ზიარის ღვთისმშობლის ეკლესია

ზიარის ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, დგას გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიარის შუაში, განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია (4,5x3,3 მ), ნაგებია სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვითა და რიყის ქვით. გარეთა კუთხეებში გამოყენებულია შედარებით წესიერი ფორმის ლოდები. წყობა ირეგულარულია. ძლიერ დაზიანებულია. მთლიანადაა ჩამონგრეული კამარა, მონგრეულია კედლების ზედა ნაწილები. 1990 წელს სოფლის მაცხოვრებლებს ეკლესიის აღდგენა დაუწყიათ, მაგრამ აღარ დაუმთავრებიათ.

ერთადერთი შესასვლელი დასავლეთიდანაა (ორივე წირთხლი ნატეხი ქვითა და ცემენტის ხსნარითაა აღდგენილი), კარი კვადრატული აგურით ნაწყობი ნახევარწრიული თაღითაა გადახურული. აღმოსავლეთით ნახევარწრიულ აფსიდში, მაღალი, ბრტყლად გადახურული სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თითო მცირე ზომის ნიშაა. ჩრდილოეთით მდებარე ნიშა სწორკუთხაა, სამხრეთით მდებარე კი – თაღოვანი. სარკმელის ქვემოთ კედელზე მიყრდნობილი ოთხწახნაგა ტრაპეზია. აფსიდი გადახურულია წვრილი ნატეხი ქვით ნაწყობი კონქით (სამხრეთ ნახევრის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩამონგრეულია), რომლის თაღს კვერცხისებრი ფორმა აქვს. ეკლესიის გრძივი კედლები სადაა. დასავლეთ კედლის ზედა ნაწილში თარაზულად გადახურული დაბალი სარკმელია. ინტერიერის ნაწილი ტლანქადაა მობათქაშებული ცემენტით.

ლიტერატურა

რედაქტირება