედგა 1952 წელს (ფილმი „ქარიშხალი“). მთელი უნგრული კინემატოგრაფის საეტაპო ფილმი გახდა „კარუსელი“ (1956), რომელშიც ფაბრიმ ნათლად და ინდივიდუალურად უჩვენა ძველი მსოფლმხედველობისა და მესაკუთრული მორალის მსხვრევა. იგი მუდმივად მიმართავდა სოციალური და პოლიტიკური პრობლემატიკის მნიშვნელოვან თემებს. ფილმებში: „ბატონი ჰანიბალი მასწავლებელი“ (1956), „ანა ეიდეში“ (1958) და „დაუსრულებელი ფრაზის 141 წუთი“ (1974) გაშუქებულია უნგრეთის სამეფოში არსებული სიცოცხლის მხუთავი ატმოსფერო. უნგრული კინოხელოვნების გამორჩეული ნამუშევარია ფაბრის „20 საათი“ (1965), — რეალისტურად ღრმა, ეპიკური გაქნევით, ძველი ცხოვრების წყობილების ნგრევის პროცესის მამხილებელი ფილმი. ფაბრის სხვა ფილმებიდან აღსანიშნავია: „სიცოცხლის ნიშანი“ (1954) „ცისფერი აპრილი“ (1957), „ბიჭები პალის ქუჩიდან“ (1969), „ჭიანჭველების ბუდე“ (1971), „პლუს მინუს ერთი დღე“ (1973), „დაუსრულებელი წინადადება“ (1974) და სხვა. 1976 წელს ფაბრიმ გადაიღო ცნობილი ფილმი „მეხუთე ბეჭედი“, რომელმაც მოსკოვის X საერთაშორისო კინოფესტივალზე მიიღო ოქროს პრიზი, გარდა ამისა, შეყვანილი იყო ბერლინის XXVII საერთაშორისო კინოფესტივალზე, სადაც ნომინირებული იყო „ოქროს დათვზე“. „მეხუთე ბეჭედი“ გადაღებულია ფერენც შანტას ამავე სახელწოდების წიგნის მიხედვით. ფაბრის ფილმმა „დაუსრულებელი ფრაზის 141 წუთი“ მოსკოვის IX საერთაშორისო კინოფესტივალზე მიიღო ვერცხლის პრიზი. ფილმმა „20 საათი“ მოსკოვის IV საერთაშორისო კინოფესტივალზე მიიღო მთავარი პრემია. ფაბრის ფილმმა „ბიჭები პალის ქუჩიდან“ მოსკოვის საბავშვო ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალზე მიიღო მთავარი პრემია. ზოლტან ფაბრი გარდაიცვალა გულის შეტევით.

ზოლტან ფაბრი

ზოლტან ფაბრი
დაბადების თარიღი 15 ოქტომბერი, 1917
ბუდაპეშტი
გარდაცვალების თარიღი 23 აგვისტო, 1994 (76 წლის)
ბუდაპეშტი
მოქალაქეობა უნგრეთის დროშა უნგრეთი
საქმიანობა კინორეჟისორი
სცენარისტი
აქტიური 1951–1983

ლიტერატურა რედაქტირება

  • Nаdаsу L. Fabri Zoltan. [Bdpst, 1974].

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება