ზედაცხოველის ეკლესია

ზედაცხოველის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყის დასავლეთით, 3 კილომეტრზე, ტყეში. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია (6,3x4,7 მეტრი). 1990–იანი წლების ბოლოს ადგილობრივმა მოსახლეობამ აღადგინა (საკმაოდ დაუდევრად), შიგნით არაწესიერი ფორმის სხმული კამარით გადახურეს, ხოლო გარედან – კრამიტის ორფერდა სახურავით.

ეკლესიის ძველი ნაწილი (შემორჩენილია საკურთხეველი – თითქმის მთელ სიმაღლეზე და დანარჩენი კედლების მცირე ნაწილები) ნაგებია საშუალო ზომის რიყისა და ნატეხი ქვით. წყობა ირეგულარულია. წყობაში აქა–იქ ლოდებია ჩართული.

ერთადერთი შესასვლელი ეკლესიას დასავლეთიდან ჰქონია (აღდგენილია). აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, რომლის ღერძზე სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი, სარკმლის ორივე მხარეს ორ–ორი პატარა სწორკუთხა ნიშაა, ხოლო ქვემოთ, კედელზე, ქვითკირის ოთხწახნაგა ტრაპეზია მიდგმული. გრძივი კედლების აღდგენილ ნაწილში ჩატანებულია მოზრდილი ლოდები, რომელზეც გამოსახულია სხვადასხვაგვარი ჯვრები, ასომთავრული და მხედრული წარწერებით.

ლიტერატურა რედაქტირება