ზემო სნეკვის წმინდა გიორგის ეკლესია

ზემო სნეკვის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი,საკულტო ნაგებობა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო სნეკვში. აგებულია IX-X საუკუნეებში. ეკლესია ნაგებია სხვადასხვა ზომის, მოწითალო, უხეშად თლილი ქვით. ალაგ-ალაგ წყობა შევსებულია რიყის ქვით.

დარბაზული ეკლესია გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს, აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდით, რომლის ცენტრში გაჭრილია თაღოვანი სარკმელი. სარკმლის ძირში მასიური ტრაპეზის ქვაა. აბსიდის ჩრდილოეთით და სამხრეთით შეისრულთაღიანი ნიშებია. სატრიუმფო თაღი აბსიდის მხრებს ეყრდნობა. კონქი ნახევარსფერულია.

გრძივი კედლები სამსსაფეხურიანი პილასტრებით ორ თანაბარ ნაწილად იყოფა. ნახევარცილინდრული კამარის საბრჯენი თაღი პილასტრების ცენტრალურ საფეხურს ეყრდნობა. ჩრდილოეთი და სამხრეთი კედლების თაღები პილასტრის გვერდით საფეხურებს ებჯინება. დასავლეთი კედლის თაღები კრონშტეინებს ეყრ-დნობა.

სამხრეთ, დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებს ერთსაფეხურიანი კარნიზი გასდევს. დარბაზი ნათდება აღმოსავლეთის და დასავლეთის თაღოვანი სარკმლებით. დასავლეთის თაღოვანი შესასვლელი ამოშენებულია. სამხრეთის შესასვლელი შიგნით თაღოვანი, გარედან — არქიტრავულია, ოდნავ შეღრმავებული ტიმპანის ქვით.

დასავლეთის კარის ორივე მხარეს მაღალი, თაღოვანი ნიშებია. ეკლესიის დასავლეთ სარკმელს შირიმის ქვები აჩარჩოებს. აღმოსავლეთ სარკმელს ორმაგი წარბი აქვს. წარბის ზემოთ ტოლმკლავა ჯვრის რელიეფური გამოსახულებაა. ეკლესიის ფასადები შელესილი იყო. კარნიზი მარტივპროფილიანია. საბურავად გამოყენებულია კრამიტი. ეკლესიას სამხრეთიდან გეგმით სწორკუთხა მინაშენი აქვს. მინაშენის კედლების სიმაღლე 2-2,5 მეტრს აღწევს. მინაშენში შესასვლელი სამხრეთიდანაა.

კედლები დაბზარულია. ბათქაში მრავალ ადგილას ჩამოცვენილია, სახურავზე ამოსულია მცენარეები. ჩრდილოეთი ფასადი თითქმის პერანგშემოცლილია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიხვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ., 99-100