ზენობნის მაცხოვრის ამაღლების ეკლესია

(გადამისამართდა გვერდიდან ზენობნის მაცხოვრის ეკლესია)

ზენობნის მაცხოვრის ამაღლების ეკლესია — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი იმერეთის მხარეში, სოფელ კურსებში ზედა უბანში, სასაფლაოზე. თარიღდება X-XI საუკუნეების მიჯნით.

ძეგლის აღწერა რედაქტირება

დარბაზული შენობის კამარის საბჯენი თაღი გრძივ კედლებზე მოთავსებულ თითო პილასტრს ეყრდნობა. ფასადები თლილი კვადრებით არის მოპირკეთებული. სამხრეთი კარის წნულით მოჩარჩოებულ ზღუდარზე ამოკვეთილი სამსტრიქონიანი წარწერა ახლა თითქმის აღარ გაირჩევა. დასავლეთ ფასადზე მდიდრული შემკულობა შემონიახა. სარკმლის თავზე გამოკვეთილია ბოლოებგაფართოებული განედლებული ჯვარი, მის ზეით კი გადანაკეცებიანი, სამკუთხა ფოთლების მწკრივით მორთული თავსართი. ეკლესიის თაროსებრი კარნიზის ქვემოთ, გრძივ ფასადებზე სიმეტრიულადაა ამოზიდული სკულპტურული გამოსახულებები: სამხრეთ ფასადზე — ხარი და ვერძი, ჩრდილოეთისაზე — ლომი და არწივი. ეკლესიის აღმოსავლეთი და ჩრდილოეთის სარკმლების პროფილირებული საპირეები გაკეთებულია XIX საუკუნის ბოლოს. ეკლესიის თავდაპირველი ორმხრივი გელერეა სამხრეთიდან და დასავლეთიდან XI საუკუნეშივე შეიცვალა დახურული დასავლეთი კარიბჭით. მისი შესასვლელის თავზეც მოჩუქურთმებული განედლებული ჯვარია გამოკვეთილი, ხოლო მის ზემოთ — წრეების ხლართით გამოყვანილი თავსართი.

ეკლესიის მოხატულობა XIII საუკუნის I ნახევრით თარიღდება. ე. წ. პროვინციული წრის მხატვრობა სტილისტური ნიშნებითა და იკონოგრაფიული თემების შერჩევით დიდ მსგავსებას ავლენს სოფელ კისორეთის წმინდა გიორგის ეკლესიისა და გელათის წმინდა გიორგის ეკლესიის სამხრეთ-დასავლეთის მოხატულობასთან, რაც იმ დროისათვის გელათიდან მომდინარე ერთიანი მხატვრული ტრადიციის არსებობას ცხადყოფს. აღსანიშნავია, რომ ტრადიციულ საუფლო სცენებთან ერთად აქ წარმოდგენილია ისეთი იშვიათი გამოსახულებებიც, როგორიცაა წმინდა გიორგის მიერ მკვდრის აღდგინება, წმინდა ევსტათესა და წმინდა პეტრე ალექსანდრიელის ხილვები. ეკლესიის ეზოს აქვს ძველი კარიბჭე. მასზე დაშენებული იყო სამრეკლო, რომელიც არ შემოინახა.

ლიტერატურა რედაქტირება

  • „ქუთაისი: საქართველოს ძველი ქალაქები“, თბ., 2006, გვ. 150

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 8559