ვოლგისპირა მაღლობი
ვოლგისპირა მაღლობი (რუს. Приволжская возвышенность) — მაღლობი რუსეთში, აღმოსავლეთ ევროპის ვაკის აღმოსავლეთით, მდინარე ვოლგის შუა დინების მარჯვენა ნაპირის გასწვრივ. გადაჭიმულია ქალაქ ნიჟნი-ნოვგოროდიდან (ჩრდილოეთით) ქალაქ ვოლგოგრადამდე (სამხრეთით). აღმოსავლეთით ციცაბო კალთებითაა შეჭრილი ვოლგაში, დასავლეთით დამრეცად დაბლდება ოკა-დონის ვაკისკენ. სიმაღლე 370 მეტრამდე (ჟიგულის მთები).[1]
ვოლგისპირა მაღლობი | |
---|---|
კოორდინატები: 53°07′ ჩ. გ. 46°36′ ა. გ. / 53.117° ჩ. გ. 46.600° ა. გ. | |
ქვეყანა | რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | პენზის ოლქი ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქი თათრეთი ჩუვაშეთი |
სიმაღლე | 384 მ |
სიგრძე | 500 კმ |
სიგანე | 810 კმ |
ჭარბობს მეწყრებით გართულებული ეროზიული რელიეფი მრავალი ღრმა ხრამითა და ხევით; ადგილ-ადგილ — კარსტული რელიეფის ფორმები (ძაბრები, ღრმულები, მღვიმეები, ჩანაქცევები).[1] მაღლობის ზედაპირი შედარებით ადვილად მსხვრევადი მთის ქანებისგან: თიხისგან, მერგელისგან, ქვიშაქვისგან და ცარცისგან შედგება. ასევე, შედგება პალეოგენური, ტრიასული და იურული ეპოქის ქანებისგან. მიმდებარე რაიონებში უფრო რთული და ძველი დანალექი ქანებიც გვხვდება — ქვანახშირის კირქვა და პერმის ქვიშაქვა. მაღლობის კრისტალური ფუნდამენტი ღრმადაა დაწეული (800 მეტრზე მეტი).[2]
ცალკეულ, ყველაზე მეტად ამაღლებულ მონაკვეთებს მთები ეწოდება: ხვალისნკის, ზმეევის, ჟიგულის და სხვ. წარმოადგენს მდინარეების ვოლგისა და დონის წყალგამყოფს.[1] ჩრდილოეთით ფართოფოთლოვანი ტყეებია, რომელსაც ენაცვლება ტყესტეპი, სამხრეთ ნაწილში სტეპია;[3] დიდი ნაწილი იხვნება. ცნობილია ნავთობის, საწვავი აირისა და ფიქლების, ფოსფორიტების და სხვათა საბადოები. ტერიტორიის ნაწილი შედის ჟიგულის ნაკრძალის და სამარსკაია-ლუკას ბუნების ეროვნული პარკის შემადგენლობაში.[1]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 Приволжская возвышенность // Большая российская энциклопедия. т. 27. — М., 2015. — стр. 470.
- ↑ Энциклопедия | Приволжская возвышенность
- ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 443.