ვილჰელმ კაიტელი
ვილჰელმ ბოდევინ იოჰან გუსტავ კაიტელი (გერმ. Wilhelm Bodewin Johann Gustav Keitel) ( * 22 სექტემბერი 1882, ჰელმშეროდე (ქვემო საქსონია), გერმანია; † 16 ოქტომბერი 1946, ნიურნბერგი, გერმანია) — გერმანელი სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე, გენერალ-ფელდმარშალი, ვერმახტის მთავარსარდალი 1938 - 1945 წწ.
ბიოგრაფია
რედაქტირება- 1882 - 22 სექტემბერი: კარლ კაიტელს და მის მეუღლეს აპოლონია ფისერინგს შეეძინათ ვაჟი ვილჰელმი.
- 1901 - გეტინგენის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ კაიტელმა შევიდა ვოლფენბიუტელის საარტილერიო პოლში.
- 1902 - მიენიჭა არტილერიის ლეიტენანტის წოდება.
- 1908 - იგი დაინიშნა პოლკის ადიუტანტად.
- 1909 - ქორწინება ლიზა ფონტენზე, რომელთანაც მას ხუთი შვილი შეეძინა.
- 1914 - პირველი მსოფლიო ომის დასაწყისითანავე გამწესებულ იქნა დასავლეთ ფრონტზე.
- 1915 - კაიტელი სამუშაოდ გადაიყვანეს გენერალ შტაბში.
- 1917 - მსახურობდა სხვადასხვა თანამდებობებზე ფლანდრიაში, სადაც მძიმედ იქნა დაჭრილი.
- 1919 - მიენიჭა ჰაუპტმანის წოდება და სამსახური დაიწყო რაიხსვერში.
- 1920 - 1922 - ასწავლიდა ტაქტიკას ჰანოვერის საკავალერიო სკოლაში.
- 1922 - 1925 - გადაყვანილ იქნა საარტილერიო პოლკის ბატარეის უფროსად ქ. მინდენში.
- 1925 - 1927 - მიენიჭა მაიორის წოდება და მუშაობდა რაიხსვერის სამინისტროში სახმელეთო ჯარების განყოფილების საზღვრის დაცვის ჯგუფის ხელმძღვანელად.
- 1927 - 1929 - მსახურობდა საარტილერიო პოლკის განყოფილების მეთაურად.
- 1929 - 1933 - კაიტელი სახმელეთო ჯარების საორგანიზაციო განყოფილების ინფანტერიის ქვეგანყოფილების უფროსად მუშაობდა.
- 1931 - მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება.
- 1933 - დაინიშნა რაიხსვერის ინფანტერიის მეთაურად.
- 1934 - გადაყვანილ იქნა დივიზიის მეთაურად ბრემენში.
- 1935 - დაინიშნა რაიხის სამხედრო საქმეთა სამინისტროში (გერმ. Reichskriegsministerium ) ვერმახტის განყოფილების შეფად.
- 1937 - კაიტელი გენერალი გახდა.
- 1938 - „ფრიჩ-ბლომბერგის-საქმის“ შემდეგ გადამდგარი ბლომბერგის თანამდებობა - ვერმახტის უმაღლესი მთავარსადლის პოსტი - ჰიტლერმა დაიკავა, ხოლო არმიის ხელმძღვანელობა კაიტელს ჩააბარა. იგი დანიშნულ იქნა ვერმახტის უმაღლესი მთავარსადლობის (OKW) შეფად.
- 1939 - მეორე მსოფლიო ომში კაიტელი მოექცა ჰიტლერისა და ვერმახტის მთავარსარდლობის დაპირისპირების შუაგულში. რაკი მისი ლოიალურობა ფიურერისადმი უსაზღვრო იყო, ამიტომ მან ამ კონფლიქტში ჰიტლერის მხარე დაიკავა, რითაც ვერმახტის გენერლების ზიზღი დაიმსახურა. იმავე წელს ჰიტლერმა კაიტელი დააჯილდოვა „NSDAP-ის ოქროს პარტიული ნიშნით“.
