ზემო უბანი

(გადამისამართდა გვერდიდან ზემო კალა)
დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო უბნის შესახებ, იხილეთ ზემო უბანი (დუშეთის მუნიციპალიტეტი).

ზემო უბანი — შუა საუკუნეების თბილისის ბირთვის — კალას ერთ-ერთი ნაწილი, მტკვრის მარჯვენა ნაპირზე. კალას ქვემო უბნისგან მას შუაბაზარი ჰყოფდა.

ზემო უბანი მდებარეობდა ახლანდელი კონსტანტინე აფხაზის (ყოფ. ლესელიძის), ბარათაშვილის ქუჩებსა და მტკვრის კალაპოტს შორის. ქვემო უბნისგან მას შუაბაზარი ჰყოფდა, ახლა კი ის კალას ცენტრალური არტერიის — კ. აფხაზის ქუჩის მარცხნივ მდებარეობს. ზემო უბნის ისტორიული ცენტრია ახლანდელი ერეკლე II-ის მოედანი (ადრინდელი ბატონის მოედანი).

ზემო უბანში განლაგებული იყო დიდი ქარვასლები, ქართული ტაძრები: სიონის, ნათლისმცემლის, ანჩისხატის, კვირაცხოვლის, წმ. გიორგის სასახლისეული, ქრისტეშობის, მეფის და მეფის ოჯახის სასახლეთა კომპლექსები, კათალიკოსის და ეპისკოპოსთა ადგილსამყოფლები, ქსნის ერისთავის, ციციშვილის, ზედგინიძის, აბაშიძის და სხვათა სახლები, სომხური ეკლესია სურბ-ნიშანი. ბატონის მოედნის სამხრეთით, გრძელი ბაზრის ქუჩაზე (რასტაბაზარი) გამოდიოდა როსტომ მეფის მიერ აგებული მეჩეთი.

ზემო უბანში, მტკვრის პარალელურად გადიოდა თბილისის უმთავრესი სავაჭრო და საზოგადოებრივი მაგისტრალი, რომლის შუაწელზე ბატონის მოედანი მდებარეობდა. ეს მაგისტრალი ემთხვევა ამჟამინდელი სიონის, ერეკლესა და შავთელის ქუჩების ხაზს.

ლიტერატურა რედაქტირება

  • კვირკველია, თ., ძველთბილისური დასახელებანი, გვ. 42-43. «საბჭოთა საქართველო», თბ., 1985