ზემო ალვანის ღვთისმშობლის ეკლესია

ზემო ალვანის ღვთისმშობლის ეკლესიაეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს სოფელ ზემო ალვანის ჩრდილო-დასავლეთით, სასაფლაოზე. სამშენებლო წარწერის თანახმად, აგებულია 1854 წელს.

ეკლესია დარბაზულია (9,5 X 6,8 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. წყობა ირეგულარულია. კამარა, საბჯენი თაღები და კონქი აგურითაა გამოყვანილი. 1986 წელს ადგილობრივ მოსახლეობას ეკლესია კრამიტით გადაუხურავს, კედლები კი - შეულესავთ და შეუთეთრებიათ. ეკლესიაში შესასვლელები სამხრეთიდან და დასავლეთიდანაა. შესასვლელებს აგურით ნაწყობი შეისრული თაღი ხურავს და ორივე მხრიდან სწორკუთხა შეღრმავებაში არიან ჩასმული. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდაა, რომლის ღერძზე ერთი თაღოვანი სარკმელია; სარკმლის ორივე მხარეს თითო, გეგმით ნახევარწრიული, თაღოვანი ნიშია. აფსიდში ქვის ტრაპეზი დგას. აფსიდა გადახურულია წესიერი ფორმის კონქით, რომელშიც ორი რეზონატორია (ქვევრის მოყვანილობის თიხის პატარა ჭურჭელი) ჩასმული. ორ-ორი რეზონატორი კამარის ფერდებშიცაა. საკურთხეველი დარბაზის იატაკზე მაღალია ერთი საფეხურით და წინიდან ნახევარწრიული ამბიონი ეკვრის. დარბაზის გრძივ კედლებში თითო თაღოვანი სარკმელია ნახევარწრიული კამარის საბჯენი თაღები გრძივი კედლების სამ წყვილ პილასტრს ეყრდნობა, შუა და დასავლეთ კედლის თაღის ქუსლები კი - მარტივი პროფილის იმპოსტებს. განივ ფასადებზე, ფრონტონის ძირის დონეზე, გამოსახულია წითლად შეღებილი თითო შეღრმავებული ჯვარი. დასავლეთ ფასადზე, შესასვლელსა და ჯვარს შორის მდებარე სწორკუთხა შეღრმავებაში ჩასმულ ქვიშაქვის ფილაზე, მხედრული სამშენებლო წარწერაა. ამავე ფასადის ფრონტონის წვერზე, ოთხ მხარეს ვიწრო თაღებით გახსნილი აგურის სამრეკლოა დაშენებული. ეკლესიის კედლები დასრულებული იყო აგურით ნაწყობი ორსაფეხურიანი ლავგარდნით, რომლისგანაც შემორჩენილია მცირე ნაწილი.

ლიტერატურა რედაქტირება