- 1940 - მიენიჭა გენერალ-ფელდმარშლი წოდება.
- 1941 - 1945 - სამხერდო არგუმენტებიდან გამომდინარე კაიტელი თავდაპირველად უარყოფდა სსრკ-ზე თავდასხმას, მაგრამ შემდგომში, როგორც ჰიტლერის უახლოესი სამხედრო მრჩეველი პირადად ხელმძღვანელობდა დანაშაულებრივ ომს აღმოსავლეთ ფრონტზე. „დათმობა დანაშაულია გერმანელი ხალხის შინაშე“ - ამ ფრაზით ამართლებდა იგი მასობრივ მკვლელობებს, გენოციდს და „ბრძანებას კომისართა შესახებ“ (გერმ. Kommissarbefehl ) პოლონეთში და სსრკ-ში.
- 1945 - 9 მაისი: როგორც გროსადმირალ დენიცის წარმომადგენელი კაიტელმა ხელი მოაწერა ვერმახტის უსიტყვო კაპიტულაციას წითელი არმიის წინაშე ბერლინ-კარლსჰორტში. 13 მაისი: იგი მესამე რაიხის მთავრობასა და ვერმახტის მთავარსარდლობასტან ერთად ტყვედ ჩაბარდა ბრიტანელებს ფლენსბურგში და გადაეცა მთავარ სამხედრო დამნაშავეთა ტრიბუნალს ნიურნბერგში.
კაიტელის საქმის განხილვა ნიურნბერგის პროცესზე ყველაზე მოკლევადიანი იყო. მის მიერ ჩადენილი დანაშაულები იმდენად შემზარავი და სასტიკი, ხოლო ამ დანაშაულებებს დამამტკიცებელი ფაქტები იმდენად ნათელი იყო, რომ ადვოკატები შიშობდენენ მარტო ამისათვის შეეძლო ტრიბუნალს „ვერმახტი“ და „გენერალური შტაბი“ დანაშაულებრივ ორგანიზაციებად გამოეცხადებინა.
- 1946 - 1 ოქტომბერი: სამხედრო ტრიბუნალმა გენერალ-ფელდმარშალი ვილჰელ კაიტელი მის წინააღმდეგ წაყენებული დანაშაულის ყველა ოთხივე პუნქტში დამნაშავედ ცნო და სიკვდილით დასჯა ჩამოხრჩობით მიუსაჯა. 12 ოქტომბერი: კაიტელმა ტრიბუნალს თხოვა ჩამოხრჩობა დახვრეტით შეეცვალათ, როგორც ეს სამხედრო პირს შეეფერებოდა. მის ამ თხოვნას მხარს უჭერდა ფრანგული მხარეც. თხოვნა გათვალისწინებულ არ იქნა და სასჯელი შესრულდა 16 ოქტომბერს 1 საათსა და 20 წუთზე ნიურნბერგის ციხეში.
ვილჰელმ კაიტელის ბოლო სიტყვები იყო: „მე მივმართავ ყოვლისშემძლეს ღმერთს და ვთხოვ მოწყალი იყო გერმანელი ხალხის მიმართ. ჩემამდე ორ მილიონზე მეტი მებრძოლი დაიღუპა სამშობლოსათვის ბრძოლაში. მეც ჩემს „შვილებს“ მივყვები. ყველაფერი გერმანიას!“ (გერმ. „Ich rufe den Allmächtigen an und bitte ihn, barmherzig mit dem deutschen Volk zu sein. Mehr als zwei Millionen Soldaten sind vor mir für das Vaterland gefallen. Ich folge meinen Söhnen nach. Alles für Deutschland.“)
ვილჰელმ კაიტელის ფერფლი ამერიკელმა მფრინავებმა ცაში მიმოაბნიეს.